მუსიკა "ნერვებს მიშლიან და მეზარებიან მათხოვრები... იცით, როგორი მათხოვრები?" - ნანი ბრეგვაძის აღსარება-მონოლოგი 2023, 21 ივლისი, 12:30
დღეს, 21 ივლისს ქართული ესტრადის დედოფალს, ლეგენდად ქცეულ საკულტო მომღერალს ნანი ბრეგვაძეს 87 წელი შეუსრულდა, გთავაზობთ მომღერლის აღასარება-მონოლოგს:
“ბიბლიისთვის ძირითადად ღამით ვიცლი. ამ ბოლო ხანებში ცოტა თვალები მტკივა და საერთოდ ვეღარაფერს ვკითხულობ. ბიბლია ნამდვილი სასწაულია, რომელიც ადამიანებს გაგვაჩნია. ყოველ წაკითხვაზე თითქოს პირველად ვკითხულობ, ამომაქვს და ამომაქვს სულ ახალ-ახალი რაღაცეები. ვითომ ვიცი, მაგრამ აღმოვაჩენ, რომ არაფერიც არ ვიცი. უფლის მიმართ საყვედურიც გამომითქვამს, მაგრამ იმ წუთას ბოდიშს ვიხდი, ღმერთო, მაპატიე, ეს რომ გავიფიქრე-მეთქი. რაღაც არასწორი ხდება ცხოვრებაში, მაგრამ ალბათ ასეც უნდა იყოს, ცხოვრება ხომ სასწორია – ხან ცუდი გადაწონის და ხანაც – კარგი. ჩემთვის მატერიალურ მხარეს მნიშვნელობა არ აქვს. რასაკვირველია, ვმუშაობ იმისთვის, რომ მატერიალურად დავეხმარო ჩემს დიდ ოჯახს. როგორც კი კონცერტი მაქვს, პატარა ბავშვივით მიხარია, რომ ფული მექნება და მას გავცემ. ხშირად უფალს ვესაუბრები, ღმერთო, ხომ იცი, რა გულით მინდა, ფული მქონდეს, ამიტომ მაპატიე, რომ გეხვეწები, ფული მომეცი, მარტო იმიტომ კი არა, რომ ოჯახში შევიტანო, არამედ იმიტომაც, რომ სხვებს დავეხმარო-მეთქი. პირადად ჩემთვის არაფერს ვიძენ, ჩემი ნათესავები და მეგობრები დახმარებას საჭიროებენ. ცოტას ვაკეთებ, მაგრამ ვაკეთებ გულით. სულ კარგად კი არ ვიყავი, ვიცი, ეს რა არის, ამიტომ, თითოეული ჩემი გაჭირვებული ახლობლის დახმარება სულიერ ნეტარებას მანიჭებს. ძალიან მაპატიოს ღმერთმა, მაგრამ საშინლად ნერვებს მიშლიან და მეზარებიან მათხოვრები. იცით, როგორი მათხოვრები? რომლებიც ყოველდღე მოდიან და მეუბნებიან, ოპერაცია აქვს ჩემს შვილს გასაკეთებელი და დამეხმარეო. რამდენჯერ დავხმარებივარ და ფული მიმიცია, მაგრამ მერე ძალიან გავბრაზებულვარ, იმიტომ, რომ გამიგია, რომ მატყუებს. ტყუილს კი ვერ ვიტან. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ქართველების “ნაგლობას” არ აქვს საზღვარი. თუ ერთხელ გაუკეთე სიკეთე, მერე გავალდებულებენ. ხშირად ერთი და იგივე ადამიანები მოდიან და მათ პრობლემებს არ უჩანს საზღვარი. ერთს ვუთხარი კიდეც, არ გიცნობ და გეხმარები, მაგრამ იცი, ასეთი რამდენი მყავს, ჩემი ნათესავები, ჩემი ბიძაშვილები, ბრეგვაძეები-მეთქი. სულ მინდა, მათ დავეხმარო ახალი წლისთვის, ზაფხულისთვის, მაგრამ ზაფხულში თვითონაც ძალიან მიჭირს – მკვდარი სეზონია, სამუშაო აღარ მაქვს და ხარჯები დიდი მაქვს, ამიტომ ვერ ვახერხებ მათთვის მიცემას და გული მიკვდება. დამიჯერეთ, აუცილებლად უნდა გასცე, ოღონდ არ დაგენანოს, გაბრაზებულმა არ უნდა გაიღო მოწყალება და გულით გასცე. მაშინ უფალი შეგეწევა. სამწუხაროდ, მატყუარები უფრო ხშირად მოდიან. რომ მოდიან, მრცხვენია უარის თქმა, რამდენჯერმე მეზობელთან გავსულვარ, მისესხია და მიმიცია. ვისაც მართლა ძალიან უჭირს, მას ეტყობა, უფრო მორიდებულია. საბედნიეროდ, ჩემი შვილიც დამემსგავსა, ჩემზე უკეთესი ეკაა. როცა ჩემებს გაუჭირდათ, ის ყველაფერში დაეხმარა. გულწრფელად, მაგრამ დიდი გულისტკივილით გეტყვით, ეკას წლოვანებაში ასეთი არ ვყოფილვარ.” წყარო: artinfo.ge 319 2-ს მოსწონს
|