x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"უბრალოდ ერთგულება მწამს სადგურამდე, რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია" - გარდაიცვალა პოეტი ლევან ალავერდაშვილი (+ ლექსები)
image

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა ქიზიყელი ნიჭიერი პოეტი ლევან ალავერდაშვილი, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.


"ძალიან მიმძიმს ამის დაწერა, სათქმელსაც ძლივს ვუყრი თავს... ჩემი ძმაკაცი, გენიალური პოეტი, პატრიოტი, უსუფთავესი კაცი აღარ ჰყავს საქართველოს... ლევან ალავერდაშვილი გარდაიცვალა. „ასე თუ ისე, ხომ მაინც მოველ, ხომ მაინც შევხვდით ასე თუ ისე...“ - წერს გარდაცვლილის მეგობარი.


გგთავაზობთ ლევან ალავედაშვილის რამდენიმე ლექსს:


ქალბატონო
რატომ გგონიათ, ქალბატონო, თითქოს წუხელის
თქვენით შეშლილი მივეძალე ასე კონიაკს,
არა, ეს მხოლოდ ახირება იყო წუხილის,
თქვენ კი გგონიათ, ქალბატონო, თქვენ კი გგონიათ,
რომ მარტოოდენ თრობისათვის უაზროდ ვსვამდე,
ან სასიკვდილოდ შევიტოვე მეშვიდე ტყვია;
მე შემიძლია, გიერთგულოთ იმ სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.
მიეძინება ამ ვნებასაც დროის მირაჟში,
მიეძინება როგორც მზისგან ნაგმობ ფოლიანტს,
თქვენ მომღიმარი დაბრუნდებით მყუდრო ბინაში,
მე კი სად წავალ, ქალბატონო, როგორ გგონიათ?!
ეს არც ფიცია, არც ღაღადი, არც აღსარება
თუ თქვენი კდემა გავიხადე სიგიჟის ძეგლად...
და ყველა მზერა, თუ უსიტყვო ამკვნესარება
იკმარეთ ჩემი თავხედობის მოსატევებლად...
და ნუ გგონიათ, მარტოოდენ თრობისთვის ვსვამდე,
ან საფეთქლისთვის ჩავარჩინე ლულაში ტყვია;
არა! უბრალოდ ერთგულება მწამს სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია....
***
მე კარგად ვიცი შენი წარსული და მომავალი რადაც გაშინებს, რომ ვნებათხარჯვა წრეგადასული უმანკობას ვერ მიგაშვილებს. შენთვის უცხოა გედის ოცნება, არ გელის ზეცა ცოდვიან სტუმარს, შენდობის დრო და პატიოსნება როცა შენს სახელს ეტყვიან უარს; ფეხქვეშ დალპება იმედის ხიდი, რას უზამ მერე სულს ასე სნეულს, როცა ერთ ღამეს მეც მომაყიდი შენს უკვე ბევრჯერ გაყიდულ სხეულს. დამენანები, რა გზით მიდიხარ, დანაცრებული ღადარით თვალში, დღეს ველურ ჟინით რატომ მინდიხარ, როცა სათუთად მიყვარდი მაშინ; როცა გიწოდე მუზის ასული, ეხლა ის გრძნობა რად გაიყინა სად გაიყიდა შენი წარსული, ან მომავალი სად გაიყიდა. ან აქ რად მოხველ.... რად გინდა ღმერთი?! ხატებს აჩვენო ცოდვები ქმნილი, რომ ხარ ლამაზი მარიონეტი სხვისი ვნებისთვის გამოგონილი... და გული ეხლა, ოჰ, არა იებს, სულ სხვა საჩუქრებს შემოგთავაზებს მკერდში მძივებად ჩაგადნობ ტყვიებს და სისხლით მოვრწყავ ბოროტ დარბაზებს. მერე კი მაინც შევუნდობ ცოდვებს, თვალებს დახუჭულს და ბაგეს მდუმარს, რომელნიც უკვე ჩემს მაღალ გრძნობებს ვეღარასოდეს ეტყვიან უარს.


*** ეხლა უფრო ვეცოდები ღამეს, პირველია და დაიწყო ორი, ახლოსა ვგრძნობ სინანულის წამებს, სიხარულის წამებია შორი. ეხლა ჩემთან განშორება სახლობს და ლოგინი ცივ სამარედ იქცა, წუხელ ვგრძნობდი ზეცა იყო ახლოს, ეხლა უფრო ახლოსაა მიწა. ეხლა აზრი გაგიჟებას ითხოვს, ლანდი მეფობს აქაცა და იქაც, მეჩვენება ვიღაც ელის სითბოს, კიბეებზე ამოვიდა ვიღაც... და ეს ღამე უძილობას მისევს, გული კვნესის მოვსებული გესლით, სიყვარული დამიბრუნეთ ისევ! დამიბრუნეთ! დამიბრუნეთ! გესმით?!


***

ყარა ცხენები ჯირითობდნენ ტყის განაპირას, ღოლოიანში თათრის გოგო ძროხას მწყემსავდა, ნაგუთნი მიწა სათოვარი ღრუბლის ნატირალს შავი ტუჩებით ჟინმოსული სვამდა და სვამდა. ბელტზე ჩამოვჯექ, გულს მოაწვა მომწარო შური, აღსდგა წარსული წინაპართა მითის მთხრობელი; ნეტავ ამ ფურებს მომწყემსავდეს ქალი ხევსური, უფრო ამაყი, მშობლიური და მახლობელი. თათრის ასულო, მომაჩერდი ასე რისათვის, ფიქრობ მაგ თვალთა სიმუქეში ჩავიქარგები, ეჰ, შენ რა იცი, ერთი მუჭა ამ მიწისათვის, სისხლისგან როგორ იცლებოდნენ გურჯთა ძარღვები. თათრის ასულო, მოზამბახე ბაგე რომ გიკრთის, თითქოსდა ჩემში დაეძებდე სუსტსა და უძლურს, არა! ამ სისხლში არ დამშრალა გენი დავითის, მე ქეთევანი მაწოვებდა დაშანთულ ძუძუს... ვიჯექი დიდხანს, პანორამა სთვლემდა მეფური, არე ველური, ლურჯი ნისლით შემოგარსული, ლამაზი იყო, ღმერთო ჩემო, თექვსმეტი ფური, ღოლოიანში ოცნება და თათრის ასული.


და ბოლოს არაჩვეულებრივი ისტორია პოეტზე, რომელსაც მუსიკოსი საბა საფარელი მოგვიოთხრობს:


პოეტი ლევან ალავერდაშვილი ყვავილების გამყიდველთან მისულა, ფული არ ჰქონდა და სთხოვა: მაჩუქეთ ფული არ მაქვს და ლექსს დაგიწერთ, შეყვარებულს უნდა შევხვდე, არ მინდა ვარდების გარეშე მისვლაო.


დიდი ხვეწნა-მუდარის მერე, გამყიდველი დათანხმდა და ლევანმა ასეთი საოცარი ლექსი დაუწერა:


“ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით,
დაე, შემერგოს თუნდაც არამად…
ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით,
პოეტი ვარ და ფული არა მაქ!
ლექსზე გაგიცვლით, არ შემრჩა გროში,
ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია!
ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოში
რომ სიყვარულიც გასაყიდია!”

1
68
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
68
  
2023, 21 მაისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1