კინო 10 საინტერესო ფაქტი ფილმზე "როცა აყვავდა ნუში" 2023, 18 მაისი, 11:20 დღეს 18 მაისს დაიბადა არაპროფესინალი მსახიობი თინათინ ვარდანაშვილი, (პროფესიით გეოფიზიკოსი)გოგონა, რომელსაც 1972 წელს გამოსულმა სადებიუტო როლმა ფილმში "როცა აყვავდა ნუში " არნახული წარმატება მოუტანა, შემდეგ მან კიდევ რამდენიმე ფილმში ითამაშა, თუმცა მაყურებელს იგი დაამახსოვრდა სამუდამოდ როგორც "მეათეკლასელი ხათუნა". ქვემოთ გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ფილმის "როცა აყვავდა ნუშის" შესახებ. 1) სცენარს საფუძვლად დაედო იმხანად მომხდარი ორი რეალური ამბავი - სკანდალურად გახმაურებული სათხილამურო შეჯიბრი და ავტოავარია, რომელიც დაბრალდა ახალგაზრდას, რომელიც ამ ავარიის შედეგად დაიღუპა., თუმცა ფილმის რეჟისორს ლანა ღოღობერიძეს სცენარის შეცვლა მოუწია და სათხილამურო სპორტი ველოსპორტით ჩაანაცვლა: "ფილმს, ჯერ კიდევ გადაღების პროცესში, დიდი დაბრკოლებები შეხვდა. ერთი თვის გადაღების მერე, ის დახურეს რაღაც გაუგებარი მოთხოვნებით, მათგან ერთი იყო – სპორტის სახეობის შეცვლა. დღეს ძნელია ამის გაგება, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ გავლენიან ადამიანებს იმდენი რამ შეეძლოთ, რომ ერთმა ასეთმა, სხვათა შორის, უაღრესად საინტერესო და ძლიერმა პიროვნებამ, ნიკოს სახეში საკუთარი თავი დაინახა (მისი თვალსაზრისით, მსგავსებას ისიც ამაგრებდა, რომ მისი შვილიც მოთხილამურე იყო) და ფილმის წინააღმდეგ „ცეკას” კულტურის განყოფილება დარაზმა... დათმობებზე წასვლა გარდაუვალი იყო და მეც იძულებული გავხდი, მიმეღო მტკივნეული გადაწყვეტილება და ჩემთვის ისეთი ნაცნობი და მშობლიური სპორტი – თხილამურები შემეცვალა!.. (ველოსპორტით – ავტორი) ჩვენი ცენზურის პარადოქსულობა კი ის გახლდათ, რომ სპორტის სახეობის შეცვლით, ფილმი, როგორც ჩანს, ნაკლებად ანტისაბჭოთა გახდა" 2) მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი ძალზე კმაყოფილი იყო ზურა ყიფშიძის როლით, თავად ზურაბ ყიფშიძეს არ უყვარს ეს როლი და მიაჩნია, რომ ძალზე ცუდად ითამაშა. „ამ ბიჭში თავმოყრილი იყო თაობის ყველა თვისება. ლამაზი, მოხდენილი, ელეგანტური, გათამამებული და თავხედი ახალგაზრდა… ფილმში მისი ანტიპოდი გოგა ფიფიაა, აი, ის კი ბევრი სინჯის შემდეგ ვიპოვეთ“.(ლანა ღოღობერიძე) -დღემდე ამ ფილმზეა ლაპარაკი, არადა, 70 ფილმში ვმონაწილეობდი. გაცილებით სერიოზული როლები მითამაშია, ავიღოთ თუნდაც, ჩოხელის "ცოდვის შვილები", ამ ფილმის არ მრცხვენია. "როცა აყვავდა ნუში" არ მიყვარდა. დღეს ამ ფილმს სხვა გადასახედიდან ვუყურებ. თუ მსახიობის ოსტატობაზე ვისაუბრებთ, ქალბატონი ლანას დამსახურებაა, რომ გოგა ფიფიამ, რომელიც არ იყო მსახიობი, როლი ზუსტად "გააკეთა". მაგას უფრო ვაფასებ, ვიდრე ჩემს პრანჭიკელობას - გაბუშტული ტუჩებითა და ბაკენბარდებით.(ზურა ყიფშიძე) 3) რა თქმა უნდა, ვუბრუნდებით თინათინ ვარდანაშვილს, იგი 18 წლის იყო, როდესაც როლზე დაამტკიცეს, დღეს სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის, იგი 2016 წელს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ: - ისეთ ასაკში ვიყავი, ყველა რომ ოცნებობს კინოში გადაღებას. ფილმისთვის სკოლებში დაეძებდნენ ახალგაზრდებს. მეც დამიბარეს სინჯებზე და მალევე დამამტკიცეს მთავარ - ხათუნას როლზე. ძალიან გამიხარდა, თუმცა მეშინოდა... კამერა რომ ირთვებოდა, ვიბნეოდი, გული მიფართხალებდა, ვაითუ, რაღაც ვერ გამომივიდეს-მეთქი. საერთოდ, რთულია მსახიობობა, მით უმეტეს, პატარა და გამოუცდელი გოგონასთვის. მერე კი ნელ-ნელა მომეხსნა დაძაბულობა(თინათინ ვარდანაშვილი) 4) ფილმში ჟღერს შესანიშნავი მუსიკა, რა თქმა უნდა სტილი ადვილი საცნობია, ავტორი გია ყანჩელი-მუსიკა, რომელიც საოცრად ჰარმონიულად მიესადაგება თინეიჯურ სულში ჩაბუდებულ ადრეულ გაზაფხულს. 5) ყველაზე ღრმა შთაბეჭდილება, რომელიც ფილმიდან გამომყვა, სესილია თაყაიშვილთანაა დაკავშირებული. მე ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე სურათის გადაღებისას მომიხდა მუშაობა ამ უნიკალურ მსახიობთან. მაშინ, როცა ახალგაზრდა ვიყავი, უბრალოდ, მიხაროდა, დღეს კი, ნამდვილად მიკვირს, რომ სესილია თანხმდებოდა ეთამაშა ჩემს ფილმებში მეორე და მესამე კი არა, მეათეხარისხოვანი როლები... როგორ იჯდა კადრში, მკაცრი და გარინდებული, როგორ შეკრთა მთელი არსებით, როცა გაიგონა ნაბიჯების ხმა ადამიანებისა, რომელთაც მისი ლექსოს კუბო მოჰქონდათ. შეკრთა ისე, რომ მე შემეშინდა, გული არ წაუვიდეს-მეთქი. ვფიქრობ, რომ სესილია თაყაიშვილისა და დოდო აბაშიძის დუეტი – სცენა ლექსოს პანაშვიდის წინ – უმაღლესი მსახიობური კლასის ნიმუშია.(ლანა ღოღობერიძე) 6) როცა აყვავდა ნუშის“ გადაღებები თბილისსა და ბიჭვინთაში მიმდინარეობდა. გადამღები ჯგუფი ოცდაოთხ დღეს ბიჭვინთის „შემოქმედთა სახლში“ ცხოვრობდა. მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ – ფილმის გადაღებასაც ასწრებდნენ და ზღვაზე დასვენებასაც. რაც კი ფილმში ზღვის პირას და ტყეში გადაღებული კადრებია, ყველაფერი ბიჭვინთაშია გადაღებული. "მახსოვს, ერთხელ მთელი ჯგუფი ღამით ლიძავაში გავიპარეთ, ლექსოს როლის შემსრულებელს, გოგა ფიფიას, მაშინ აგარაკი ჰქონდა ლიძავაში და იქ წავედით. მაგრამ სახლში არც კი შევსულვართ, ჩავედით პლაჟზე, ვიცურავეთ, ვიმხიარულეთ, და ღამის სამ საათზე, სველები, უკან წამოვედით. მაისი იყო, გზაში შეგვცივდა და ვიღაცას მივუბრახუნეთ კარზე – ღამე სადმე ხომ უნდა გაგვეთენებინა? როგორც იყო, გავათენეთ, დილით კი ჩუმად შევიპარეთ ოთახებში და ისე წავედით გადაღებაზე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს…"(თინათინ ვარდანაშვილის მოგონებიდან) 7) ფილმში, ”როცა აყვავდა ნუში”, როდესაც დოდო აბაშიძის გმირი მიდის ლექსოს ბებიასთან – სესილია თაყაიშვილთან თხოვნით, რომ ვითომ ლექსო იჯდა საჭესთან, დოდო აბაშიძემ ამ სცენაში გადაღებაზე უარი თქვა – ასეთი არაკაცის როლს ვერ შევასრულებო. რამდენი დავიწყეთ გადაღება, იმდენი ჩაიშალა დოდოს გამო, სანამ სესილია თაყაიშვილმა სილა არ გააწნა დოდო აბაშიძეს: აბა, რისი მსახიობი ხარ, თუ ნებისმიერი როლი ვერ შეასრულეო…(რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მოგონებიდან) 8) ფილმის დასრულებისთანავე ზურაბ ყიფშიძემ საქართველო ისე დატოვა, რომ ფილმიც კი არ უნახავს, მოსკოვში სწავლის დროს არც იცოდა, რომ იგი თაობის კუმირი და სიმბოლო გახდა, კადრი, სადაც მომხიბვლელი ბიჭი აყვავებული ნუშის რტოებით ხელში რუსთაველის პროსპექტზე მიაბიჯებს, ვარსკვლავის დაბადებად იქცა. "სამწუხაროდ, "როცა აყვავდა ნუშის" სამი მთავარი გმირიდან მარტო მე დავრჩი, გოგა ფიფია და თინა ვარდანაშვილი ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან. სხვათა შორის, ფილმის პოპულარობას თავიდან ვერ შევესწარი. როგორც კი დამთავრდა მუშაობა და როლი გავახმოვანე, მაშინვე მოსკოვში წავედი. აქ თურმე ამბავი ატყდა... როცა ჩამოვედი, მერე გავხდი იმ ყველაფრის მონაწილე.(ზურა ყიფშიძის მოგონებიდან) 9) ფილმში ზურას მეგობრებს ეკა მაღალაშვილი და კახა ჩიტაია განასახიერებენ. პუტკუნა ეკას და სათვალებიან დადებით პერსონაჟს – კახას, ისევე როგორც ზურაბ ყიფშიძის გმირს, თავიანთი სახელები ჰქვიათ. მათ დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს, მაგრამ სამსახიობო კარიერა არ გაუგრძელებიათ. მხოლოდ ერთხელ ითამაშეს ფილმში. ეკა მაღალაშვილი პროფესიით მხატვარია, კახა ჩიტაია კი – ფიზიკოსი.ფილმში ეპიზოდურ როლს ასრულებს მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი(ხათუნას მამა) 10) ფილმის დასაწყისში, ეპიზოდში ჩანს ლიკა ქავჟარაძე ნუშის ტოტებით ხელში, იგი მაშინ მხოლოდ 13 წლის იყო. 752 2-ს მოსწონს
|