საზოგადოება
"თქვენ ავად ხომ არ ხართ? რატომ პროვოკატორობთ?"- ვის მიმართავს ნინო ჯანგირაშვილი
2023, 21 მაისი, 14:13
ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს:
"წელიწადი და 3 თვეა მსოფლიო თავდაყირა დადგა. კინოში ვართ ფაქტიურად. შეუძლებელი შესაძლებელი გახდა, სტერეოტიპები და მითები დაიმსხვრა, უმაღლეს პოლიტიკურ დონეებზე პროტოკოლები და დრესკოდები დაიკიდეს, მსოფლიო ლიდერები ჰუდებში და ბათინკებში იჩითებიან, ზელენსკისთან ძმაკაცობა ყველაზე კარგ ტიპობად ითვლება, უკრაინისთვის ფინანსური, სამხედრო და ემოციური მხარდაჭერა პოლიტიკურ პრაგმატიზმს რომ თავი გავანებოთ ადამიანობის საზომად. შავის და თეთრის, ბოროტის და კეთილის ისეთი ცალსახა და მაშტაბური ბრძოლა მიდის, ყველამ ზუსტად დაინახა და განსაზღვრა თავისი ადგილი.
ქართველების უმრავლესობაც აქ ვართ ჩართული, ემოციურად, ტვინით, სულით და გულით, ღამეები გვითენებია მარიუპოლის ალყისას, ბუჩას ამბავმა შეგვძრა, სანტიმეტრებს ვითვლით ბახმუტში, ცრემლები გვდის უკრაინელების გმირობაზე და გული გვიჩერდება მათ ტრაგედიებზე. ვისაც როგორ შეგვიძლია ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებაზე და თითო ჩამოგდებულ რუსულ რაკეტას ვითვლით, თითო განადგურებულ რუსულ ტანკს.
და ამ დროს... 90–იანების დასაწყისის შავბნელი აჩრდილი ვალერი კვარაცხელია მოუძღვება თბილისში პუტინის საჩუქარს–პირდაპირ ავიარეისს, და გვეუბნებიან, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის მიღწევა, მადლობა უნდა ვუთხრათ ღარიბაშვილს და პუტინს, რომ საშუალება მოგვეცა რუსების ნამცეცებით გამოვიკვებოთ. თქვენ ავად ხომ არ ხართ? რატომ ცდით ხალხის მოთმინებას? რატომ პროვოკატორობთ? რატომ არ გვასვენებთ და გვაიძულებთ რამე საშინელება ჩავიდინოთ?"- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.