საქართველო "მაშველების ზურგზე გადმომდგარან და წაუგდიათ ეს უწიგნური ენები"- რას წერს ლაშა გასვიანი 2023, 4 აგვისტო, 10:49
პარტია "კანონი და სამართლის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა გასვიანი რაჭაში დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და არასათანადო აღჭურვილობის ვერტმფრენების არქონის გამო მთელი ღამით სამძებრო სამუშაოების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს:
"ეს უმაქნისი, მოდას გოიმურად აყოლილი, კორუფციონერი და კონფორმისტი, მლიქვნელი ხელისუფლება!!! შიშველი ხელებით დარჩენილი მაშველების ზურგზე გადმომდგარან და წაუგდიათ ეს უწიგნური ენები! არა სპეც-შვეულმფრენები, არა ეკიპირება, არა განათება, რომ ღამე იმუშაონ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა!
და ამ დროს, ის უძვირფასესი შვეულმფრენი, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა შეიძინა, სადღაც ხევში გდია და ჟანგდება! არც კი უცდიათ ამოეტანათ, შეეკეთებინათ და მსგავს ურგენტულ სიტუაციებში გამოეყენებინათ! ახალი და თანამედროვე სამაშველო საფრენი აპარატების შეძენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!!!
რაც მთავარია თვითონ ხომ დარბიან უკანასკნელი მარკის ფეშენებელური ჯიპებით თუ საერო და თუ სასულიერო სუბიექტები! ეს გამყიდველი, გაზულუქებული, მტერთან კოლაბორაციონიზმით დაკავებული "ქართული ოცნება"! მოღალატე ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს თითოეული მოსახლის სიცოცხლე უბრალოდ ფეხებზე ჰკიდია!"- წერს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შოვში, ერთ-ერთ სასტუმროსთან მეწყერი ჩამოწვა, ეპიცენტრში მყოფი ადამიანების უმეტესობა შენობებმა გადაარჩინა, რომელმაც მოწყვეტილი მთის მასა შეაჩერა, თუმცა 16 ადამიანი მაინც მოყვა მეწყერში, მათ შორის ბავშვები. ისინი შლამიდან იქვე მყოფებმა საკუთარი ძალებით ამოიყვანეს და გადაარჩინეს. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.
სამაშველო ღონისძიების შედეგად, მიწის მასის დამუშავებისას 2 პირის ცხედარი იქნა ნაპოვნი, რომელთა იდენტიფიცირებაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
შოვში ვერტმფრენებმა შესაბამისი ტექნიკის არქონის გამო დაღამების შემდეგ მუშაობა შეწყვიტეს, თუმცა სამაშველო სამუშაოები ცოცხალმა ძალამ განაგრძო. მთელი ღამის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ადამიანები ხელისუფლებას სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ოჯახის წევრების გადასარჩენად დახმარებას და შესაბამისი აღჭურვილობის მქონე ვერტმფრენების გამოყოფას სთხოვდნენ, თუმცა სამაშველო სამუშაოების ფარგლებში ვერტმფრენებმა მუშაობა მხოლოდ დილიდან განაახლეს. სტიქიის ზონიდან 70-მდე ადამიანი ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს.
სტიქიის ზონაში მთელი ღამე მუშაობა არასათანადო სამაშველო ვერტმფრენების არქონის გამო იყო შეწყვეტილი. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის 29 აგვისტოს პრემიერმა ღარიბაშვილმა 3 სამაშველო ვეტმფრენის შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, თუმცა მისი ეს დაპირებაც დაპირებადვე დარჩა. უცვლელად გთავაზობთ პრემიერის 2022 წლის 29 აგვისტოს განცხადებას:
"გომელაურის უწყება ახლა აქტიურად მუშაობას 3 ახალი ვერტმფრენის შეძენაზე, იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი არის აბსოლუტურად გამართული, კარგ მდგომარეობაში. ჩვენ ამას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ არის შეძენილი, ყოფილი პრეზიდენტისთვის და რამდენიმე ათეული მილიონი ევრო არის გადახდილი. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავის ესარგებლა და მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, გავყიდით და სანაცვლოდ 3 ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, რომლებიც სხვადასხვაა ოპერაციებისთვის გამოგვადგება".
ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის ზონიდან 70 ადამიანია გამოყვანილი და 152 ადამიანი ამჟამად იმყოფება უსაფრთხო ადგილას სტიქიის არეალში. რაც შეეხება დაკარგულ ადამიანებს, ქარსელაძის თქმით, თავდაპირველად საუბარი იყო 50 პირზე, თუმცა ცოტა ხნის წინ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ექვს მათგანს დაუკავშირდნენ.
ჟურნალისტების კითხვაზე თუ რატომ არ სთხოვა საქართველოს მთავრობამ დახმარება მეზობელ ქვეყნებს შოვში სამაშველო ოპერაციისთვის მინისტრმა დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა:
"პირველ რიგში იმისკენ მოგიწოდებთ, რომ ვითარება ისედაც მძიმეა, ნუ შევეცდებით რაღაც მიზეზების მოძებნას...ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი და გაგავრცელოთ დაზუსტებული ინფორმაცია ვინაიდან საუბარი არის პირველ რიგში ადამიანებზე. ძალიან გთხოვთ, რომ მიზეზ- მიზეზ ნუ ვიქნებით იმისთვის, რომ რაღაც მიზეზი ვიპოვით იმისთვის, რომ როდესაც კეთდება აბსოლუტურად მაქსიმალური ძალისხმევა.
მართალია მე არ ვარ ვერტმფრენის სპეციალისტი, მაგრამ ყველაფერს და მათ შორის ვერტმფრენსაც გააჩნია შესაბამისი სამობილიზაციო პერიოდი და შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში, ამ სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით, პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე.
შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება. ორწუთიან ინტერვალზე არის საუბარი, როდესაც ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში და გარდა ვერტმფრენისა და გარდა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა, 400 მაშველი არის ჩართული ამ ოპერაციაში....
ჩვენ გვყავს ვერტმფრენი და აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო მალე ჩამოფრინდებოდა?
დაგვიანებაზე საუბარი საერთოდ უადგილოა, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი ბრიგადა, რომელიც უნდა გამოცხადებულიყო, მყისიერი იყო მისი გამოცხადება...
თქვენ თუ ცოტა მეტს წაიკითხავ ვერტმფრენებზე მიხვდებით, რომ ყველაფერს გააჩნია თავისი ობიექტური დრო. ნახვამდის."- განაცხადა ქარსელაძემ.
|