დასვენება საქართველოში კურორტი შოვი აღარ არსებობს - გავიხსენოთ მისი დაარსების ისტორია 2023, 6 აგვისტო, 19:01
კურორტი შოვი მდებარეობდა მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრზე, ონიდან 30 კილომეტრში.
შოვში კურორტის დაარსების მოთავე ექიმი შამშე ლეჟავა ყოფილა. XIX ს-ის დასაწყისში, ვენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მას ფეხით მოუვლია ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი და მიზნად დაუსახავს, მშობლიურ ამბროლაურშიც შეექმნა მსგავსი დონის კურორტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე შამშე ლეჟავა ადგილის შერჩევას შეუდგა და ამისთვის ყველაზე შესაფერისად შოვი მიიჩნია. კურორტის მოწყობა XX ს-ის 20-იან წლებში დაიწყო. 1928 წელს შოვმა პირველი დამსვენებლები მიიღო, აშენდა ულამაზესი შენობები, რომელთა ნაწილი ამჟამად რეაბილიტაციას საჭიროებს. საკურორტო სეზონი გრძელდება — ივნის-ოქტომბერში. კურორტისათვის დამახასიათებელია აბსოლუტურად სუფთა და გრილი ჰაერი, აგრეთვე ჰაერის ზომიერი მთის და ხეობის ნაკადები. მინერალური წყალი გამოიყენება სამედიცინო მიზნით. კურორტზე ჩამოსვლა რეკომენდებულია სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებების, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. გიორგი დვალაშვილი (თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი): კურორტი გაშლილია ერთგვარ ვაკეზე, რომელიც გარშემორტყმულია წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) და შერეული (წიფელი, მუხა, რცხილა, არყი, შინდი და რთხმელა) ტყეებითა და მუდამ თოვლიანი მყინვარებით. აქ გამოკვლეული 16 მინერალური წყარო ქიმიური შემადგენლობით სრულიად განსხვავებულია და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ფოტოზე: სტალინის აგარაკი შოვში ბუნების სილამაზითა და მინერალური წყაროების სიუხვით განთქმულ შოვს სამკურნალოდ ძველ დროშივე სტუმრობდნენ ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი და მგზავრები, რომლებიც რაჭიდან შოვის და მამისონის უღელტეხილის გავლით სამაჩაბლოში გადადიოდნენ. შოვის წყლების მეცნიერული შესწავლა და კურორტის მშენებლობა 1923 წლიდან იწყება. საბჭოთა პერიოდში აქ ულამაზესი სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები აშენდა, მათ შორის იყო ქართული ორნამენტებით შემკული ცნობილი კურზალის შენობა. შოვი საინტერესო ადგილია ალპინიზმის, სათხილამურო სპორტის, რაფტინგის მოყვარულებისთვის. ცნობილია, რომ კავკასიონის ამ ნაწილში 4000 მეტრზე მეტი სიმაღლის რამდენიმე ისეთი მწვერვალია, რომლებზეც ფეხი ჯერ არავის დაუდგამს. საფეხმავლო ტურების მოყვარულებისთვის საინტერესო მარშრუტია მამისონის უღელტეხილამდე (2820 მ) მიმავალი ბილიკი, რომელიც ჭანჭახის ულამაზეს ხეობას მიუყვება. კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლის მდგრადი საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5, 80C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 15, 70C. ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1050-1100 მმ. ჰარის საშ.წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2100 სთ. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი რკინის შემცველი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2, 0- 2, 4 გ/დმ3 და აზოტიანი, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან- მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0, 7-0, 9 გ/დმ3; დებიტი: 150 ტონა დღ-ღ. მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია. სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქ ორგანოთა დაავადებები (ბრონქული ასთმა), ანემია, კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის და საშარდე გზების დაავადებები, ლიმფოდენიტი. შოვის კურორტი საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი გამორჩეულია მინერალური წყლებით, ჯერჯერობით მას მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საშარდე გზების დაავადებებზე სამკურნალოდ იყენებენ. შოვის ჰავის თავისებურებები ხელსაყრელია კომბინირებული დაავადებების კომპლექსური მკურნალობისთვის. 499 2-ს მოსწონს
|