x
რატომ ატარებენ მუსლიმები ჰიჯაბს?
რატომ ატარებენ მუსლიმები ჰიჯაბს?

ჰიჯაბი, ნიქაბი, ბურკა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ სპეციალური სამოსისა/თავსაბურავისა, რომლის ტარებასაც მუსლიმ ქალებს თავიანთ აღმსარებლობა ავალდებულებს.

ზოგიერთი ქალი თავსაბურავებს ტანის, მხრების, თავის, ყელისა და თმების დასაფარად ატარებს, ზოგიერთი კი მთლიანად სახის დასაფარად.

თავსაბურავები განიხილება როგორც რელიგიური რწმენის სიმბოლო, თუმცა ყველა არ იზიარებს მათი ტარების ვალდებულებას და ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულიც კი არის საზოგადოებრვივი თავშეყრის ადგილებში ისეთი თავსაბურავის ტარება, რომელიც მთლიანად ფარავს სახეს.


გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ამ სამოსის ტარების აკრძალვას ერთმნიშვნელოვნად დისკრიმინაციად მიიჩნევს.

ვნახოთ, რა განსხვავებაა მუსლიმურ თავსაბურავებს შორის:

ბურქა/ბურკა - არის მუსლიმი ქალების სამოსი, რომელიც მთლიანად ფარავს სხეულს, თავსა და სახეს;

ჰიჯაბი - არის მუსლიმი ქალების თავსაბურავი. ბურკისა და ნიქაბისგან განსხვავებით, ჰიჯაბი არ ფარავს სახეს. იგი ფარავს თავს/თმას და ყელს;

ნიქაბი - ხშირად ერევათ ბურქაში. თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაა, ნიქაბი ფარავს მთელ სახეს, გარდა თვალებისა, ბურქა კი მთელ სახეს ფარავს;

ჩადრი - ფარავს ქალის სხეულს თავიდან კოჭებამდე, თუმცა სახე ღიაა;

შეილა - გრძელი თავსაბურავი, რომელიც თავისუფლად, სამაგრების გარეშე არის მოხვეული თავზე;

ჰიჯაბ-ამირა - ფარავს თავსა და მხრებს;

ჰიმარი - მოსახვევი წელამდე, აქვს ჭრილი სახისთვის.

ქვეყნები, სადაც აკრძალულია თავსაბურავი, რომელიც ფარავს სახეს:

საფრანგეთი - პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც აიკრძალა თავსაბურავის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. საფრანგეთში 2011 წელს აიკრძალა თავსაბურავების ტარება, რომელიც ფარავს სახე. ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიერ აიხსნა შემდეგნაირად - "ეს კანონი დაიცავს ქალებს და უზრუნველყოფს თანასწორობას". საფრანგეთის კანონმდებლობით აკრძალულია ბურქა და ნიქაბი. ყველას, ვინც დაარღვევს კანონს, დაეკისრება ჯარიმა 150 ევროს ოდენობით. ხოლო ვინც აიძულებს ქალებს ატაროს თავსაბურავი, ის 30 ათასი ევროთი დაჯარიმდება.

ბელგია

საფრანგეთის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, ბელგიაშიც 2011 წელს აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავსაბურავის ტარება, რომელიც ფარავს სახეს. კანონდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 1378 ევროს ოდენობით, ან შვიდი დღით თავისუფლების აღკვეთა.

ნიდერლანდები

2015 წელს ნიდერლანდების სამეფომ ნაწილობრივ აკრძალა თავსაბურავი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალებს ეკრძალებათ სახის დაფარვა სკოლებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

იტალია

იტალიას არ აქვს კანონმდებლობა ეროვნულ დონეზე, რომელიც მთელ ქვეყანაში კრძალავს თავსაბურავის ტარებას, რაც ფარავს სახეს. თუმცა ქალაქ ნოვარას ადმინისტრაციამ დააწესა გარკვეული სახის შეზღუდვები. ჯარიმები არ არის დადგენილი. 2016 წელს ლომბარიის რეგიონმა აკრძალა ბურქის ტარება. ქალებს ეკრძალებათ სახის დაფარვა საავადმყოფოებსა და საჯარო დაწესებულებებში.

ესპანეთი

ესპანეთში, კატალონიის რეგიონის ზოგიერთ ნაწილში არსებობს კანონი ნიქაბისა და ბურქის აკრძალვის შესახებ. 2013 წელს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა აღნიშნული აკრძალვა ზოგიერთ ნაწილში, რადგან ის ზღუდავს რელიგიურ თავისუფლებას.

ჩადი

2015 წელს, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შემდეგ, ჩადში ქალებს აეკრძალათ თავსაბურავის ტარება, რომელიც ფარავს სახეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, უნდა დაიწვას ყველა ბურკა, სადაც კი შეიძლება იგი იყიდებოდეს. ბურქის ტარების გამო შესაძლოა ადამიანი საპატიმროში მოხვდეს.

კამერუნი

ჩადში მიღებული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, 2015 წელს კამერუნის 5 პროვინციაში აიკრძალა თავსაბურავის ტარება.

ნიგერია

თავსაბურავი აკრძალულია დიფაში, ნიგერიის ერთ-ერთ რეგიონში.

კონგო

თავსაბურავის ტარება აიკრძალა 2015 წელს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში "ტერორისტული თავდასხმების თავიდან არიდების" მოტივით.

თურქეთი

თურქეთში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმანია, 2013 წლამდე მოქმედებდა სახელმწიფო დაწესებულებებში თავსაბურავის აკრძალვის კანონი. დღეს კი, ქალებს შეუძლიათ ატარონ თავსაბურავები ყველგან, სადაც მათ მოესურვებათ, იქნება ეს კაფე-ბარი, სასამართლო, პოლიცია თუ სამხედრო სამსახური.

შვეიცარია

შვეიცარიაში, ტიჩინოს რეგიონში, მუსლიმ ქალებს ეკრძალებათ თავსაბურავის ტარება მაღაზიებში, რესტორნებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში.

გერმანია

გერმანიაში ბურქისა და ნიქაბის ტარება ნაწილობრივ აიკრძალა. ბურქის და ნიქაბის ნაწილობრივ აკრძალვის ინიციატივით გერმანიის კანცლერი გამოვიდა. ანგელა მერკელს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაუჭჲრა მხარი, რომელიც თვლის, რომ გერმანულ საზოგადოებაში სახის გამოჩენა აუცილებელია.

დანია

2018 წელს დანიაში მიიღეს კანონი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იმ ნივთების ტარების აკრძალვას გულისხმობს, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს, მათ შორის ნიქაბი და ბურკა.

შრი-ლანკა

შრი-ლანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აიკრძალება ისეთი სამოსი, რომელიც ადამიანს სახეს უფარავს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ქვეყანაში 2019 წლის 21 აპრილს, ტერორისტულ აქტს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.

გთავაზობთ 17 წლის კანადელი სკოლის მოსწავლე გოგონას, სულტან იუსუფალის წერილს, რომელიც კანადის უმსხვილეს გამოცემაში „ტორონტო სტარი“ რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა. ახალგაზრდა მუსლიმმა თავისი გზავნილი მარტივად დაასათაურა: „რატომ ვატარებ ჰიჯაბს?“ ვიმედოვნებ, რომ ამონარიდები ამ წერილიდან დაგეხმარებათ იმ მიზეზის გაგებაში, რის გამოც მილიონობით მუსლიმი ქალი მთელს მსოფლიოში თანამედროვე მოდურ ტანსაცმელს, ჰიჯაბის ტარებას ამჯობინებს:

„... ცოტა ხნის წინ მონრეალის ერთ-ერთი სკოლიდან ორი გოგონა მხოლოდ იმიტომ იქნა გარიცხული, რომ ისინი ჩემსავით იცვამდნენ. საოცარია, ქსოვილის ნაჭერი, რომელიც ჩვენი მუსლიმი ქალების ტანსაცმელს განასხვავებს გარშემომყოფთა ტანსაცმლისაგან, ხდება დაბრკოლება ჩვენს ურთიერთობაში. ან იქნებ მათ იმის ეშინიათ, რომ ჩვენი სამოსის ქვეშ ავტომატებს ვმალავთ? მაგრამ რა თქმა უნდა, მოცემული პრობლემის ფესვები გაცილებით ღრმაა, ვიდრე უბრალო ნაჭერი. ისლამის აღმსარებელი მილიონობით ქალის მსგავსად მეც მაცვია ჰიჯაბი - ქალის მუსლიმური ტანსაცმელი. ჰიჯაბის კონცეფცია, ეწინააღმდეგება გავრცელებულ შეხედულებას და არსებითად ერთ-ერთ ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს, რომელიც ქალებს თავიანთ შესაძლებლობების გაფართოვების გარანტიას აძლევს.
როდესაც ვიცვამ სამოსს, რომელიც მთელს ჩემს სხეულს ფარავს, გარშემო მყოფებს ჩემი გარეგნობის მიხედვით განსჯის შესაძლებლობას ავტომატურად ვართმევ... რა თქმა უნდა მაქვს სხეული, ჩემი ფიზიკური ფორმა. მაგრამ ეს მხოლოდ ჭურვია, რომლის შიგნითაც თავისუფალი აზროვნება და ძლიერი ნება იმალება. ჩემი სხეული ჩემთვის მეტისმეტად ძვირფასია, იმისთვის რომ იგი სხვადასხვა საქონლის რეკლამირებისთვის გამოვიყენო, იაფფასიანი ლუდის ბოთლით დაწყებული ძვირადღირებული ავტომობილების ჩათვლით.
თანამედროვე სამყაროს ღირებულებები იმდენად დაკნინებულია, რომ მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ადამიანის გარეგნობა და მისი სხეულის ფორმები გახდა, ხოლო მისი სულიერება მეორე პლანზე გადადის ან სრულად იგნორირებულია. არ დაიჯეროთ, მათი, ვინც ამტკიცებს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ქალებმა სრული თავისუფლება მიიღეს. რომელ თავისუფლებაზე შეიძლება საუბარი, როცა თანამედროვე გოგონამ სახლიდან გასვლისას იცის, რომ მისი „თავისუფალი“ სხეულის ყველა ნაწილი საგულდაგულად იქნება შესწავლილი ყველას მიერ, ვისაც კი თვალები აქვს!
ჰიჯაბში თავს ყოველივე ამისგან დაცულად ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, რომ არავინ შემომხედავს შემფასებლური, ავხორცული მზერით და კაბის სიგრძის მიხედვით არ შეეცდება ჩემი ხასიათის გამოცნობას. ჰიჯაბი - ეს არის ბარიერი ჩემსა და ჩემს გარშემო მყოფ მონადირეებს შორის. მე ვარ ადამიანი და ჩემი სქესობრივი იდენტობა არ უნდა გახდეს ჩემი დამცირების მიზეზი...
გინდ დაიჯერეთ გინდ - არა, მაგრამ 90-იან წლებში ქალი სხვადასხვა შაბლონების მონა გახდა. მას საკუთარი თავით ვაჭრობას და საეჭვო იდეალებისკენ სიარულს აიძულებენ. ჩვენ ამას მივეჩვიეთ და ამიტომ აღელვების გარეშე ვაკვირდებით ცამეტი წლის მოზარდებს, რომლებიც დაუფიქრებლად იწვევენ ღებინებას, იმის გაგებისას, რომ რამდენიმე გრამით მეტი შეჭამეს, ვიდრე ეს იდეალური წონის შესანარჩუნებლად არის მიზანშეწონილი. აღარც ახალგაზრდა გოგონებში გახშირებული თვითმკვლელობები გვაშფოთებს, რომლებიც იმ რამდენიმე კილოგრამის დაკლების სურვილით სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, რომლებიც მათ „ეტალონისგან“ აშორებთ.
როდესაც მეკითხებიან, ვგრძნობ თუ არა თავს უფლებებ შეზღუდულად, გულახდილად ვპასუხობ, არას. ეს ჩემი არჩევანია! მომწონს იმის გაცნობიერება, რომ მე თავად ვმართავ იმას, თუ როგორ მიმიღებენ სხვები. ვამაყობ, რომ სხვებს ჩემი სხეულის გამოყენების უფლებას არ ვაძლევ. მე გავთავისუფლდი მოდისა და იმ ყველაფრის მონობისგან, რომელიც ქალს ექსპლუატირებას უწევს.
ჩემი სხეული - ჩემი საქმეა! ჩემთვის ცრუ იდეალების დაწესების ან ჩემი სილამაზის შეფასების უფლებას არავის მივცემ. მე ვპასუხობ „არას“ მათ, ვინც ამბობს, რომ ისლამი ჩემს სექსუალურ უფლებებს არღვევს. პირიქით ჩემი რელიგია მე მათ გარანტიას მაძლევს. შემოქმედის მადლობელი ვარ, იმისთვის რომ მან დამიფარა იმათ რიგებში ყოფნისგან, რომელთა ცხოვრების აზრი არის - წონის „ეტალონისკენ“ სწრაფვა, ან მისი კანისთვის იდეალურად შესაფერისი პომადის ფერის ძებნა. ისლამმა მე სხვა პრიორიტეტები დამიწესა...
და თუ ქუჩაში მე ან ჩემს მეგობრებს შეგვხვდებით, ნუ შემოგვხედავთ თანაგრძნობით. ჩვენ არც ჰიჯაბის პატიმრები ვართ და არც მონები. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ!“

0
141
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0