კრიტიკა სტალინი და ვაჟა ფშაველა- უცნობი ისტორია 2023, 14 ივლისი, 12:34
დღეს 14 ივლისს (სხვა ვერსიით 15 მაისს)დიდი ქართველი პოეტის, მთის მგოსნის ვაჟა ფშაველას დაბადების დღეა, პოეტის შემოქმედებაზე და ცხოვრებაზე ბევრი რამ დაწერილა, თუმცა დღეს შემოგთავაზებთ ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ისტორიას, რომელიც გელა ჩარკვიანმა მამის, კანდიდ ჩარკვიანის მონაყოლით იცის.
– პირველ რიგში, უნდა ვთქვა ის, რომ სტალინი ქართული ლიტერატურით ყოველთვის იყო დაინტერესებული. ყოველი, ასე თუ ისე, მნიშვნელოვანი გამოცემა მას ეგზავნებოდა. იყო კიდევ ერთი წყარო, რომელიც კვებავდა სტალინს ამ მიმართულებით – ეს იყო ვასო ეგნატაშვილი, მისი ახლობელი კაცი, ლიტერატორი, რომელსაც განსაკუთრებული შეხედულებები ჰქონდა კუთხური პატრიოტიზმის საკითხებზე. სტალინს თავისი შეხედულება ჰქონდა საქართველოს ერთიანობის და ერთიანი ენის შესახებ. ფიქრობდა, რომ ქართული ენა არ არის ჩამოყალიბებული როგორც ერთი საერთო ეროვნული ენა. მე ამას არ ვიზიარებდი, მაგრამ სტალინი ფიქრობდა, რომ ქართულ ენას კიდევ ესაჭიროება გაერთიანება და საერთო ენის შექმნა მთელი ხალხისათვის. ამ ფონზე წარმოიშვა ეს საკითხი. ერთ-ერთი საუბრის დროს ის პოეზიას შეეხო და ვაჟა-ფშაველა ახსენა, მას ზოგიერთი მისი ლექსები ზეპირად ახსოვდა. ერთი ლექსი რომ თქვა, ვიფიქრე, რომ ვაჟას თაყვანისმცემელია. მეც გამიხარდა, რადგან ვაჟას დიდ პოეტად მივიჩნევ და ვუთხარი, უცნაურია, რომ გენიოსი, სადაც არ უნდა იყოს დაბადებული, მთაში თუ ბარში, მაინც გენიოსია და რომ ვაჟამ დიდი განძი დაგვიტოვა თავისი შემოქმედების სახით. იგი თავისებური, ორიგინალური, დიდი მოვლენაა არა მარტო საქართველოს, არამედ საერთოდ მსოფლიოს ლიტერატურაში-მეთქი. სხვათა შორის, არაფერი უთქვამს, დამეთანხმა კიდეც. ამით დამთავრდა საუბარი. უბრალოდ, მთხოვა, ხომ არ შეიძლება, რომ ვაჟას ნაწარმოებები გამომიგზავნოთო. გავუგზავნე 3 თუ 4 ტომი ის ძირითადი, რაც გამოცემული იყო. გავიდა თვე თუ თვე-ნახევარი და დამირეკა. ლაპარაკი შედგა რუსულად: „Вы говорили, что Важа-Пшавела гений, но я должен вас разочаровать. ВажаПшавела очень большой талант, но мировоззрение у него безнадежно отсталое“. მერე ილაპარაკა იმაზე, რომ როცა ქართველი ხალხის დიდი შვილები – ილია, აკაკი, გოგებაშვილი ქმნიდნენ ერთ საერთო ენას, ვაჟა, პირიქით, ყველა ქართულ კილოკავს ენად მიიჩნევდაო (ვაჟას პოეზიას რომ იმ ენის სარჩული ჩამოაშორო, პოეზია ბევრს, ძალიან ბევრს დაკარგავს. ეს ჩემი შეხედულებაა, მაგრამ სტალინს ასეთი შეხედულება არ ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ ვაჟა, ენის თვალსაზრისით, ძალიან ჩამორჩენილია და ეს არ უწყობს ხელს ერთიანი ქართული ენის ჩამოყალიბებას). გარდა ამისა, როცა საქართველოში სოციალური განთავისუფლებისათვის იბრძოდნენ, ვაჟა გვერდზე იდგა და არაფერში არ ერეოდაო. საკვირველია, რომ აკაკი წერეთლის შეხედულება ჩვენს მეცნიერებს არ მიაჩნიათ სწორად და იმის ნაცვლად, რომ აკაკის დაუჭირონ მხარი, ვაჟას ემხრობიანო და მოიყვანა მერე აკაკის ეს ცნობილი ლექსი: „ენას გიწუნებ, ფშაველო“. ეს არ არის სწორი, მერე გერონტი ქიქოძეს შეეხო. მარქსისტია თუ არა გერონტი ქიქოძეო. ქიქოძე მასთან მუშაობდა, არალეგალურ ბოლშევიკურ ორგანიზაციაში და იქიდან ახსოვდა. თავის ძველ წერილებში ვაჟას აკრიტიკებდა, ახლა კი ცაში აჰყავსო, ყველა მის სუსტ მხარეს დადებით შეფასებას აძლევსო. ასეთი საუბარი შედგა. მაშინ მე არ გადამიწყვეტია, რომ გამოვიდოდი. მერე დამირეკა სტალინმა, რაღაც სხვა საქმეებზე და თან მკითხა, როგორ არის ვაჟა-ფშაველას საქმეო. მე ვაგრძნობინე, რომ ძალიან არ მსიამოვნებდა ამაზე ლაპარაკიც კი. ამაზე მან მითხრა, მე ჩემი გითხარით და თქვენ როგორც გინდათო. ეს ნიშნავდა, რომ მე პირდაპირ მეძლეოდა დავალება. სტალინის დავალების შეუსრულებლობა ჩვენ მაშინ ვერ წარმოგვედგინა. აი, ეს უნდა იყოს მხედველობაში მიღებული. რასაც დაგვავალებდა, ის უნდა გაგვეკეთებინა. ურჩობა და წინააღმდეგობა, გარდა იმისა, რომ არავინ იცოდა, რა მოჰყვებოდა ამას, საერთოდ წარმოუდგენელი იყო იმ იდეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში, რომელიც იყო შექმნილი სტალინის დროს. ამიტომ იყო, რომ მე გამოვედი და გადმოვეცი დაახლოებით ის აზრი, რაც სტალინმა გამოთქვა ვაჟას შესახებ. ჩემს იმდროინდელ გამოსვლას ათას ინტერპრეტაციას აძლევდნენ ისინიც კი, ვინც საერთოდ არ იცნობს მას. მე იქ ვლაპარაკობ მხოლოდ იმაზე, რომ ვაჟა-ფშაველა კუთხურ ენას იყენებდა, რომ ეს სწორი არ არის ქართული ენის განვითარებისათვის, რომ ჩვენი მეცნიერები სწორად არ ეკიდებიან ამ საკითხს, რომ აკაკი მართალი იყო, ისიც ვთქვი, რომ ჩაკეტილი იყო ფშავში და მთელ თავის შემოქმედებაში მთიელების ბრძოლებს აღწერდა. ამავე დროს, მე ვამბობ, რომ ვაჟას შემოქმედება შევიდა საქართველოს ოქროს ფონდში, მაგრამ ის სუსტი მხარეები მაინც უნდა იყოს გაკრიტიკებული. აი, ასეთი არის ის ჩემი გამოსვლა. – მოჰყვა თუ არა ამას სასკოლო პროგრამებში ვაჟას შემოქმედების შეკვეცა? – არავითარი სანქცია არ იყო მიღებული ცკ-ს მიერ. ვერც მოვასწრებდით, ეს იყო 1951 წლის დასაწყისში. არავითარი პროგრამის შეკვეცა არ მომხდარა, უბრალოდ, ხალხი ჩვენთან თუ რამეს გაიგებდა ზემოდან, ამძაფრებდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ სადმე შეიძლებოდა რაღაც ზომები ყოფილიყო მიღებული, მაგრამ არა ჩვენ მიერ. მე ამას ჩვეულებრივ კრიტიკად მივიჩნევდი, რის გამოც გარკვეულ სამეცნიერო შრომაში შეიძლებოდა ცვლილებები შესულიყო, მეტი არაფერი. არავითარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვაჟა-ფშაველა, როგორც პოეტი, დაგვესამარებინა, არ ყოფილა.” 903 3-ს მოსწონს
|