რუსუდან ცანავა
თანახეტიალი
“ხდება ხანდახან ისეთი ნამდვილი ამბებიც, რომლებიც ტყუილია… ისიც შეიძლება, ტყუილი რომ მართალი იყოს”
გურამ დოჩანაშვილი. სამოსელი პირველი. “სანი”, 2002
ხომ ცნობილი ჭეშმარიტებაა: არც ერთ ბრძენს არ უთქვამს ისეთი რამ, რაც ადრე არ თქმულა, არც ვინმეს გაუკეთებია რამე ისეთი, რაც ადრე არ ქმნილა. ჩვენ კი მაინც ველით და ვკითხულობთ ახალ წიგნებს. რატომ? მაინც რა შეგვაგრძნობინებს კარგ ნაწარმოებს?! გურამ დოჩანაშვილის ერთი გმირი გვეუბნება, იდაყვამდე დაგვბურძგლავსო. მაგრამ ახირებულ ადამიანს თავისი ემოციის სიტყვებში მოქცევა თუ მოუნდა, ხომ უნდა სცადოს ბედი?
“სამოსელი პირველის? სიუჟეტი თავგადასავლის მაძიებელი ჭაბუკის ტიპური ამბავია, პარალელური თხრობით, ასოციაციებით, გაუცხოებითა და ნიღბებით. ეს ყვეაფერი ცალ-ცალკე და ერთიანობაში არ ახალია. დომენიკო მონომითის გმირია, რომელსაც “ესმის ხმა”, დაადგება გზას, მიდის, გადალახავს წინააღმდეგობებს, მოიპოვებს რაღაც ფასეულობას და ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო სვლა.
დავიწყოთ თავიდან.
მთის პატრიარქალურ-პასტორალურ სოფელში დრო თითქმის გაჩერებულია. ზემო სოფლის მკვიდრნი ყოველწლიურად ერთ რიტუალს ასრულებენ, რომელსაც ავტორი რომანში რამდენჯერმე (4-ჯერ) ყვება სხვადასხვა ადგილას, რომც არ გაემეორებინა, მაინც ცხადზე ცხადია, რომ ეს არის ამბის ნამდვილი დასაწყისი და კაცმა რომ თქვას, მთელი ამბავიც ამ რიტუალშია “ჩატეული” (გადმოვცემ მცირე შემოკლებით):
“გაზაფხულობით, როცა ხეების ფერადი კვირტები პაწია ნაყოფად გადაიქცეოდა, ხალხი ერთი ღამით ტოვებდა სოფელს… აიკრავდნენ გუდანაბადს, ჩვილებს თბილად გაახვევდნენ, საქონელსაც მიერეკებოდნენ და ჯგუფ-ჯგუფად გადიოდნენ, სნეულნიც კი გაჰყავდათ… ხორციელის ჭაჭანებაც არ იყო, ერთადერთი, მამა რჩებოდა შინ… იგი გასცქეროდა სოფლელებს, რომლებიც მძიმედ ადიოდნენ აღმართში და მერე ბორცვს გაღმა უჩინარდებოდნენ. იქით, ბორცვს გადაღმა, უნდა გაეთიათ დღესასწაულის წინა ღამე. კაცებს უნდა ეფხიზლათ და ვეება კოცონებთან უხმოდ მსხდარიყვნენ… შებინდებისას მამა კვარს აანთებდა და გზაზე გამოდიოდა ხოლმე… მამა ყველაფერს ათვალიერებდა, ყველა მეზობლის სახლს შამოივლიდა… თითქოს ნივთების მდუმარებასაც კი უგდებდა ყურს.
დინჯად, მძიმედ გადიოდა დაგუდული ღამე, თითქოს ყოველივეს ეძინა, მაგრამ ღამესაც არ ჰქონდა თავისი ხმები… მერე კი, ოდნავ რომ გაიბზარებოდა სიშავე, მამა კვარს აქრობდა და დიდ ლოდზე დგებოდა… მამა მღელვარებით უყურებდა შორეულ ბორცვს, იქიდან კი უთენია ხალხი მოდიოდა!
მოდიოდნენ ფეხით, ჯერ კიდევ მოლურჯო ჰაერში აბრდღვიალებული ჩირაღდნებით, ჩვილებით ხელში, ჩარდახიანი ურმებით მოდიოდა ხალხი…
ისინი დაღმართში მოაბიჯებდნენ. ლოდზე შემდგარ მამას უკვე ესმოდა მათი ფეხის ხმა, მოდიოდნენ ჯგროდ, არეულნი, ნაჯახებითა და ნედლი რტოებით ხელში, ბღაოდა საქონელი… ისინი ხმაგაკმენდილნი ჩამოდიოდნენ ბორცვზე… უცნაური ტყე მოდიოდა მამისაკენ… ხალხი, ხალხი მოდიოდა”.
დაბრუნებული ადამიანები ხელებაღმართულნი მიდიოდნენ მამასთან, რომელიც კითხულობდა: ვინმე ხომ არ დარჩაო. “წესი იყო ასეთი, ორჯერ მაინც უნდა ეკითხა ეს”. მაღალსოფლელებს სჯეროდათ, რომ მათი წინაპრები “ციდან ჩამოვიდნენ, ნაწილი ჯერ კიდევ იქ დარჩაო… ცეცხლი მაღლა რომ იწევს და ცისკენ ენას ათამაშებს, ასე ჰგონიათ, თითქოს ცეცხლი მათ ესაუბრებაო… ცაში დარჩენილებს”. საღამოს კოცონს აჩაღებდნენ. “როცა ცეცხლი კარგად ატკაცუნდებოდა, რიგრიგობით უახლოვდებოდნენ, ტანსაცმლიდან მომცრო ნაჭერს ჩამოიგლეჯდნენ და ცეცხლში ყრიდნენ; ეგონათ, თითქოს ტანსაცმლის ნაგლეჯს ჩვენი ამბები სხეულიდან შეჰყვება და სხეულის თიბოშეპარული ნაგლეჯის კვამლიც ხომ მაღლა ადის და ვითომ ცად დარჩენილებს ჩვენი ამბავიც კვამლად აუვათო”.
ამ რიტუალს დომენიკო შემდგომში “სადღაციდან დაბრუნების” ბავშვობისდროინდელ თამაშს უწოდებს.
მაღალ სოფელში კოშკში ინახება საკრალური ნივთი, პირველნივთი – სამოსელი პირველი; კვართი, შემკული საოცარი ძვირფასი თვლებით, ოქრომკერდით მოსირმული. სოფელს განაგებს მამა; პერსონაჟი, რომელსაც არა აქვს სახელი. ის ზოგისთვის მამაა, უმეტესობისთვის – ბატონი; მიწის მუშა, სამართლიანი და მიუკერძოებელი. ორი ვაჟიშვილის პატრონი.
ორი ძმის მოტივი ისევე ძველია, როგორც მითი. ერთი ძმა ადამიანის ქვენა გრძნობების, ქვემეთრევი ბუნების ცოცხალი ხატი. მეორე – სუფთა და ალალი. გვეგვე და დომენიკო. გვეგვე იმის გვეგვეა, რომ სოფელში დარჩეს, ჭამოს, სვას, გამრავლდეს, იყოს ისე, როგორც არის. დომენიკო კი შინ ვერ გაჩერდება, ის რაღაც ნიშანს ელის. ეს ნიშანი სხვა სამყაროდან მოსულმა ლტოლვილმა მისცა. ლტოლვილმა თავისი გზა უკვე გაიარა, მაგრამ სანამ თავისი სვლის ლოგიკურ ბოლოს მიუახლოვდება, მან მისია უნდა აღასრულოს. ეს მისია დომენიკოს “ანთებაა”, ნაჭუჭიდან გამოხმობა.
ლტოლვილი იმ ხალხის შვილია, სადაც ყველას ჰქონდა, ან უკეთ რომ ვთქვათ, “ჰყავდა” თავისი ხე. ეს ხე “ზოგისთვის მხოლოდ მფარველი იყო, ზოგიერთისათვის კი საქმრო და დანიშნული. ქალიშვილებს ლამაზ, ვერცხლისფერტანა ხეებს გაურიგებდნენ ხოლმე. როგორც კი თორმეტი წლისა შესრულდებოდა, თმაგაშლილი მიჰყავდათ ხესთან. იქ კი ჯერ თაკარა სიცხეში დიდხანს უნდა მდგარიყო პატარძალი, თმაგაშლილი იდგა და თუმცა დოლები გაბმულად გუგუნებდა, მაინც ესმოდა საკუთარი გულისძგერა. მერე კი, თეთრწვერა ბერიკაცის ნიშანზე, ფრთხილად შედიოდა მის ოდნავ მოცახცახე ჩრდილში და ვერცხლისფერ მერქანს სახეალეწილი ჰკოცნიდა”. ლტოლვილსაც ეგულებოდა საკუთარი ხე – მას გრილი მოტკბო ნაყოფი ჰქონდა… ამ ხეს მამას ეძახდა ლტოლვილი.
განღმრთობილი ბუნება… რამდენი რამ დაწერილა ამაზე. პანთეიზმიო, ბუნების გასულიერებაო და ვინ იცის, კიდევ რა. მთელ მეცნიერულ თეორიებს ერთი უბრალო უწიგნური ინდიელის გულუბრყვილო სიტყვებს ვამჯობინებდი: “ყოველი სულიერი მოძრაობისას რაღაც მომენტში ისვენებს. ჩიტი, რომელიც მიფრინავს, ხეზე ჩამოჯდება ბუდის გასაკეთებლად ან დასასვენებლად. ადამიანიც ისვენებს, როცა მოისურვებს. ამგვარადვე ისვენებდა ღმერთი. მზე – ასეთი ბრწყინვალე და დიდებული – ის ადგილია, სადაც მან შეისვენა. მთვარე, ვარსკვლავები, ქარები – ის იქაც იყო. ხეები, ცხოველები – მისი შესვენების პუნქტებია. ინდიელი ფიქრობს ამ ადგილებზე და მათკენ მიმართავს თავის ლოცვებს, რათა ლოცვამ მიაღწიოს ადგილს, სადაც ღმერთი გაჩერდა და მლოცველმა მიიღოს უფლისაგან დახმარება (კ. ლევი-სტროსი, “პირველყოფილი აზროვნება”, თარგმ. რუსულიდან).
დიახ, ღმერთმა “შეისვენა” ხეების, მდინარეების, მზისა და მთვარის, ვარსკვლავიანი ცის შექმნისას და ყველაფერში თავისი სულის დიადი ნაწილი დაავალა. ბუნებას თავის ენაზე ესაუბრებიან მაღალსოფლელები. თუ გვალვიანი ამინდი დადგებოდა, ჯერ თიხის ჭურჭელს გამოალაგებდნენ ეზოებში, ცას აჩვენებდნენ – ცარიელია, შეგვეწიე, აგვივსეო. თუ ეს არ გაჭრიდა, ყველაზე ლამაზ ქალს გააშიშვლებდნენ და ბორცვზე დასვამდნენ, “ასე ფიქრობდნენ, მზე რომ ასეთ ლამაზ ქალს შიშველს დაინახავს, შეჩერება მოუნდება, ეს კი არ შეიძლება და გზა მშვიდად რომ განაგრძოს, ღრუბლებით დაფარავს ამ ქალსო, ღრუბლებიდან კი ვინ არ იცის, წვიმა მოდის… ეგებ მოწვიმოსო”.
ბუნების შვილებს ბუნების ენა ესმით. ბუნების შვილია დომენიკო – დიდი მეოცნებე თვალებით, ფერმკრთალი პირისახით, სევდით; ცნობისმოყვარე, კეთილი დომენიკო. ამასთან, იგი ყმაწვილია, რომელსაც ჯერ 18 წელი არ შესრულებია. მან ინიციაცია უნდა გაიაროს, დაკაცდეს, ცხოვრება იცხოვროს; ნამდვილი ცხოვრება, განსხვავებით გვეგვესგან, რომელიც კმაყოფილია იმით, რაც აქვს; არასოდეს მოწყდება თავის გარემოს, სადაც მაძღარია და უზრუნველყოფილი.
დომენიკოს სურს ნახოს ზღვა, ლამაზ-ქალაქი… მოუთმენელმა სურვილმა მაღალსოფელი დაატოვებინა. მამამ გზა დაულოცა. მამამ, რომელიც სოფელში დარჩა, მაგრამ მუდამ თან ახლავს დომენიკოს. მამას მუდმივად გრძნობს მგზავრი, მის სახებას ხედავს იმ ლაქაშიც, რომელიც ჭერს ამჩნევია, როგორც კი ზევით აიხედავს, როდესაც შიში დაეუფლება, მამას შეიგრძნობს დომენიკო.
ზღაპარშიც ასეა… პირველი გამოცდა უფრო ადვილია. პირველად დომენიკომ ქალი უნდა შეიცნოს. ეს აუცილებელია, რომ ჭაბუკი დომენიკო დავაჟკაცდეს. ლამაზ-ქალაქში მან ქალი უნდა შეიცნოს.
ის, რაც ლამაზ-ქალაქში ხდება, ძალიან ბანალურია, თან ძალიან ნამდვილი. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი.
“ნამდვილი ქალი” – ტერეხა: რიტუალური მეძავი, ნაყოფიერების დიდი ღვთაება, მაღალი მკერდით, ფართო თეძოებით, დასკდომამდე სავსე დაბერილი ტუჩებით, გველივით მკლავებით, ხუთი მახრჩობელა თითით, ტკბილი არომატით, სასურველი, თამამი, გამომწვევი, საშიში, ვერაგი, როგორც მეცნიერები იტყვიან, ამბივალენტური. ისე ძალიან სურდა ტერეზა – ნამდვილი ქალი – დომენიკოს, რომ მიწის ბელტისაგან ქალის ფიგურა გააკეთა (სოფელში რომ წვიმის ღვთაებას გამოჩორკნიდნენ ხოლმე ხიდან, ისე), კოცნიდა და ევედრებოდა მოწყალებას. ქალი სურდა დომენიკოს ძალიან, ნამდვილი ქალი, ტერეზა.
ამავე ქალაქში ცხოვრობენ სხვებიც: ნიღბიანი ქალი, ყალბი ქალი, სახემოპირკეთებული კახპა – მამიდა არიადნა და მისი სენტიმენტალური ძმისშვილი კონჩეტინა, რომელმაც თავად არ იცის, რა უნდა.
და ბოლოს, ქალი, რომელიც არ ცხოვრობს არც ვარდისფრად, არც ცისფრად შეღებილ სახლში. ქალი, რომელიც არავის ჰგავს – ანა-მარია. მაგრამ ანა-მარია “დამიზეზებულია”, მას სხვა ბატონი დაჰპატრონებია. იგი ანტიკური დროის მისანს ჰგავს, პითიას, კასანდრას, სიბილას, ის ამ ქვეყნისა არაა. გრძნობს ამას დომენიკო და იტანჯება, იმიტომ, რომ უყვარს ქალი, რომელიც მას არ ეკუთვნის, თუმცა მისი ცოლია.
კიდევ სხვა რამეებიც გაიგო სოფლელმა დომენიკომ ლამაზ-ქალაქში. ქალაქის რიტმი შეიგრძნო და ქალაქის სიყალბე. დიახ, რიტმი და სიყალბე. უცნაური ტრადიცია ჰქონდათ ლამაზქალაქელებს: ღამის დარაჯი ლეპოლდინო ყოველ საათში ამცნობდა თანაქალაქელებს, რომ, სიტყვაზე, “დილის რვა საათზე მეტია, და ყველაფერი რიგზეა”. საქმე ისაა, რომ არც ამ ქალაქში იძვრის დრო. ანუ ყველაფერი ხდება. ეს უძრაობა და ერთფეროვნება აწყობს ყველას. ერთმანეთს ენაცვლება ზაფხულის, ზამთრის და გაზაფხულის თამაშები. ცხოვრება თამაშსა და დროსტარებაში გადის. იქ ყველაფერი ყალბია – სიყვარულიც, მეგობრობაც. ეს სიყალბე შეიცნო დომენიკომ.
ლამაზ-ქალაქში გაიცნო მგზავრმა ალექსანდრო; კაცი, რომელსაც ყველა გიჟად თვლის. გიჟად კი იმიტომ თვლიან, რომ ალექსანდრო ქადაგად დაეცემა ხოლმე და ყველას ურთიერთსიყვარულისაკენ, შენდობისა და მიტევებისაკენ მოუწოდებს. ერთხელაც თავისი ამბავი უამბო ალექსანდრომ მგზავრს. ერთ ამბად მარტო ეს ღირს: უამბო, როგორ გარდაისახა საშინელი სიძულვილი საოცარ სიყვარულად. ამ სიყვარულს, ტანჯვით შობილს, კაკტუსის ყვავილს უწოდებს ქადაგი. ალექსანდროს ეს ამბავი არ გამოუგონებია, იგი მას და მის ძმას გადახდა თავს. ერთი ძმა ლამაზ-ქალაქში ცხოვრობს, მშვიდობიან გიჟად მიიჩნევენ, რა დროს ურთიერთსიყვარულიაო, – ამბობენ. მეორე ძმა კამორაშია – ავაზაკთა ქალაქში ის სიყვარულს არ ქადაგებს, ის ძალას იყენებს ბოროტებასთან საბრძოლველად.
ლამაზ-ქალაქში რაც უნდა გაეგო, გაიგო დომენიკომ. ახლა გზა უნდა განაგრძოს.
გზას იგი დიდ, ნაცრისფერ, გლუვ ქალაქში – კაემორაში მიჰყავს. ეს ქალაქი ჩვენი არცთუ შორეული ყოფის ასოციაციას იწვევს. მაგრამ ამაზე საუბარს ახლა არ გავაგრძელებ. საქმე ისაა, რომ დესპოტური ძალაეუფლების ზეობის ის მოდელი, რომელიც კამორაში დამკვიდრებულა, ისევე ძველია, როგორც კაცობრიობა. ვარდისფერი და ცისფერი ლამაზ-ქალაქისაგან განსხვავებით, მარმარილოს ქალაქ კამორაში ყველა კაერი ყრუდაა ჩაკეტილი, ხალხი სიმდიდრეს გადაურევია, პირველი ქალბატონი ძვირფას თვლებს ალუბლებივით მიირთმევს, ახრამუნებს. აქაც არის ღამის დარაჯი, ხმელი კაეტანო, რკინისნიღბოსანი, რომელიც ყოველ საათში ამცნობს კამორელებს, რომ “დილის რვა საათია და ყველაფერი გენიალურადაა”.
ამ ქალაქში დომენიკო წუმპეში ჩაეფლო. მონომითის რიტუალური მოდელის შესაბამის ეტაპს თუ მივუსადაგებთ, ეს შეიძლება გმირის ქვესკნელში ჩასვლად, გველეშაპის სტომაქში მოხვედრად მივიჩნიოთ. ინიციაციის რიტუალის მიხედვით კი ეს სიკვდილის ეკვივალენტურია. სიკვდილისა, რომელსაც უნდა მოჰყვეს აღდგომა. მონომითის მოდელში გმირს ამ ურთულეს გზაზე ჰყავს “დამხმარე”, სხვაგვარად გმირი გზას ვერ გაიკვლევს (ოდისევსსაც ეხმარება ათენა; აქილევსსაც), ენეასსაც ეხმარებიან)… დომენიკოს კამორაში მფარველობს ალექსანდროს უფროსი ძმა – მიჩინიო.
ერთი რამ აუკრძალა მფარველმა დომენიკოს. კამორის მკვიდრნი ერთმანეთს “ჰალეთი” მიმართავდნენ. ჰალე, გრანდჰალე და გრანდისსიმოჰალე “ამხანაგოს” ტიპის მიმართვად უნდა მოიაზრებოდეს რომანში. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი განცდა დამეუფლა. დომენიკო იძულებულია ამ ქალაქის უამრავი პირობითობა მიიღოს, რათა გადარჩეს. მაგრამ არ უნდა მიიღოს ის, რის მიღებასაც არ აიძულებენ. თუ ნებით მიიღებ, ე.ი. მზად ხარ, გახდე ერთ-ერთი იმათგანი. სწორედ ამიტომ ეუბნება მფარველი დომენიკოს მკაცრად: “ეს ჰალე არ გამაგონოო”.
ცოდვის ბუნაგიდან მგზავრი დამხმარემ გამოიყვანა. მაგრამ დომენიკომ თავად მოახერხა ის, რომ არ გაიბზარა შინაგანად, სული არ დაუბინძურდა. ასე რომ, ინიციაციის ეს ურთულესი ეტაპიც გაიარა მგზავრმა დომენიკომ.
ჯოჯოხეთგამოვლილი მგზავრი კანუდოსში მოხვდა – თავისუფალ ქალაქში. კანუდოსი ტიპური პირველქალაქია, რომელიც მწყემსებმა და მიწის მუშებმა დააარსეს. დააარსეს მდინარის პირას. ხუთმა დიდმა კანუდოსელმა ჩაუყარა საფუძველი ამ ქალაქს. დაბეჩავებული სერტანიდან წამოსულმა ხუთმა მეამბოხემ, რომელთაც არ ისურვეს მონობა.
“ეს ქალაქი მდინარის პირას ძევს.
იქ სახლები თეთრი თიხისაგანაა აგებული.
იქ ადამიანები ძმებივით არიან და თანაბრად იყოფენ ყველაფერს”.
კანუდოსს ერთი საკრალური რამ ჰქონდა – ცოცხალი მდინარე. “მდინარე უხვი, მდიდარი, ამოზნექილი, ფერად კენჭებზე გადადიოდა და ათასხმოვან მარტივ სიმღერას აჩხრიალებდა, აჩურჩულებდა… სულ, სულ ყოველ წამს ახალი იყო”. ამ მდინარეში განიბანა ყველა, “წყალში ხტოდნენ ტანსაცმლიანი სერტანელები” და იქიდან ამოდიოდნენ კანუდოსელებად. ეს ჭეშმარიტად საკრალური რიტუალია. ამ მდინარეში “ერთმა კაცმა შვიდი თევზი გაუშვა ადრე”, გამრავლდა მდინარეში თევზი და დააპურა თავისუფალი კანუდოსელები”. ამ მდინარეში განიბანა კამორიდან მოსული დომენიკო, ტანსაცმლიანად განიწმინდა და ახალსულჩადგმული გამოვიდა ნაპირზე. ამ ქალაქში და ამ ქალაქელებისაგან თავისუფლების ფასი ისწავლა, ურთიერთსიყვარულის დიდი მაგალითი მიიღო. ხუთივე დიდი კანუდოსელი გმირულად და ღირსეულად აღესრულა დომენიკოს იქ ყოფნისას. გმირობა ხომ სხვათა სანაცვლოდ, სხვათა საკეთილდღეოდ სიკვდილს გულისხმობს. გმირი ზვარაკია.
კანუდოსის თეთრ სახლებს შორის მიაბიჯებდა დომენიკო. “გზად თანაქალაქელებს ესალმებოდა, ყოველივეთი იხიბლებოდა – სხვა წყალი იყო აქ, კანუდოსში, სხვა გემო ჰქონდა, სულ სხვა ჰაერით სუნთქავდა მგზავრი, სხვანაირ სახლებს შვებით უმზერდა, სხვაგვარ მიწაზე ბედნიერი დააბიჯებდა და უცნაური რამ დაემართა, ადამიანი შეუყვარდა”.
მგზავრი ამ ქალაქში რომ დარჩენილიყო, საინტერესო დასასრული ექნებოდა რომანს, მაგრამ არა რიტუალური. მითორიტუალური გმირის მოძრაობის ტრაექტორია წრიულ-სპირალურია. გმირი შინ უნდა დაბრუნდეს და ჩაიტანოს მთავარი ფასეულობა თავის სოფელში, თავის ხალხში. მაინც რა გაიგო დომენიკომ ამდენი ხეტიალით, ხიფათიანი გზების გავლით, სიკვდილთან მრავალგზის მიტოლებით?
მთავარი ფასეულობა არამატერიალურია, და მას კაცთა შორის სიყვარული ჰქვია.
მერედა საჭიროა კი ამ მარადიული ჭეშმარიტების ამდენჯერ გამეორება? საჭიროა, ბატონებო, საჭიროა! მით უმეტეს, თუ ამას ასეთი დიდი ოსტატი გვეუბნება, როგორიც ბატონი გურამ დოჩანაშვილია.
დომენიკო ბრუნდება შინ, მამასთან, რათა დრო რომ მოვა, თავად გახდეს მამა და ბატონი, დომენიკო იქცეს დომინუსად (ლათ. ბატონი, უფალი) და მაშინ, როდესაც საგაზაფხულო დღესასწაულის ჟამი დადგება. დომენ-იკო დადგება ლოდზე, შეეგებება თავის ხალხს და დალოცავს. ეს კი საჭიროა იმისთვის, რომ მაღალ სოფელში არ დაირღვეს “ჩვეულებისაებრ მამულისა სლვა”. ტრადიცია და რიტუალი ხომ “რჯულზე უმტკიცესად” კრავს ხალხს. რჯული კი – ბუნებითი რჯული – კაცთმოყვარეობას რომ ქადაგებს – მამასა და ძეშია განფენილი.
კიდევ იმიტომ ბრუნდება დომენიკო, რომ თავისი ხელით მოიპოვოს არსობის პური თავისი მამის, მამა-პაპის მიწაზე. მაღალ სოფელს უბრუნდება ერთ-ერთი მუშაკი, რომელმაც ქვეყნიერება მოიარა და ვერა ჰპოვა რა უმჯობესი მთის წვერზე გაშენებული თავისი სოფლისა. მე არ ვიტყოდი, რომ დომენიკო არის ძე შეცდომილი. იგი მამის კურთხევით მიდის, და როგორც აღვნიშნე, არასოდეს განეშორება მამას. იგი მიდის, რათა შეიცნოს ის, რაც იცის მამამ. იმიტომ, რომ ლაპარაკსა და შეგონებას თავად განცდილი ჯობია. მიდის ექვსი ათასი დრაჰკანით (თავისი წილით) და ბრუნდება მშიერ-ტიტველი, ღორის სალაფავს დანატრული. ახლა უკვე მადლიერებით შეუძლია მიიღოს პური, რომელსაც მამა უწილადებს, შეიცნოს მადლი ლუკმისა, რომელსაც უფალი გვიბოძებს.
თავიდან ვიკითხე, წიგნს რა გვაკითხებს-მეთქი. სწორედ ამ ემოციის ისევ და ისევ განცდის სურვილი. თანაგანცდა, თანასწავლა, თანახეტიალი, თუ გნებავთ! ყველა გმირს ხომ არ ენდობა მკითხველი. ზოგი წიგნს დახურავს, მიხვდება, რომ გმირი ყალბია, სიტუაცია მოგონილი, ავტორი წვალობს. დომენიკო კი დიდხანს ივლის და ბევრსაც აიყოლიებს; მთავარია, გადაშალეთ პირველი ფურცელი, მოხერხებულად მოიკალათეთ და წავიდა…