x
როგორ დავწეროთ კარგი ესე: 8 რჩევა
როგორ დავწეროთ კარგი ესე: 8 რჩევა

კარგი ესეს დაწერა არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას სიამოვნებისათვის კი არა, დავალების შესრულების მიზნით ვწერთ. ბევრისათვის ეს მოსაწყენი და უსიამოვნო პროცესია. მოგვწონს, თუ არა, ყველას გვიწევს ესეს დაწერა სკოლაში, ეროვნულ გამოცდებზე, უნივერსიტეტსა თუ სხვა ოფიციალურ გარემოში.


ესეს წარუმატებლობის ხშირი მიზეზებია:


  • მივიჩნევთ უსიამოვნო მოვალეობად და შინაგანად არ გვინდა წერა;
  • არ ვიცით, როგორც ვწეროთ;
  • ესეს სტრუქტურას არ ვიცავთ;
  • ყოველ ჯერზე ვცდილობთ ახალი ველოსიპედის გამოგონებას და ვკარგავთ დროს და ენერგიას;
  • არ ვუდგებით თემას კრიტიკულად;
  • არ ვართ შემოქმედებითი.
კარგად წერა ნიჭია. ყველა ო’ჰენრი ვერ იქნება. თუმცა არსებობს მარტივი წესები, რაც უკეთ წერაში დაგვეხმარება. როცა ამ წესებს გავითავისებთ, წერის პროცესი იოლთან ერთად მეტად სასიამოვნო გახდება.


  • განაწყვე შენი თავი წერისათვის


როცა რაიმეს კეთება არ გინდა და თავს აიძულებ, შენი შინაგანი „მე“ არ ტყუვდება. თუ შენი გონება ესეს წერას უსიამოვნო და მომაბეზრებელ საქმიანობასთან ასოცირებს, უკვე ცუდი სასტარტო პოზიცია გვაქვს. როცა რაიმე მაინც შენი გასაკეთებელია, არ სჯობს, სახალისო გახადო? შეიქმენი შესაბამისი დადებითი განწყობა: ჩართე სასიამოვნო მუსიკა, მოიმარაგე სასუსნავები, აიღე კალამი და მოემზადე კარგი ესეს დასაწერად.


  • რა? რატომ? როგორ?

კარგი ესე უნდა პასუხობდეს კითხვებს: რა? რატომ? როგორ? რა არის თემის პრობლემატიკა და მთავარი აზრი, რატომ არის ეს თემა პრობლემატურ-აქტიუალური და როგორ შეგვიძლია ამ საკითხის მოგვარება ან გადაჭრა.


  • ესე, როგორც ამბავი: რა შემიძლია ვთქვა ამ თემაზე?

კარგად გაიაზრე ესეს სათაური და თემატიკა ზემოთ ჩამოთვლილი კითხვებიდან გამომდინარე. რამდენიმე წუთი დაუთმე იმაზე ფიქრს, თუ რა ასოციაციებს იწვევს თემა შენში და რაზე შეგიძლია ისაუბრო. წარმოიდგინე, რომ საუბრობ მეგობართან/საკუთარ თავთან და გამოთქვამ შენს მოსაზრებას. ესე ხომ სხვა არაფერია, თუ არა კარგად ორგანიზებული და გამართული ამბავი, ისტორია. ნუ გაართულებ, შეხედე მარტივად. შავ ფურცელზე ჩამოწერე თემასთან დაკავშირებული ყველა იდეა, წინადადება, ფრაზა, ა.შ., რაც გონებაში გაგიელვებს.


  • შეადგინე გეგმა

დაკვირვებით გადაიკითხე შავ ფურცელზე ჩამოწერილი მოსაზრებები და ამოარჩიე რამდენიმე საკუთესო. ესე უნდა იყოს მოკლე და მოქნილი. ნუ დაწერ ზომაზე მეტს. ისაუბრე იმაზე, რაც ყველაზე მეტად ერგება თემას და რაზეც უფრო კარგად და დამაჯერებლად შეგიძლია წერა.


  • ააწყვე სტრუქტურა და წერე თანმიმდევრულად

სტანდარტულ ესეს 3 ძირითადი კომპონენტი აქვს: შესავალი, მთავარი ნაწილი და დასკვნა. შესავალი მთავარ იდეას აფიქსირებს და განსაზღვრავს ესეს მიმართულებას. ეცადე, შესავლის პირველი წინადადება საინტერესო იყოს, რათა მკითხველის ყურადღება თავიდანვე მიიპყრო. ამ წინადადების შემდეგ კი მოკლედ დააფიქსირე ესეს მთავარი სათქმელი.


ესეს მთავარი ნაწილი შესავალში დაფიქსირებულ პოზიციას ამყარებს და აზუსტებს. მთავარი ნაწილი შესაძლოა შედგებოდეს 2 ან 3 პარაგრაფისაგან (ესეს მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, დაემატოს პარაგრაფების რაოდენობა). მთავარ ნაწილში მოგყავს ის არგუმენტები, მაგალითები, სტატისტიკა, ა.შ., რაც გეგმაში გქონდა გაწერილი. გახსოვდეს, რომ მთავარი ნაწილი არ უნდა ასცდეს შესავალში დაფიქსირებულ პოზიციას და თემის იდეა არ უნდა გაგექცეს. შესაძლებელია, შენივე დაფიქრსირებულ პოზიციას მთავარ ნაწილში კრიტიკული არგუმენტიც დაუპირისპირო, მაგრამ შემდგომ აუცილებლად მოიყვანე მეტი და ძლიერი მაგალითები შენი თავდაპირველი პოზიციის განსამტიკიცებლად.


აქაც ეცადე აბზაცები საინტერესოდ დაიწყო. იყავი ანალიტიკური, შემოქმედებითი და წინადადებიდან წინადადებაზე ლოგიკურად გადადი. ყოველი ახალი აბაზაცი ახალი სათქმელის დასაწყისია, მაგრამ თან ეხმიანება წინას. ასე, ნელ-ნელა იკვრება ესეს სტრუქტურა.


დასკვნა ესეს შემაჯამებელი და ბოლო ნაწილია. შეაჯამე მთავარ ნაწილში გამოთქმული მოსაზრებები, მოახდინე შესავლის პერეფრაზირება და საბოლოოდ დააფიქსირე შენი პოზიცია თემასთან დაკავშირებით.


წერე ქრონოლოგიურად თემის სტრუქტურის საფერხურებიდან გამომდინარე. პირდაპირ დასკვნას ნუ დაწერ. დაიწყე შესავლით, გადადი მთავარ ნაწილზე და შემდგომ შეჯამებაზე.


  • მოიყვანე არგუმენტები და მაგალითები

ესე თქვენი მოსაზრების დაფიქსირებაა. თუმცა, თუ გადაწყვეტ დამტიკცებას, რომ, მაგალითად, მარსზე სიცოცხლეა, შესაბამისი არგუმენტების მოყვანაც უნდა შეგეძლოს. გამოიყენე ცნობილი ადამიანების შეხედულებები ამ საკითხზე, გაიხსენე დოკუმენტური ფილმები, ნასას კვლევები და სხვა. ამით შენს ესეს, პროფესიონალიზმსა და დახვეწილობას შესძენ.


  • გამართე გრამატიკულად და ორთოგრაფიულად

შედევრიც რომ დაწერო, თუ გრამატიკულად და ორთოგრაფიულად გაუმართავი იქნება, ფასი ეკარგება. უნდა იცოდე ენა, რომელზეც წერ. გრამატიკის ცოდნა სავალდებულოა.


  • გადაიკითხე კრიტიკული თვალით

წერის დასრულების შემდეგ ტექსტი დაკვირვებით გადაიკითხე, გაასწორე შეცდომები (ელექტონულად ბეჭდვის დროს, გამორჩენილი ასოები), სასვენი ნიშნები, დახვეწე სტილისტურად და მიეცი საბოლოო სახე.


აღნიშნული რჩევები დაგეხმარება ესეს უკეთ და გაცილებით მარტივად წერაში.

0
97
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0