პოეზია "შეკითხვა არის ვაჟა ფშაველასთან... სიზმარი ალუდა ქეთელაურმა ნახა, მე არ მინახავს კაციჭამიობაზე სიზმარი" - ლევან ბერძენიშვილი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს 2023, 14 მაისი, 15:59
ამ დღეებში გავრცელდა ლევან ბერძენიშვილის ლექციის ფრაგმენტი, სადაც ის ამბობს, რომ თითქოს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული - მოკლული მტრისთვის მკლავის მოკვეთის ტრადიცია, კანიბალიზმთან არის დაკავშირებული. ამ ამბავმა მრავალი მოქალაქის აღშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით ხევსურების.
კვირის პალიტრა დაუკავშირდა ლევან ბერძენიშვილს კითხვით:" ბატონო ლევან, ძალიან აღშფოთებული არიან ხევსურები თქვენი გამოსვლით...", რაზეც ბერძენიშვილმა უპასუხა: - მაპატიეთ, მაგრამ წერა-კითხვა ვინც იცის, გაერკვევა და უწიგნურ ხალხთან საერთო არაფერი მაქვს... თუ ლექციას თავიდან ბოლომდე მოუსმენენ, გაერკვევიან... ჯერ ერთი, ეგ ამბავი ჩემთან კი არა, შეკითხვა არის ვაჟა ფშაველასთან. სიზმარი ალუდა ქეთელაურმა ნახა, მე არ მინახავს კაციჭამიობაზე სიზმარი... ამ ყველაფერს წიგნის წაკითხვა უნდა, მე ვერ გავცემ მაგათ სერიოზულ პასუხს. "ალუდა ქეთელაურის" რომელი მონაკვეთით აპელირებს ბ-ი ლევან ბერძენიშვილი? საუბარია პოემის მე-3 თავზე: დაბნელდა, წყალნი ტირიან, კალთა გვეხურვის ღამისა; დროა ვარსკვლავთა ჟიკჟიკის, მცვრევა ბალახზედ ნამისა, მკვდართ სულთ საფლავით გამოსვლის. დრო მათ სიმღერის წყნარისა. დევნი გამოვლენ კლდიდამა, ხევ-ხუვში ეხეტებიან. ყველამ ივახშმა და ახლა საძილედ ემზადებიან. – პურ მიირთვიო, – ალუდას და-დედან ეხვეწებიან. – მე პურ არ მინდა, დედაო, გული შამეკრა რადამე, წუხელ ცუდ სიზმრები ვსინჯე, რიგში ვიყოდი სადამე. წინ გვედვა მიცვალებული, ხევსურნ შაწყენის ისხდენა. სალაშქროდ დამზადებულნი, ზოგნი კარებზე იდგენა. მენაც იქ ვიყავ, ვტიროდი, როგორც წესია კაცისა. გუმანი მქონდა სალაშქროდ, ხანიც მოვიდა წასვლისა. ერთს წამს ხელ ვინამ დამტაცა, ტარი ჩამიდვა ხანჯრისა. შავხედენ, მუცალი იყო, ტანთ ეცვა ჯაჭვი რვალისა, გულზე ემჩნივა ნიშანი მე-დ იმის ბრძოლის წამისა, ეფინა ნატყვიარშია ლეგა საფევი ბრძამისა, კლდედ იდგა, გაუტეხლადა, ცრემლ არ ჩამოსდის თვალისა. “მინდა სიკვდილი, არ ვკვდები, მამკალო, მითხრა ხვეწნითა. თქვენ დაგრჩეს წუთისოფელი, მე-კი წავიდე ქვეყნითა, დაძეღით, ხევსურთ შვილებო, ლაშქრობით, ხმლების ქნევითა” დავჯე, ჯამ ვინამ დამიდგა, კაცის ხორც იყო წვნიანი, ვსჭამდი, მზარავდა თუმცა-ღა კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი. რასა ვსჩადიო, ვსჯავრობდი, უმსგავსი, შაჩვენებული. “ჭამეო, რამამ მიძახა, “ ნუ ჰხდები გაშტერებული: კიდევ მიმირთვით ალუდას წვენ ხორცი გაცხელებული”. მიმატეს კაცის ულვაშით წვენ-ხორცი შანელებული… სიზმართ დამტანჯეს, იმით ვარ გუნება-აღელვებული. 312 2-ს მოსწონს
|