სხვა სამართალი ძველ ეგვიპტეში 2023, 15 აგვისტო, 11:42 ძველ ეგვიპტეში დამნაშავეებს რელიგიური და მორალური კანონებით ასამართლებდნენ. ამასთან, ბრალდებული, მხოლოდ ცოცხალი კი არა, მიცვალებულიც შეიძლებოდა ყოფილიყო — ასეთ პროცესს «სხვა სამყაროს სასამართლო» ერქვა და იმ დროს, ეს ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. ეგვიპტელებს, ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის, თავისი ღვთაება ჰყავდათ და მათ შორის, მართლმსაჯულების ქალღმერთი — მაატიც იყო, რომელიც ჭეშმარიტების, წესრიგის და კანონიერების მფარველად ითვლებოდა. გარდა ამისა, ეგვიპტელებისთვის, მაატი სამყაროში წესრიგის სიმბოლოდაც ითვლებოდა, რომლის გარეშე, მათი აზრით, საზოგადოებაში და ბუნებაში, ქაოსი დაიწყებოდა. ამიტომ, ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩადიოდა, ამით ზიანს მხოლოდ მსხვერპლს კი არ აყენებდა — ის თავისი ქმედებით, კოსმოსურ ჰარმონიასაც არღვევდა. ძველ ეგვიპტეში ჩადენილი ყველა დანაშაული ორ კატეგორიად იყოფოდა: პირველში, საზოგადოების წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტება, — მკვლელობა, ქურდობა, ყაჩაღობა და მრუშობა შედიოდა. ხოლო, მეორე, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებს — მექრთამეობას, სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმას, ქვეყნის ღალატს, სახელმწიფო ქონების დატაცებას და მკრეხელობას აერთიანებდა. ქვეყანაში, თითქმის მთელი ძალაუფლება ფარაონის ხელში იყო კონცენტრირებული და ეგვიპტის სახელმწიფოებრიობის გარიჟრაჟზე, დამნაშავის ბედს სწორედ ის წყვეტდა. ხოლო, მოგვიანებით, ამ მიზნებისთვის, სპეციალური დაწესებულებები შეიქმნა. მაგრამ, ფარაონები მართლმსაჯულებას სრულად არ ჩამოშორებიან. ისინი რთულ და გახმაურებულ პროცესებში მონაწილეობას ყოველთვის იღებდნენ. დანაშაული და სასჯელი მკვლელობა. ადამიანს სიცოცხლე ღმერთისგან ეძლევა და ვინც სხვას მოკლავდა, თავადაც სიკვდილის ღირსი იყო — ასე თვლიდნენ ძველ ეგვიპტეში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ერთმანეთისგან განზრახ და არაგანზრახ მკვლელობას ასხვავებდნენ: არაგანზრახ მკვლელობის შემთხვევაში, ბრალდებულს მსხვერპლის ოჯახისთვის, კომპენსაციის სახით, ჯარიმა უნდა გადაეხადა, განწმენდის რიტუალი გაევლო და სახლში დაბრუნება, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო. რაც შეეხება განზრახ მკვლელობას და სასამართლო განაჩენის აღსრულებას, — ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაზე იყო დამოკიდებული. მაგ., ადამიანს, რომელიც საკუთარი მშობლის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული, ჯერ აწამებდნენ და სიკვდილით მხოლოდ ამის შემდეგ სჯიდნენ. ხოლო, შვილის მკვლელობისთვის, ბრალდებულს წამების შემდეგ, მსხვერპლის გვამზე აბამდნენ და 3 დღე მზის გულზე სვამდნენ. მას სიკვდილით, მხოლოდ გვამის გახრწნის დაწყების შემდეგ სჯიდნენ. სხვა შემთხვევებში კი, თუ მკვლელს მსხვერპლთან ნათესაური კავშირი არა ჰქონდა, დამნაშავე მდინარეზე მიჰყავდათ და შესაჭმელად, ნიანგებს უგდებდნენ. ზოგჯერ კი, სიკვდილმისჯილის მიმართ განსაკუთრებულ გულმოწყალებას იჩენდნენ და მას თვითმკვლელობის უფლებას აძლევდნენ. ძველ ეგვიპტეში სიკვდილით, ადამიანის მკვლელობის გარდა, წმინდა ცხოველის ან ფრინველის (მაგ., კატის ან საღვთო ივეოსი) მოკვლისთვისაც ისჯებოდნენ. კიდევ ერთი დანაშაული, ამ კატეგორიაში, რომლის ჩადენისთვისაც სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოჰქონდათ, დანაშაულის დაფარვა იყო. მკვლელობის მოწმეს, თუ ის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას დამალავდა, ხშირ შემთხვევაში, დამნაშავესთან ერთად, სიკვდილით სჯიდნენ. მრუშობა. ეგვიპტეში მრუშობა რელიგიურ დანაშაულად ითვლებოდა და სიკვდილის დსჯით ისჯებოდა. ამ სახის დანაშაულში, მამაკაცის გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობები იგულისხმებოდა. მაგრამ, კანონის მიხედვით, მხოლოდ მამაკაცი ისჯებოდა. ღალატში მხილებული ქალის ბედი კი, ქმრის გადასაწყვეტი იყო. მას შეეძლო ცოლისთვის ეპატიებინა, ან თავად დაესაჯა. ქურდობა და ყაჩაღობა. აღნიშნული დანაშაული, ძველ ეგვიპტეში, ჩვეულებრივ, ჯარიმით ისჯებოდა. ამასთან, თანხა, მოპარული ნივთის ღირებულების სამმაგი ოდენობის იყო. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ნივთი კერძო პირის ან საზოგადოებრივი საკუთრებას იყო. მაგრამ, თუ ის სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ჯარიმის ოდენობა, ნივთის ღირებულებას, 180-ჯერ აღემატებოდა! გარდა ამისა, დამნაშავეს, თავისი ქმედების გამო, ბოდიში საჯაროდ უნდა მოეხადა და პირობა დაედო, რომ მსგავს საქციელს აღარ გაიმეორებდა. ხანდახან, ისეც ხდებოდა, რომ ქურდი «აღსარების» შემდეგ, შეკრებილი ბრბოს აგრესიის მსხვერპლი ხდებოდა — მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ზოგჯერ, ეს მისი დასახიჩრებით და სიკვდილითაც კი სრულდებოდა. თუმცა, სასიკვდილო დარტყმებს განზრახ არ აყენებდნენ, რადგან მას ჯერ მოპარული ნივთი უნდა დაებრუნებინა და ჯარიმა გადაეხადა ან გამოემუშავებინა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დანაშაულს არ აღიარებდა და არ მოინანიებდა, მას გამოუსწორებლად მიიჩნევდნენ და ნიანგებთან, მდინარეში აგდებდნენ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ადამინი დანაშაულს არ აღიარებდა და არ მოინანიებდა, მას გამოუსწორებლად მიიჩნევდნენ და ნიანგებთან, მდინარეში აგდებდნენ. კორუფცია. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ქრთამს სახელმწიფო მოხელეები, თითქმის არასდროს იღებდნენ, რადგან ასეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თანამდებობის პირს სამუშაოდან სირცხვილით აგდებდნენ და გლეხის სტატუსამდე აქვეითებდნენ. გარდა ამისა, მას სახელმწიფოსთვის, თავისი ქმედებით მიყენებული ზარალიც უნდა აენაზღაურებინა. და თუ მსგავსი დანაშაულის ერთეული შემთხვევები მაინც ხდებოდა, საქმე სასამართლომდე არ მიდიოდა, რადგან ხშირ შემთხვევაში, ქრთამის აღებაზე, არც მოსამართლეები ამბობდნენ უარს. სახელმწიფო ღალატი. ყველა დანაშაული, ჩადენილი სახელმწიფოს და განსაკუთრებით, ფარაონის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ, მკაცრად ისჯებოდა. ნებისმიერი ფენის წარმომადგენელი, მსგავსი დანაშაულისთვის, სიკვდილით ისჯებოდა, მათ შორის, ფარაონის ოჯახის წევრები და მეუღლეც კი. ხოლო, განაჩენის სისრულეში მოყვანის ყველაზე გავრცელებული მეთოდი, დამნაშავის ნილოსში გადაგდება იყო. სამარხების ძარცვა. სამარხების და ტაძრების მძარცველებისადმი, ეგვიპტელი მოსამართლეები ისეთივე სიმკაცრეს იჩენდნენ, როგორც სახელმწიფოს მოღალატეებისადმი. როგორც ცნობილია, ფარაონებს, უმაღლესი ფენის წარმომადგენლებს და მდიდრებს, სამარეში ძვირფას ნივთებს ატანდნენ, რომლებიც მძარცველებისთვის, ყოველთვის «გემრიელ ლუკმად» ითვლებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოროტმოქმედებს არც ფარაონები ჩამორჩებოდნენ — როდესაც ხაზინა ცარიელდებოდა, მმართველს თავისუფლად შეეძლო, თავისი წინამორბედის სამარხში «შენახული» ძვირფასეულობის გამოყენება. მაგრამ, ეს უკვე სამარხის ძარცვა კი არა, — სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე იყო და მსგავსი ფაქტების აფიშირება არასდროს ხდებოდა. სამარხების გარდა, მძარცველები არც ტაძრების ძვირფას ნივთებზე ამბობდნენ უარს — იპარავდნენ ყველაფერს, მათ შორის წმინდა ცხოველებსაც კი. თუ ტაძრიდან მოპარულ ხარს, კატას ან ივეოსს ქურდი გაყიდდა, მას სიკვდილით სჯიდნენ. ხოლო, თუ თავისთვის დაიტოვებდა, დამნაშავეს ცხვირს აჭრიდნენ და ამათრახებდნენ (მინიმუმ, 100 დარტყმა გარანტირებული ჰქონდა). გარდა ამისა, ქურდობაში მხილებულს, ტაძრისთვის მიყენებული ზარალი ასმაგად უნდა აენაზღაურებინა. არხის სხვა სიახლეები:* თუ არაფერი შეიცვალა, 2030 წლიდან პლანეტაზე შეუქცევადი პროცესები დაიწყება...* "ქალის ტვინიანი" ცეზარი და სქესთა შორის აზროვნების განსხვავების მიზეზი* ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად238 3-ს მოსწონს
|