საზოგადოება 10 გენიალური ციტატა წიგნიდან - "კაცია-ადამიანი?" 2023, 20 ივლისი, 11:20 1.„შიგ თითონ ეზო ისე უწმინდური იყო, როგორც ძველი ჩინოვნიკის გული. დიდი საქმე იყო, პატრონამდინ ისე მიგეღწიათ, რომ ან არ გასვრილიყავით, ან კიდევ ერთი ამბრის სურნელება თან არ აგეყოლიათ“ 2.„როცა ლუარსაბი იმ ზემოთ აღწერილ განცხრომაში ბრძანდებოდა, სიკვდილი იყო, რომ ვისმეს მოეშალა ამისი ქეიფი და ნებიერობა, ესე იგი ტახტზედ დარბაისლურად და პატიოსნად გადაგორ-გადმოგორება. სტუმარი ეჯავრებაო, ამაზე ამბობდა უგუნური ხალხი, მაგრამ განა სიძუნწით მოსდიოდა ეს ამბავი? აბა თქვენგან არ მიკვირს! სიძუნწე და ქართველი ორივე ერთად მოთავსდება? ყინული და ცეცხლი ერთი-ერთმანეთს არ დალევენ? თუ ეჯავრებოდა სტუმარი, იმიტომ ეჯავრებოდა, რომ უნდა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა. ადგომა კიდევ არაფერი, ეს ესე არ ეზარებოდა ლუარსაბსა: ტანთ ჩაცმა იყო ამის სიკვდილი. მთელს ზაფხულს ისე გაატარებდა, რომ პერანგის და მის ამხანაგის მეტს არას მიიკარებდა ტანზედ, თუ თავის ნებაზედ მიაგდებდით, თუ არა, მეტი რა ჩარა იყო. ზამთარში კიდევ პერანგზედ ქურქს წამოისხამდა, თუ ვინმე დიდი კაცი არ ეწვეოდა, ვსთქვათ თუნდა დიანბეგი. მაშინ, რა დროს ამბავსაც მე ვწერ, დიანბეგი დიდი ბობოლა იყო; ეხლაა, რომ, რაც ეს ოხერი სწავლა შემოვიდა, დიანბეგს დიდკაცად არ აგდებენ, თორემ უწინ — უჰ! უჰ! რა დიდი ვინმე ბრძანდებოდა. ასეთი დიდი, რომ კინაღამ აზნაურის სტუმრობაზედ ნათქვამი ანდაზა დიანბეგზედ არ გადაკეთდა: კინაღამ „დიანბეგის სტუმრობა, ნუ გგონია ხუმრობად“ არ შეიცვალა. რომ დიანბეგის სტუმრობა ხუმრობა არ არის — ეს ყოველ გლეხკაცმა ძალიან კარგად იცის დღესაც და ადრევ კი თავადიშვილმაც იცოდა.“ 3.„ლუარსაბის ტანისა კი რა მოგახსენოთ და გული კი, რო გენახათ, ღორის ჯაგარსავით მოდებული ჰქონდა, ასე რომ მრავალ საეჭვო სულიერებს შეეძლოთ შიშიანობის დროს აქ თავი შეეფარათ, მაგრამ... მაგრამ რა? განა ლუარსაბი ბედნიერი არ იყო? იმდენი დღეგრძელობა ამის დამწერს ჰქონდეს, რამდენი იმის ტოლი თავადიშვილი იმის ყოფა-ცხოვრებას შეჰნატროდა. მარტო იმის ტანის ბალანი სამყოფი იყო, რომ უბედურ კაცში შური აენთო, რომ სხვა არა იყოს-რა. თორემ რა უჭირდა ლუარსაბსა? ფერი აკლდა, თუ ხორცი? რა, სხვა უხეირო კაცსავით, ფიქრი და ზრუნვა ძილს დაუფრთხობდა, მადას წაართმევდა? ფერი კარგი ჰქონდა, ხორცი უკეთესი, სმა-ჭამა და ძილი ხომ რაღა. მეტი რა უნდა ქართველ კაცს, რომელიც ბედს და უბედობას ბალნით არჩევს, და რომლისათვისაც ბედს თუ ხვედრს დაუნიშნავს, რომ თავისი დღენი ქუდით უნდა ბუზს ერეკებოდეს.“ 4.„მკითხველო, ხომ არ მოგეწყინა? რასაკვირველია, მოგეწყინა: აქ არ არის არც სიყვარულის ეშმაკობა, არც კაცის-კვლა, არც უიმედო ქალის ოხვრა, არც წყალში გადავარდნა, ერთის სიტყვით — რაც აშვენებს გასართველად დაწერილს მოთხრობასა — ის აქ არაფერი არ არის. მაშ მოგეწყინება, ამას რაღა თქმა უნდა. მაგრამ ეს უნდა იცოდე შენ, მკითხველო, რომ მე ამისა ქვემორე ხელის მომწერელი მკითხველის გასართველად არ ვწერ ამ უხეირო მოთხრობასა. მე მინდა ამ მოთხრობამ ჩააფიქროს მკითხველი და, თუ მოიწყენს, ამის გამო მოიწყინოს; იმიტომ რომ ფიქრი და მოწყენა გაუყრელნი და-ძმანი არიან. მე მინდა, რომ მკითხველმა იმიტომ კი არ მოიწყინოს, რომ გასართველი არ არი, არამედ იმიტომ, რომ ჩამაფიქრებელია. თუ ამოდენა იხერხა და შესძლო ამ უხეირო წერილმა, მე ამის მეტი არა მინდა-რა და არც მდომებია, ჩემო მოწყენილო მკითხველო! თუ ვერ იხერხა, რა ვუყო? ამით ვინუგეშებ, რომ „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობია”. ამ დალოცვილს ანდაზას რამდენი უხეირო კაცი ხეირიანად გამოჰყავს და გამოუყვანია. მეც იმათში...“ 5.„ -მართალი ხარ, ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვით — რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია — ესეც კარგია: უარარაობას ეგა სჯობია. მაგრამ ეხლა ეს უნდა გკითხო: რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია? — დიაღ, — მეტყვი შენ, — მისვამს და მიჭამია, არც ერთი დღე მშიერი არა ვყოფილვარ.“ 6.„დიდი და პატარაობა სად არ არის? — სთქვა ლუარსაბმა, — აი, თუნდ თითებზედ დაიხედე: ერთი დიდია, მეორე პატარა. რისთვის? ამისთვის, რომ ღმერთს აგრე გაუჩენია, დიდი და პატარაობა ყველგან უნდა იყოს. აბა, დაიხედე!“ 7.„სწავლა, ღვთის მადლით, არაფრისა არა ჰქონდა. რომ ჰქონოდა, ეგრე მსუქანიც აღარ იქნებოდა. ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლექდება _ ხორცის დღეობა მაშინ არის, როცა სული ჰყვავის — ხორცი დნება. ამიტომაც ჭლექები ჭკვიანები არიანო, ამბობენ ხოლმე. ჩვენი ლუარსაბი, მგონი, თითონაც ბევრს არ იცემდა თავში, — რატომ სწავლა არა მაქვსო, — სწორედ ამის გამო.“ 8.„გაიარა რაოდენმამე ჟამმა და წუთის-სოფლის დაუდგრომელმა ბრუნვამ ბევრი რამ გამოსცვალა დედამიწის ზურგზედ. ამათ შვილი არ მიეცათ. დარეჯანმა ერთი აქიმი დედაკაცი იშოვა და წამლობა დაიწყო, აქიმმა დედაკაცმა ერთი რაღაც წამალი მისცა, მთელი ორი კვირა ასმევდა და მესამე კვირას კი დარეჯანს ფეხები გააჭიმინა. დარჩა ქვრივად საწყალი ლუარსაბი. წვერი დაიყენა, შავები ჩაიცვა. თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან დამარხა. ორი სიამოვნებაღა დარჩა ამ ტრიალ ქვეყანაზედ: ერთი — მადა; მეორე ისა, რომ ლამაზისეული ფეხთ უჯდა ხოლმე, როცა ძილს დააპირებდა ბატონი, ფეხის გულებზედ და კანჭებზედ ხელს უსვამდა და ისე აძინებდა. ესღა იყო ამისათვის ნუგეშად, თორემ ის პატიოსანი ფაშვი ჩამოებღერტა, ის ხაშხაში ლოყები ჩაუყვითლდა, ის დიდრონი ძროხის ოდენა თვალები უგემურად მიელივა, ის სამკეცი ფაფუკი ღაბაბი გუდა ლეღვსავით გაუხდა, ამასთანაც ის თავისებური განსხვავებითი მუდამი ღიმილი სახიდამ დაეკარგა, — ერთის სიტყვით, წახდა კაკალი კაცი. მწუხარებამ ესე იცის. ბოლოს, ფერისცვალობის დღეს, რაღაც ეშმაკად, ნათლიმამამ ნახევარი ლიტრა კალმახი მოართვა. ჯავრისაგან იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა, მოუვიდა კუჭის ანთება და ჩაჰბარდა პატრონსა.“ 9.„წაიშალა ამ ორთა გვამთა ცხოვრების კვალი დედამიწის ზურგზედა.რისთვის მოვიდნენ და რისთვის წავიდნენ? ნუთუ ნახევარი საუკუნე იმისთვის იცხოვრეს, რომ ოთხი ფიჭვის ფიცარი ეშოვნათ და სამ-სამი ადლი მიწა? ან კიდევ ქვაზედ წაიწერონ, რომ „ჩყ... წლამდინ თავადი ლუარსაბი თათქარიძე და მისი კნეინა დარეჯანი ცოცხალნი ყოფილან და მერე დახოცილან?“ სხვა ხომ არაფერი გვეტყვის, რომ ესენი ამ ქვეყანაში ყოფილან და უცხოვრიათ. „წამკითხველო, შენდობა გვიბძანეთო“, ამბობს იმათი ქვის ზედწარწერილი. ნახევარი საუკუნე ამისთვის იცხოვრეს ამ ქვეყანაზედ, რომ ბოლოს მაინც კიდევ „შენდობა“ ითხოვონ და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე? უფროსთაგანს ქართვლის საფლავის ქვას რომ აწერია „შენდობა გვიბძანეთო“, ეხლა მესმის, რისთვისაც აწერია. მაგ შესანდობარს და შესაბრალისს ჩვეულებას თავისი აზრი და საფუძველი ჰქონია, მაგრამ არ გითარგმნი კი, მკითხველო! თუ კაი გული გაქვს და გამჭრე გონება შენც თითონ ჩემზედ უკეთესად მიხვდები, თუ არა და, თქმა საჭირო არ არის. ტყუილად გულს გატკენ, გაგარისხებ და ის რისხვა ისე აგიბამს თვალსა, რომ სხვას შენზედ მეტადაც რომ გული სტკიოდეს, ამას ვეღარ დაინახავ და იმის გულის სატკენ სიტყვას მუხანათობაში ჩამოართმევ.“ 10.„აბა, უყურე წუთის-სოფლის მუხანათობას! ეგ რა კიდევ, თამარ დედოფალი შავ მიწაში უნდა იყოს და შენი რძალი ელისაბედი კი მზეს უყურებდეს!“ 258 1-ს მოსწონს
|