"ჩვენ ქვეყანას დღეს რომ უკვე ჰყავდეს პროდასავლური, კოალიციური მმართველობა, არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი გვექნებოდა მიღებული, არამედ სრულიად რეალისტური იქნებოდა ერთ წელიწადში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ვამბობ იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ჩანაცვლდება ქართული ოცნება არჩევნების შედეგად. ჩვენ თუ მაგ დროისთვის კანდიდატის სტატუსი არ გვექნება, ძალიან სწრაფად შევძლებთ სტატუსის მიღებას და ამავდროულად გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
მოლოდინები, რომ თუ ქვეყანა წლის ბოლოსთვის არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, კარი დაიკეტება ჩვენთვის ევროკავშირში, არ არის სიმართლე, ეს არის ტყუილი. ჩვენთვის კარი არ დაიხურება, ის შეიძლება მხოლოდ დროებით დაკეტილი დარჩეს, სანამ არ მოხდება ქართული ოცნების ჩანაცვლება პროდასავლური, ევროპული ტიპის კოალიციური მმართველობით.
ჩვენს ხალხს აქვს მოლოდინი, შესაბამისად, ეს მოლოდინი არსებობს და ჩვენი ევროპელი მეგობრები ამას ითვალისწინებენ, მაგრამ თავისთავად სტატუსი ქართული ოცნების პირობებში არ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ. ეს ხელისუფლებაა, რომელიც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს არ ნიშნავს"- განაცხადა ჯაფარიძემ.