სხვა ქალი, რომელმაც ჰიტლერს შვილი გაუჩინა 2023, 31 მაისი, 12:58
ჰილდეგარდ ტრუცი ნაციონალ-სოციალიზმის თვალსაზრისით იდეალური არიელი იყო, ვინაიდან გოგონას ქერა თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა. მას ხშირად წარმოადგენდნენ, როგორც უმაღლესი რასის გერმანელის საუკეთესო მაგალითს, რომელსაც ასევე გრძელი ფეხები და ფართო თეძოები ჰქონდა, რაც ბავშვის გაჩენისთვის იდეალური იყო. გოგონა 15 წლის იყო, როდესაც გერმანელი გოგონების კავშირს (Bund Deutscher Mäde) შეუერთდა, რაც ჰიტლერის "ჰიტლერიუგენდის" ერთგვარ ქალთა ანალოგს წარმოადგენდა. მას მტკიცედ სჯეროდა როგორც ფიურერის, ასევე მისი ახალი გერმანიის მოწყობის იდეისაც. ჰილდეგარდს მოსწონდა ადოლფის გამოსვლების მოსმენა, ხიბლავდა ასევე ისიც თუ როგორ ხაზგასმით აღნიშნავდა ის ახალგაზრდების როლს საოცნებო ქვეყნის მოწყობის საქმეში. 1936 წელს გოგონამ სკოლა დაამთავრა და არ იცოდა რა ეკეთებინა. ყველა გზა ღია იყო, ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდა და ბევრი სამუშაო ადგილიც იყო, მაგრამ ტრუცს მეტი სურდა, უნდოდა ცხოვრებაში რაღაცის რადიკალურად შეცვლა.
ასე შეიტყო ახალგაზრდა ჰილდეგარდმა "ლებენსბორნის" ("სიცოცხლის წყარო") შესახებ, რაც პარამილიტარისტული ორგანიზიაციის "შუცშტაფელის" პროგრამას წარმოადგენდა, რომელიც ცისფერთვალება და ქერათმიან ნორდიული რასის ბავშვების გამრავლებას გულიხმობდა. პროექტის ფარგლებში "სუფთა", ახალგაზრდა გერმანელი ქალები "სს"- ს ოფიცრებთან ურთიერთობისთვის საგანგებოდ ირჩეოდნენ, რათა შემდეგ სრულყოფილი არიელებისგან დაორსულებულიყვნენ.
მოზარდს უთხრეს, რომ "ლებენსბორნის" პროგრამისთვის გოგონები მკაცრი წესით ირჩეოდნენ და მათ სუფთა ბიოგრაფია უნდა ჰქონოდათ, აღნიშნულ პროგრამაში მოსახვედრად რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება იყო საჭირო, კერძოდ, გოგონებს ებრაული სისხლის კვალიც კი არ უნდა ჰქონოდათ, უნდა ყოფილიყვნენ ჯანმრთელები და სხეულზე მეჭეჭები და დეფორმაციები არ უნდა ჰქონოდათ, ჯილდო კი მათ მიერ გერმანიის მომავალში პირადი წვლილის შეტანა იყო. ჰილდეგარდ ტრუცს შეთავაზება მოეწონა და შესარჩევ ჯგუფშიც ჩეწერა.
ის სხვა გოგონებთან ერთად ბავარიის მდიდრულ ციხესიმაგრეში გადაიყვანეს. "სს"-ის საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევისა და ანალიზების ჩატარების შემდეგ, საბოლოოდ 14 ახალგაზრდა გერმანელი შეირჩა. მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, მათ არიული ავთენტურობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და ფიქტიური სახელები გადაეცათ. გოგონებმა მაშინვე მოაწერეს ხელი აქტს, რომლის მიხედვითაც ისინი უარს აცხადებდნენ შვილებზე და პირობას დებდნენ რომ არც მომავალში აწარმოებდნენ მათ მოსაძიებლად რაიმე სამძებრო ქმედებას.
შემდეგ კი დაიწყო ბედნიერი დღეები, სავსე გემრიელი საკვებით, ფილმებით, წიგნებით, ცეკვებითა და სეირნობებით. მალევე გოგონებს "სს"-ეს 14 ოფიცერიც შეუერთდა: "ყველა მათგანი ქერა, ცისფერთვალება, ტანადი და ძლიერი იყო, ერთი კვირა მოგვცეს, რათა ჩვენი მსგავსი გარეგნული მონაცემების მქონე (ჩვენი მსგავსი თვალებითა და თმით) ახალგაზრდა აგვერჩია". სახელებს არავინ კითხულობდა, ანონიმურობა "ლებენსბორნის" პროგრამის პირობა იყო.
როდესაც თითოეულმა გერმანელმა არჩევანი გააკეთა, მათ უბრძანეს ბოლო ციკლიდან 10 დღე დაელოდათ, რათა არიელის ჩასახვისთვის იდეალურ ღამეს დალოდებოდნენ. საღამოს კი საკუთარ ოთახებში დაბრუნება და დალოდება უბრძანეს. ჰილდეგარდ ტრუტცი უზომოდ აღელვებული იყო, რადგან მას უბიწოების დაკარგვა საყვარელი ფიურერის გამო უწევდა.
"რადგან მე და ჩემი მომავალი შვილის მამას სრულად გვჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდით სირცხვილის არანაირი გრძნობა არ გვქონდა". გოგონა თავისი რჩეულის სილამაზით გაოცებული იყო, თუმცა ხვდებოდა, რომ ის საკმაოდ სულელი იყო. "შუცშტაფელის" წევრი მასთან კვირაში 3 ღამე მიდიოდა, დანარჩენ სამს კი სხვებთან ატარებდა, კვირას ისვენებდა.
ასე გაიღო მსხვერპლად ჰილდეგარდ ტრუცმა საკუთარი თავი ჰიტლერის გამო უსიყვარულოდ. ის მაშინვე დაორსულდა, გოგონა სამშობიაროდ "სს"-ს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მშობიარობის დროს მას ტკივილგამაყუჩებლებსა და ინექციებს არ უკეთებდნენ, რადგან მტკივნეული ბუნებრივი მშობიარობა გამრავლების პროგრამის პირობა იყო. ჰილდეგარდი ჩვილს ძუძუს 2 კვირა აჭმევდა, ის კი დედას თავისი ცისფერი თვალებით შესციცინებდა და უღიმოდა, შემდეგ მას ბავშვი წაართვეს და არიული მომზადების გასაგრძელებლად პანსიონში გადაიყვანეს, მას შემდეგ ჰილდეგარდს თავისი ვაჟი, ისევე როგორც შვილის მამა თვალით აღარ უნახავს.
"ლებენსბორნის" პროგრამის ფარგლებში გერმანიასა და ნორვეგიაში ნაცისტურ სელექციურ ფერმებში 20 000 ბავშვი დაიბადა. ომის შემდეგ მათ ნაცისტების თანამზრახველთა იარლიყი მიეკრათ, რომლის წაშლაც მათ მთელი ცხოვრება ვერ შეძლეს.
|