საზოგადოება შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი (მოკლე შინაარსი) 2023, 28 ივლისი, 12:15 შოთა რუსთაველი-ვეფხისტყაოსანი(მოკლე შინაარსი) იყო არაბეთში მეფე როსტევანი, რომელსა ჰყავდა ერთადერთი მზეთუნახავი ასული თინათინი. როსტევანთან იზრდებოდა რაინდი ავთანდილი - მხედართმთავარი (სპასპეტი). ავთანდილს და თინათინს ფარულად ერთმანეთი უყვარდათ. როსტევანი მოხუცი იყო. მან გადაწყვიტა, თინათინი თავისივე სიცოცხლეში გაემეფებინა. ასეც მოიქცა. დალოცა თავისი ერთადერთი მზეთუნახავი ასული და მეფედ დასვა. მაგრამ ნადიმზე მეფემ მოიწყინა. გამოირკვა, მეფის მოწყენის მიზეზი ის იყო, რომ არ ჰყავდა ვაჟი, რომელიც მისგან მამაცობას ისწავლიდა. მხოლოდ ცოტათი მგავს ჩემი გაზრდილი ავთანდილიო. ავთანდილმა შეჰკადრა მეფეს, გაჯიბრებოდა მშვილდოსნობაში. სანადიროდ წავიდნენ. ავთანდილმა ოცით მეტი ნადირი დახოცა, რაც როსტევანს ძალიან გაუხარდა. დასასვენებლად ხის ძირს დასხდნენ და უცებ დაინახეს წყლის პირას მჯდომი უცხო ჭაბუკი (მოყმე), რომელსაც ვეფხვის ტყავის კაბა ეცვა, შავი ცხენი ჰყავდა, მსხვილი მათრახი ეჭირა და მწარედ სტიროდა. როსტევანმა მონები გაგზავნა, მაგრამუცხო მოყმემ მათ ხმა არ გასცა, ხოლო როცა შეპყრობა სცადეს, ჭაბუკმა ისინი დახოცა. თვით როსტევანი და ავთანდილი დაედევნენ, მაგრამ მან მათრახი გადაჰკრა ცხენს და გაუჩინარდა. უცხო მოყმის გაუჩინარებამ დაამწუხრა როსტევანი. თინათინმა ურჩია მამას, გაეგზავნა ხალხი ქვეყნის ოთხივე მხარეს და დაეძებნათ უცხო მოყმე. როსტევანის მონებმა ქვეყანა მოიარეს, მაგრამ უცხო მოყმის კვალს ვერ მიაგნეს. მაშინ თინათინმა ავთანდილი დაიბარა, ვადად სამი წელი მისცა და უცხო ჭაბუკის მოძებნა დაავალა. თანაც შეჰფიცა რომ მას დაელოდებოდა და სხვა ქმარს არ შეირთავდა. ავთანდილმა ერთგულ მონას შერმადინს უამბო ყველაფერი, თავისი ქალაქი ჩააბარა და თვითონ უცხო ჭაბუკის საძებრად წავიდა. ავთანდილმა მთელი დედამიწა მოიარა, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნო. სამი წლის გასვლას სამი თვე უკლდა, როცა ხატაელებს შეხვდა. ორ ძმას მესამე დაჭრილი ძმა მოჰყავდა. მათ უამბეს ავთანდილს: "მინდვრად ვნახეთ შავ ცხენზე მჯდომი ვეფხვის ტყავით შემოსილი უცხო ჭაბუკი. მისი გაჩერება გვინდოდა, ჩვენმა უმცროსმა ძმამ ხელი მოჰკიდა, მაგრამ ვეფხისტყაოსანმა ჭაბუკმა მათრახი გადაჰკრა და სისხლი ადინა, ის ჭაბუკი, აი, ეგერ მიდისო“. ძმებმა ავთანდილს უცხო მოყმე დაანახვეს. ავთანდილი მაშინვე უკან დაედევნა. ორი დღის სიარულის შემდეგ, ერთ ტყეში შევიდნენ. ავთანდილი ხეზე ავიდა და იქიდან ადევნებდა თვალს. ჭაბუკი გამოქვაბულს მიადგა, ქალი გამოეგება, იტირეს და გამოქვაბულში შევიდნენ. მეორე დღეს ქალმა გამოაცილა ჭაბუკი და თვითონ გამოქვაბულში შებრუნდა. ავთანდილი ჩამოვიდა ხიდან, ქალთან მივიდა და სთხოვა, უცხო მოყმის ამბავი მიამბეო. ქალი უარობდა, მაგრამ დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ დაჰპირდა, რომ გააცნობდა უცხო ჭაბუკს. ამჯერად უთხრა მხოლოდ, რომ ჭაბუკს ტარიელი ერქვა, თვითონ კი ასმათი. მართლაც, ასმათმა ტარიელი და ავთანდილი ერთმანეთს გააცნო. ავთანდილმა უამბო ტარიელს მოსვლის მიზეზი, ხოლო ტარიელმა დაწვრილებით მოუთხრო თავისი თავგადასავალი: ინდოეთის შვიდი სამეფოდან ექვსი ფარსადან მეფეს ეკუთვნოდა, ერთი კი ტარიელის მამას - სარიდანს. სარიდანმა მოხუცობისას თავისი წილიც ფარსადანს გადასცა და მისგან მთავარსარდლობა მიიღო. ფარსადანს შვილი არ ჰყავდა და ტარიელს ზრდიდა შვილად. ტარიელი ხუთი წლის რომ გახდა, დედოფალს მზესავით მშვენიერი ქალი - ნესტან-დარეჯანი შეეძინა. თხუთმეტი წლის ტარიელს მამა მოუკვდა. ერთი წლის გლოვის შემდეგ, ფარსადანმა ტარიელს მამის თანამდებობა უბოძა. ერთხელ ნადირობიდან დაბრუნებულმა ტარიელმა შემთხვევით დაინახა ნესტან-დარეჯანი და შეუყვარდა. ქალმა ეს რომ გაიგო, ტარიელს ასმათის ხელით წერილი გაუგზავნა, რომელშიც ერთგულებას ეფიცებოდა და საგმირო საქმეებისაკენ მოუწოდებდა. ნესტანმა დაავალა ტარიელს ხატაეთზე გალაშქრება: ხატაეთი წინათ ინდოეთს ემორჩილებოდა, ახლა კი ამ დამორჩილებაზე უარს ამბობდა. ტარიელმა გაილაშქრა ხატაეთზე და ამ ომში დიდი გმირობა გამოიჩინა, სასტიკად დაამარცხა მტერი, ტყვედ წამოიყვანა ხატაეთის მეფე რამაზი, ურიცხვი სიმდიდრე წამოიღო და სახელმწიფოს ჩააბარა. თვითონ კი ნესტანისათვის საჩუქრად მხოლოდ მოკლე კაბა (ყაბაჩა) და ერთი თავსაბურავი (რიდე) აიღო. ომიდან გამარჯვებით დაბრუნებულ ტარიელს ინდოეთის მეფემ ზეიმი გაუმართა. ნადიმზე ტარიელი და ნესტანი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ერთმანეთის ცქერით ტკბებოდნენ. მაგრამ მალე მათ განსაცდელი შეხვდათ. ფარსადანმა თათბირი მოიწვია და დიდებულებს მოახსენა, რომ ნესტანის საქმროდ სპარსეთის მეფის (ხვარაზმშაჰის) ძე უნდა მოვიყვანოთო. თათბირს ტარიელიც ესწრებოდა, მან შეატყო, რომ მეფეს და დედოფალს წინასწარ გადაეწყვიტათ ნესტანის ბედი, ამიტომ თავი შეიკავა და მეფის თვალის ასახვევად განზრახვა მოიწონა. ეს ამბავი გაიგო ნესტანმა, დაიბარა ტარიელიდა ფიცის გატეხა უსაყვედურა. განრისხებულმა ნესტანმა "პირგამეხებული" ვეფხვი მოაგონა ტარიელს. ტარიელმა აუხსნა სატრფოს, რომ ის არ აპირებდა არც ნესტანის და არც ინდოეთის დათმობას, ოღონდ თათბირზე შეკამათება შეუძლებელი იყოო. ნესტანმა და ტარიელმა მოითათბირეს და გადაწყვიტეს, ჩუმად მოეკლათ ხვარაზმშაჰის ძე. თუ ხვარაზმშაჰის ძე ნესტან-დარეჯანს შეირთავდა, ინდოეთში სპარსელები გაბატონდებოდნენ, რაც პატრიოტი მამულიშვილებისათვის სათაკილო იყო. ტარიელმა მოკლა სასიძო და თავის ქალაქში გამაგრდა. ფარსადანმა შეუთვალა ტარიელს: თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არ მითხარიო. ტარიელმა ნესტანის რჩევის თანახმად, უპასუხა: თქვენი ქალი არ მინდა, ინდოეთს კი არავის დავუთმობო. მალე ტარიელმა გაიგო, რომ ფარსადანი სასტიკად დაემუქრა ნესტანის გამზრდელ მამიდას - დავარს, დავარმა შური იძია ნესტანზე, ჯერ სცემა, შემდეგ კი ზანგებს მისცა, რომლებმაც ის კიდობანში ჩასვეს და ზღვაში გადააგდეს. თვითონ დავარმა თავი მოიკლა. ტარიელმა ზღვას მიაშურა. მან დიდხანს ამაოდ ეძება დაკარგული სატრფო. მხლებლები დაეხოცა, დარჩა ორი მონა და ასმათი. ერთხელ, იგი შეხვდა კარგ რაინდს ნურადინ-ფრიდონს, რომელსაც დაეხმარა მტერთან ბრძოლაში. ფრიდონმა ტარიელს უამბო, რომ მან ზღვაში თვალი მოჰკრა კიდობანს, რომელშიც ორი ზანგი და ერთი მზეთუნახავი ქალი იყო. ამის გაგონებაზე ტარიელს გული შეუწუხდა. როცა გონს მოვიდა, ფრიდონს უამბო თავისი თავგადასავალი. ფრიდონისაგან წამოსულმა ტარიელმა მთელი დედამიწა შემოიარა, მაგრამ ნესტანის კვალს ვერ მიაგნო. შემდეგ დევებს შეებრძოლა, დახოცა და მათი გამოქვაბული მას დარჩა. ამ ბრძოლაში ორი მონაც დაკარგა და მარტო ასმათიღა შერჩა. რადგან ვეფხვი თავის სატრფოს აგონებდა, ტარიელი ვეფხვის ტყავით შეიმოსა და სატრფოს დაკარგვას მოსთქვამდა. ავთანდილმა ეს რომ მოისმინა, ტარიელს ძმობა შეჰფიცა და სთხოვა, - ორი თვით წავალ არაბეთში, შენ აქ დამელოდე, მოვბრუნდები და დაგეხმარებიო. არაბეთში დაბრუნებულმა ავთანდილმა უამბო თინათინს ყოველივე და მოახსენა, რომ უკანვე უნდა წასულიყო ძმადნაფიცის დასახმარებლად. თინათინმა მოუწონა ჭაბუკს გადაწყვეტილება, მაგრამ როსტევანი წინააღმდეგი იყო ავთანდილის მეორედ წასვლისა. ამიტომ იგი იძულებული გახდა ანდერძი დაეწერა და გაპარულიყო. უკან დაბრუნებულ ავთანდილს ტარიელი გამოქვაბულში არ დახვდა. იგი ძალიან შეწუხდა და მის ძმადნაფიცის საძებრად წავიდა. ავთანდილმა ტარიელი შამბნარში იპოვა, იგი უგრძნობლად ეგდო დახოცილ ლომსა და ვეფხვს შორის. ავთანდილმა მოასულიერა მეგობარი და გამოქვაბულში წაიყვანა. ტარიელმა უამბო ლომისა და ვეფხვის დახოცვის ამბავი. ძმადნაფიცების დანახვაზე ასმათმა გაიხარა. შემდეგ ავთანდილი წავიდა ფრიდონის სამეფოში, ფრიდონს უამბო ტარიელის ამბავი და იქიდან გაუდგა გზას ნესტანის საძებრად. დიდხანს იარა და ზღვის პირას შეხვდა ზღვათა სამეფოში მიმავალ ვაჭართა ქარავანს, რომელიც ყაჩაღების (მეკობრეების) შიშით ზღვაში ვერ შედიოდა. ავთანდილი დაეხმარა ვაჭრებს, მუსრი გაავლო მეკობრეებს, სამაგიეროდ კი სთხოვა მექარავნეებს: ზღვათა ქალაქში რომ შევალთ, ნუ გაამჟღავნებთ ჩემს რაინდობას, მეც ვაჭრულად გამოვეწყობი, ვითომ თქვენი უფროსი ვარო. კარგა ხნის შემდეგ, მივიდნენ ზღვათა სამეფოს სატახტო ქალაქ გულანშაროში. აქ ავთანდილი დაუახლოვდა ადგილობრივ ვაჭართა უხუცესის ცოლს - ფატმან-ხათუნს და მისგან ნესტანის ამბავი გაიგო. მან უამბო: ერთხელ დავინახე, რომ ორმა ზანგმა ზღვიდან კიდობანი გამოიტანა, საიდანაც მზეთუნახავი ქალი გადმოსვეს. გავგზავნე მონები, რომელთაც ზანგები დახოცეს და მშვენიერი ქალი მომიყვანეს. ეს ამბავი ჩემს მეუღლეს - უსენს ვუამბე და დავაფიცე არავისთვის გაემხილა, მაგრამ მან ფიცი გატეხა დამზეთუნახავი ქალი მეფეს სარძლოდ აჩუქა. ქალი წაიყვანეს და ცალკე ოთახში მოათავსეს მეფის ძის ლაშქრობიდან დაბრუნებამდე. მზეთუნახავმა ქალმა ჩემი ნაჩუქარი ძვირფასი სარტყლით მცველები მოისყიდა, ღამით ჩემთან მოვიდა. ცხენი მთხოვა, შეჯდა ზედ და გაიპარა. შემდეგ გავიგე, რომ იგი ქაჯებმა შეიპყრეს და ქაჯთა მეფის შვილის - როსანის საცოლედ დანიშნეს. ამჟამად ქაჯეთის ციხეშია გამომწყვდეული და უამრავი მცველი დარაჯობსო. ავთანდილს ძალიან გაუხარდა ამ ამბის მოსმენა. მან ფატმანს უამბო თავისი ვინაობა და დახმარება სთხოვა. ფატმანმა ქაჯეთს გრძნეული მონა გაგზავნა და წერილით ამცნო ნესტან-დარეჯანს, რომ მალე მის დასახსნელად მივიდოდა მისი მიჯნური ტარიელი - თავისი ძმადნაფიცი ავთანდილით. საპასუხოდ ნესტანმა მადლიერებით სავსე წერილი მისწერა ფატმანს, მან წერილი გაუგზავნა ტარიელსაც და თან ნიშნად გამოატანა იმ თავსაბურავის - რიდის ნაჭერი, რომელიც მას ხატაელების ომიდან დაბრუნებულმა ტარიელმა აჩუქა. ნესტანი ტარიელს სწერდა, რომ მისი გამოხსნა ძნელი იყო. ამიტომ ურჩევდა, ნუ წამოხვალ, სჯობია, ინდოეთში წადი და მტრისაგან შევიწროებულ ჩემს მშობლებს დაეხმარეო. მე სანამ ცოცხალი ვარ, ვერავინ ჩამიგდებს ხელში, უწინ კლდიდან გადმოვვარდებიო. ამ ამბით გახარებული ავთანდილი ტარიელისკენ გაეშურა. ტარიელი შამბნარში ნახა, მას ლომი მოეკლა და ხმალსა სწმენდდა. ავთანდილმა გადასცა ნესტანის წერილი და რიდის ნაჭერი. ტარიელს რიდის დანახვაზე გული შეუწუხდა. ავთანდილმა მოასულიერა და გამოქვაბულისაკენ წავიდნენ. გამოიტანეს გამოქვაბულიდან დევების იარაღი და ფრიდონთან გამოიარეს. სამასი რჩეული კაცით, სამი ძმადნაფიცი მიადგა ქაჯეთის ციხეს. ითათბირეს, სამივემ თავისი აზრი გამოთქვა. ტარიელის რჩევა მიიღეს და დილაადრიან შელეწეს ქალაქის კარები. საშინელი ბრძოლა გაიმართა. გაჟლიტეს მცველები და ტარიელი პირველი შეიჭრა ციხეში გვირაბის კარებიდან. ძმადნაფიცებმა დასძლიეს ბოროტი ძალა და გაათავისუფლეს ნესტანი. გმირებმა გასწიეს ზღვათა სამეფოსაკენ. ზღვათა მეფემ ტარიელს და ნესტანს ქორწილი გადაუხადა. ტარიელმა ზღვათა მეფეს აჩუქა ქაჯეთის სამეფო, ფატმანს კი უძღვნა ქაჯეთიდან წამოღებული მთელი სიმდიდრე. ძმადნაფიცები წავიდნენ ფრიდონის ქვეყანაში, სადაც ფრიდონმა ტარიელსა და ნესტანს შესანიშნავი ქორწილი გადაუხადა. შემდეგ ტარიელი და ფრიდონი ავთანდილს წაჰყვნენ არაბეთში. როსტევან მეფე დიდი ზეიმით მიეგება რაინდებს. ტარიელი დაწინაურდა მეფის შესახვედრად, ბოდიში მოუხადა როსტევანს მონების დახოცვისათვის, უამბო ავთანდილისა და თინათინის მიჯნურობის შესახებ და სთხოვა მათი ქორწილის თანხმობა. როსტევანმა განაცხადა, რომ ის ავთანდილზე უკეთეს სიძეს ვერ იპოვის და არაბეთში გადაიხადეს ტარიელ-ნესტანისა და ავთანდილ-თინათინის ქორწილი. რამდენიმე ხნის შემდეგ ჭაბუკები დიდი ლაშქრით გაემართნენ ინდოეთისაკენ. გზაში შეიტყვეს, რომ ფარსადან მეფე გარდაცვლილა და ინდოეთს შემოსევიან ხატაელები. ძმადნაფიცები სწრაფად გაემართნენ ინდოეთისაკენ და სასტიკად დაამარცხეს მტერი. გახარებულ დედოფალს გლოვა სიხარულად შეეცვალა. ტახტზე დასვეს ტარიელი და ნესტან-დარეჯანი. დიდი ქორწილი გადაიხადეს და უზომო საბოძვარი გასცეს. ტარიელმა ასმათს ინდოეთის ერთი მეშვიდედი უბოძა და უთხრა: ვინც გინდა ქმრად შეირთე და მემსახურეო. დიდი ლხინისა და მხიარულების შემდეგ, თუმცა გაყრა ეძნელებოდათ, ავთანდილი და ფრიდონი გამოეთხოვნენ ტარიელს და ნესტანს და თავთავიანთ სამეფოში დაბრუნდნენ. სამივე ხელმწიფეს: ტარიელს, ავთანდილს და ფრიდონს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ისინი ყველას თანაბრად სწყალობდნენ, ქვრივ-ობოლნი გაამდიდრეს, მათხოვრობა მოსპეს, ცუდი საქმის ჩამდენნი დააშინეს და ისე ცხოვრობდნენ, რომ მათ სახელმწიფოებში თხა და მგელი ერთად ძოვდა. 293 2-ს მოსწონს
|