x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ჩვენ ვერ შევძლებთ ხელოვნური სუპერინტელექტის გაკონტროლებას, რათა მან კაცობრიობა არ გაანადგუროს
ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ფილმების ციკლი “უცხო, ” სადაც მის პირველ ნაწილში ხელოვნური ინტელექტი, სახელად ეში, უჯანყდება კოსმოსურ ხომალდ “ნოსტრომოს” ეკიპაჟს. ამავე ციკლის მომდევნო ნაწილში კი სხვა ხელოვნური ინტელექტი, სახელად ბიშოპი, უკვე იმგვარად არის დაპროგრამებული, რომ მას ადამიანებისთვის ზიანის მიყენება აღარ ძალუძს.


სამწუხაროდ, როგორც უკანასკნელი კვლევების მიხედვით გახდა ჩვენთვის ცნობილი, ბიშოპის მსგავსი ხელოვნური სუპერინტელექტის შექმნა უტოპიაა.


თურმე შეუძლებელია, შევქმნათ ზეგონიერი რობოტი, რომლის გაკონტროლებას ჩვენ შევძლებთ და რომელსაც “ვასწავლით” თუ “ვაიძულებთ, ” რომ მან კაცობრიობას ზიანი არ მიაყენოს.


აი ასეთია ის სამწუხარო რეალობა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ.



ანუ ჩვენ გვაქვს უნარი, შევქმნათ ხელოვნური სუპერინტელექტი, რომელიც იდეაში შეძლებს, მოგვიგვაროს იმ დონის და იმ მასშტაბების პრობლემები, რაზეც აქამდე ვერც კი ვიოცნებებდით, მაგრამ ამით ჩვენ დავკარგავთ დომინირებულ მდგომარეობას ამ სამყაროში და გადავიქცევით დაახლოებით იმ ხარისხის არსებებად ამ ხელოვნური ინტელექტის კონტროლქვეშ, როგორებიც ჩვენთვის არიან კატები, ციყვები ან ზაზუნები. და როგორც ზაზუნას, ციყვს ან კატას არ შესწევს უნარი, გააკონტროლოს ადამიანი და ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებებზე, ზუსტად ასევე ვიცხოვრებთ ჩვენც იმ სამყაროში, სადაც ზეგანვითარებული ხელოვნური ინტელექტი იარსებებს.


არადა, ზეგანვითარებულ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უსწრაფესად გადაჭრას უმწვავესი პრობლემები, რისი გადაჭრაც ჩვენს მწირ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ამ ეტაპზე მკვეთრად აღემატება და გვაცხოვროს “სამოთხეში, ” მაგრამ ამ “სამოთხეს” ერთი ძალიან დიდი ნაკლი ექნება: აქ ჩვენ, ადამიანები, აღარ ვიქნებით მისი ბატონ-პატრონები.


და ჩვენ დანამდვილებით ვერც საერთოდ იმას ვიტყვით, რომ ზეგანვითარებული ხელოვნური ინტელექტი ერთ მშვენიერ დღეს ყველა ჩვენთაგანს ფიზიკურად არ გაგვანადგურებს.


ხელოვნური ინტელექტის განვითარების კვალდაკვალ ჩვენ რეალურად შეიძლება აღმოვჩნდეთ იმგვარი უმძიმესი პრობლემების წინაშე, რასთან შედარებითაც ფილმი “ტერმინატორის” სიუჟეტი უწყინარ გასართობად მოგვეჩვენება.


ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ, ღირს თუ არა ამხელა რისკის გაწევა. ჩემი ღრმა რწმენით, არ ღირს. არ არის საჭირო ხელოვნური ინტელექტის კიდევ უფრო სწრაფად განვითარებაში მეტი თანხების ჩადება, რათა მან ადამიანს აჯობოს. ადრე თუ გვიან სათანადო პროგრესს ხელოვნური ინტელექტის გარეშეც მივაღწევთ. საუკუნეების მანძილზე დავაგროვებთ ცოდნას და ისე ფრთხილად ვიმოქმედებთ, რომ ამ ცოდნამ არ გაგვანადგუროს.


image


0
261
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0