x
image
ლურჯი თოლია
დავით აღმაშენებელი და ეშმაკი - ლეგენდა მეფეზე

ამ ხალხური თქმულებით, დავით აღმაშენებელს სამი ეკლესიის ბალავარი ერთდროულად ჩაუსხამს გელათში, მარტვილსა და სუჯუნაში. ეშმაკს უფლის სახლების აღშენებისთვის ხელის შეშლა მოუწადინებია და რამდენჯერაც ამოუყვანიათ ტაძრების კედლები, იმდენჯერ დაუნგრევია ისინი ღამით.

დავით აღმაშენებელი

დავით მეფეს გადაუწყვეტია, რადაც უნდა დაჯდომოდა, ხელთ ეგდო ეშმაკი. აუღია ჯამი, აუვსია წყლით და დაუდგამს ბალავრის მახლობლად, თვითონ კი კუთხეში ჩასაფრებია უკეთურს.

კარგად რომ დაბნელებულა, წყეულიც გამოჩენილა და საქმეს შედგომია. მერე უცბად წყლიანი ჯამი შეუნიშნავს და მისულა. დავითს დრო უხელთია, სამალავიდან გამოვარდნილა და ხელი უტაცია. ეშმაკი ჯორად გადაქცეულა, მაგრამ მეფე არ დაბნეულა, ამოუდია რკინის ლაგამი და ზურგზე მოხტომია უწმინდურს. ჰოდა, იმ დღიდან ჯორს აღარ იშორებდა მეფე.

ამბობენ, ჯორ-ეშმაკი გელათის მონასტრის აგების შემდეგაც ემსახურებოდაო დავითს და ცუდ გზაზე, სადაც მათრახი მოხვდებოდა ხოლმე, ჯორი ისეთი სიმწრით ადგამდა ფეხს, რომ ყველგან კვალს ტოვებდაო. ჰოდა, იმერეთში, ერთ კლდეზე დღესაც არის შემორჩენილი ნიშანი, რომელსაც „ჯორის კვალს“ ან „ეშმაკის ნაფეხურს“ ეძახიან.

აღმაშენებელი ჯორს თავისი ხელით უვლიდა, თვითონ დაჰყავდა წყლის დასალევად და საძოვრად, სხვას არ ენდობოდა — ეშმაკია, მოატყუებს და გაექცევაო. მაგრამ ერთხელ, მოუცლელობის გამო, დავითს მეჯინიბისთვის დაუვალებია ჯორის დასარწყულებლად წაყვანა. თანაც გაუფრთხილებია, არამც და არამც აღვირი არ წაჰყაროო.

მიუყვანია მეჯინიბეს ჯორ-ეშმაკი წყაროსთან. იმასაც დაუყნოსავს წყალი, მერე თავი მაღლა აუღია და მოჰყოლია ფრთხვენასა და წიხლების სროლას. მეჯინიბეს უფიქრია, საწყალს ეტყობა აღვირი უშლის ხელსო და წაუყრია იგი ჯორისთვის. გახარებული ეშმაკიც წყაროში ჩამხტარა და გაუჩინარებულა.


0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0