x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ძველი ტფილისის დამნაშავენი (ნაწ-III)-კრიმინალური არქივიდან
image


ნიკიტა ჯანიბეკოვი – ყალბი ფულის მომჭრელთა ბანდის სულის ჩამდგმელი. 1875 წელს მან და კონსტანტინე ვართანოვმა მოიფიქრეს ამ საქმისათვის ხელი მოეკიდათ, შემდეგ ამაში ჩართეს გრიგორი დიდაროვი და სტეფანე ტატოსიანცი.


საქმე იმით დაიწყეს, რომ ვართანოვმა როსტოვის მახლობლად ნახიჩევან ნა დონუში გამოძებნა ორი ყალბი ფულის მომჭრელი, არცატნანიანცი და ბაკალოვი, და ისინი ტფილისში გამოგზავნა. შემდეგ თვითონაც ჩამოვიდა და ფულის საბეჭდი მანქანა, ქაღალდი და საღებავები ჩამოიტანა. სპილენძის დაფები კი უკვე ტფილისში იყიდეს. ასევე, ფარგალი და სხვა ხელსაწყოები. ამის შემდეგ მთაწმინდაზე დაიჭირეს ბინა და იქ შეუდგნენ ფულის გაყალბებას არცატნანიანცის კარნახით. ერთი თვის განმავლობაში მათ ათასი ოცდახუთმანეთიანი დაბეჭდეს. შემდეგ ფულიც გაიყვეს და საბეჭდი მანქანის ნაწილები, რათა სათითაოდ არცერთს შესძლებოდა ახალი ფულის დაბეჭდვა. სამი დაფა ერგოთ დიდაროვს და ჯანიბეკოვს, ნომრების დასაბეჭდი ხელსაწყო – ვართანოვს, საბეჭდი მანქანა – არცატნანიანცს, მეოთხე დაფა და ფარგალი – ტატოსიანცს, რომელიც მალევე წავიდა ტფილისიდან და ნივთებიც თან გაიყოლა. 1876 წელს ჯანიბეკოვმა ისევ შესთავაზა დიდაროვს და ვართანოვს, რომ საქმეს მიბრუნებოდნენ, მაგრამ რაკი მეოთხე დაფა აკლდათ და არც ტატოსიანცის ისმოდა არაფერი, გამოძებნეს ოქრომჭედელი გრიგორი ჯაგარბეკოვი, ვისაც ამ მეოთხე დაფის დამზადება დაუკვეთეს, თუმცა იმან ვერ გაართვა ამას თავი, მაგრამ შესთავაზა, ამ საქმეში მოეხმარათ ნილ ლეონტიევი, გრავიორი, მაგრამ ვერც მან მოახერხა მეოთხე დაფის დამზადება და გადაწყდა, რომ გრავიორის ქვაზე ებეჭდათ ფული და ასეც მოიქცნენ. მალე დაატყვეს, რომ ტფილისში ამ საქმის გაგრძელება სახიფათო იყო და ერევნის გუბერნიაში, წმინდა რიფსიმეს მონასტერში გადაიტანეს ბეჭდვა, სადაც ერთი ბერი ვართანოვის ნათლიმამა იყო და იმან გაუხერხა მათ ადგილი. ნილ ლეონტიევი გამოდგა ლოთი, ის ხშირად თვრებოდა და ენასაც ვერ აჩერებდა და ამიტომ ის არასანდო ადამიანად ჩაითვალა და მონასტერშივე ჩაახრჩვეს. შემდეგ ჯაგარბეკოვმა ორი სხვა ფულის მომჭრელი გამოძებნა – ზაქრო ნასყიდოვი და გეორქ მირიანოვი. მათ თან ახალი ქვაც გაატანეს, მელმანთან ნაყიდი, 1877 წელს კი ახალი საბეჭდი მანქანაც იყიდეს დემუროვის ლიტოგრაფიაში 230 მანეთად და მონასტერში გაგზავნეს. ამ ჩარხზე ხუთი ათასი სამმანეთიანი დაბეჭდეს და ტფილისში გამოაგზავნეს. 1877 წლის აპრილში ჯანიბეკოვმა ფულის გაყალბებაში ჩართო ტიგრან პოპოვი, და ახლა მის სახლში გაიმართა საბეჭდი ბუნაგი. აქვე დაიწყეს ყალბი ოქროსა და ვერცხლის ფულის მოჭრა. ამ სახლშივე დასახლდნენ კალუსტ ჩუგოევი, იგივე „ქარგლო“, ბახჩისარიანცევი, იგივე „კოსტო“, არცატნანიანცი, სამივე ნახიჩევან ნა დონუს მკვიდრები. დასახლდნენ კუკიაზე და შეუდგნენ ყალბი ფულის კეთებას. აქ დიდხანს არ გამოჩენილან, პოპოვი და ჩუგოევი მეზობლებს წაეჩხუბნენ და დანარჩენები შეშინდნენ, ეს პოლიციისთვის მოსვლის საბაბი არ გამხდარიყო და ახალი ბინა იქირავეს ნიკოლოზის ქუჩაზე, მურადოვის სახლში და აქ დასახლდნენ არცატნანიანცი, ჩუგოევი და ტფილისელი მოსე ბერინოვი. მალე მათ ვართანოვიც შეუერთდა და 25-მანეთიანების ბეჭდვა ისევ გაჩაღდა. სექტემბრისთვის 2 300 ყალბი 25-მანეთიანი დაბეჭდეს და მათ გაყვეს ეს თანხა რვა დასტად და წილი ყარეს. პოპოვი, ჯანიბეკოვი, მურადოვი, არცატნანიანცი, ჩუგოევი, ვართანოვი, მოსე ბერინოვი და ერთი წილი გრიგოლტერ-სარქისოვის იყო, ვინც თეთრ წყაროში ეძებდა სახლს და ერთი ხანობა იქაც სცადეს ფულის მოჭრა. ფულის გაყოფის შემდეგ ეს საბეჭდი ნივთები გაიყვეს და პოპოვმა რაღაც ნაწილი მუშტაიდში დაფლო. არცატნანიანცი დასახლდა სასტუმრო „მარსელში“ და ამ ფულის ფლანგვა დაიწყო, ეგ საქმე კი ფულის გამსაღებლებიდან გასკდა, იმათ დაასმინეს და დააყენეს პოლიცია.



იოსება ჯაფარიძე – ქურდი. ქურდობდა იპოდრომზე. იქ მეტად ხშირად ტრიალებდა. იპოდრომი იყო დიდუბეში და თვალს სწყვეტდა ერთი მეორეზე უკეთესი ცხენებით. მაშინ იყო დროება ანახ-იარ-ბეკ ზიულგადაროვის ბედაურებისა, რომლებიც ყველას სჯობდნენ და ყველა ჯილდოს იგებდნენ, „მამუნ არაშიდი“ და „ასხაბად სერვირი“ ახლოს არავის იკარებდნენ. ჯაფარიძემ ზიულგადაროვის სათავსოც გაქურდა. იქიდან წამოიღო მეტად კოხტა უნაგირები და იმისი ვერცხლის ნაკეთობები და ეს სომხის ბაზარზე სარაჯს მიჰყიდა. მას გაექურდა ალავერდელი ეპისკოპოსი და იმის ჯვარი და პანაგეა წაეღო და შემდეგ მის მოსაძებნად პოლიცმაისტერმა შპიკები დაგზავნა ტფილისში და ქურდების დუქნებში შეაგზავნა, რაკი საქმე ეგზარხოსამდე მისულიყო. მაშინ სპარსელი სეიდ-ასან-ფატა-ოღლი დაიჭირეს ამ საქმეზე, ვისაც პანაგეიდან ამოღებული ძვირფასი ქვები უპოვეს. იმან ჯაფარიძე დაასმინა და მას დააყენა პოლიცია, თუმცა ის დაეხსნა მათ, მაგრამ 1903 წელს მაინც დაიჭირეს მღვდლის ანაფორებითა და დედაკაცის კაბებით.





ჯიბრაილ ავდიშ ოღლი – აისორი, 1903 წელს ნახალოვკაში სასტიკი მკვლელობის ჩამდენი. მოკლა ასევე აისორი, პირ სიმონ თუმა-ოღლი, თავი მოაჭრა, ტანი ჩადო ზანდუკში და ასე დამალა. თავი კი სარდაფში გააგორა და ასე დატოვა. იყო ვერსია, რომ ორივე დავრიშ-ნამატულა ოღლის ბანდასთან დამქაშობდა, ორიოდე წლის წინ ვერაზე რომ ავაზაკობდნენ და აგურხანის პატრონის ცოლის დახრჩობასა და გაძარცვისათვის დაეჭირათ. იმათ ხელის დამცლელები ნახალოვკაშიც ჰყავდათ, რამაც ეჭვი გააჩინა ამათ კავშირზე და მერე კი ბოლომდე ვეღარ გამოიძიეს, რაკი ტფილისში არეულობა დაიწყო, ეჭვი კი დარჩა, რომ მკვლელობა ნაქურდის გაყოფისთვის მოხდა.




ჰალგალ-ჰასან ოღლი – 90-იანი წლების მიწურულის ვაგზლის მიდამოებში პორტმანეში ფულის გამომცლელი, თაღლითი. დამქაშთან ერთად რომელიმე ახლად ჩამოსულს მიადგებოდა და მოკვლის მუქარით მისი პორტმონეს ნახვას მოსთხოვდა, აქაოდა ფული მომპარეს და ეჭვი შენზე მაქვსო. შემდეგ ის პორტმონეში ჩალაგებულ საკრედიტო ბილეთებს ყალბ ფულში ცვლიდა და უკან უბრუნებდა. მერე ქრებოდა. მან შეუცვალა ფული იუველირ აბრამ მოშიკაშვილს, რომელმაც ხმაური ატეხა და პოლიციის გამოჩენისას და მისი ვინაობის დადგენისას ის სპარსელი ურია აღმოჩნდა და რაკი მათ იმპერიის საზღვრებში ცხოვრება ეკრძალებოდათ და ის ტფილისში უკანონოდ იმყოფებოდა, უკან სპარსეთში გაასახლეს. იქ მას ტფილისში სასაფლაოზე მოკლულ ისფაჰანელ ავაზაკ კაზიმ-ხუდა-კარიმ-ოღლისთან დამქაშობა და ერთად ბევრ დანაშაულში მონაწილეობა დაუდეს ბრალად, რომლის დროსაც მოშიკაშვილი სარგებლობდა ძვირფასი ქვების ცოდნით, მდიდარ ვაჭრებთან ნაცნობობით და კაზიმ-ხუდა-კარიმ-ოღლისა და მის დამქაშებს გასაძარცვი ხალხის ვინაობას უმხელდა. ჰალგალ-ჰასან ოღლიმ კი ამ შემთხვევისას თავი დაიხსნა, თუმცა მალევე ჩავარდა, როცა იზატულა-ჰაჯი-გაფილ ოღლის პორტმონეში ფულის გამოცვლისას ამ უკანასკნელმაც ატეხა ყვირილი და თაღლითიც დაიჭირეს.

(ამონარიდები წიგნიდან "ძველი ტფილისის დამნაშავენი")


წინა ორი ნაწილი იხილეთ ამ ბმულზე

1
250
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
250
  
2023, 26 ივლისი, 22:59
ცხელი გოგონები გელოდებით ---- www.Xmiss.pw
0 1 1