არაბთა დაპყრობები
პუატიეს ბრძოლა, ასევე ცნობილი, როგორც ტურის ბრძოლა, ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მოვლენაა ადრეული შუა საუკუნეების ევროპის ისტორიაში. ამავე დროს, დისკუსიის საგნადაა ქცეული ბრძოლის წელი (732-ე თუ 733-ე) და ზუსტი ადგილი, მოწინააღმდეგე მხარეთა ძალების რაოდენობა.
730-იანი წლების დასაწყისისთვის დიდი ტერიტორიები ატლანტიკიდან ინდუკუშამდე გაერთიანდა არაბთა დაპყრობების შედეგად. ოთხი მართალი ხალიფას ეპოქაში, ომაიანთა დინასტიის დროს არაბებმა წარმოუდგენელი სისწრაფით დაიპყრეს როგორც ახლო ქვეყნები, ასევე შორეული ტერიტორიები. მათი დარტყმების შედეგად დაეცა სასანიდების ოდესღაც ძლევამოსილი სამეფო, რასაც მალევე მოჰყვა ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებმაც დაკარგეს სირიის, აზიისა და ეგვიპტის ტერიტორიები.
დამასკოს ხალიფების ძალაუფლება ვრცელდებოდა ჩრდილო-აღმოსავლეთით კავკასიამდე და აღმოსავლეთით თანამედროვე ავღანეთისა და ინდოეთის ტერიტორიებზე. არაბებმა არაერთხელ ალყა შემოარტყეს კონსტანტინოპოლს (674-678, 717-718). VII საუკუნის ბოლოს მათ მოახერხეს ეგვიპტის დასავლეთით მდებარე უზარმაზარი ტერიტორიების დაკავება - ტრიპოლიტანია, ტუნისი და მეგრები - საუკუნის მიწურულს მიაღწიეს ესპანეთის საზღვარს.
ესპანური საკითხი
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ესპანეთსა და სამხრეთ გალიაში ჩამოყალიბდა ვესტგოთთა სამეფო, რომელიც VIII საუკუნის დასაწყისისთვის ღრმა კრიზისში იმყოფებოდა. 711 წლის ზაფხულში არაბთა არმიამ ბოლო მოუღო ვესტგოთური მონარქიის აგონიას გვადალეტის ბრძოლაში. სულ რამდენიმე წელიწადში ესპანეთი დაიპყრეს სარკინოზებმა და დამპყრობლების მზერას სულ უფრო და უფრო იპყრობდნენ პირენეები. მათ მოახერხეს სამხრეთ გალიის (მარსელი, ნარბონა) მრავალი მიწების დაკავება, 721 წელს ტულუზას მახლობლად სარკინოზების დამარცხებამაც კი აკვიტანიის ჰერცოგ ედის მიერ ვერ დააოკა მათი ლტოლვა დამპყრობლური ომებისადმი.
მეფისნაცვლის ელ-სამჰის (ტულუზის მახლობლად), შემდეგ კი მუსლიმთა კიდევ ერთი ნიჭიერი ლიდერის, ამბიზას (725 წელს რონზე) დაღუპვის შემდეგ სარკინოზებმა განიცადეს ერთგვარი საკადრო კრიზისი - ახალმა მეფისნაცვლებმა ვერ გაართვეს თავი თავიანთ მოვალეობებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, აქტიურად სარგებლობდნენ სახაზინო ფულით. თავად ესპანეთში სეპარატისტული განწყობები მწიფდებოდა და ძლიერდებოდა. ედ აკვიტანელმა კავშირიც კი შეკრა მუნუზასთან (უტმან იბნ ნაისასთან), ბერბერთა ემირთან, რომელიც განაგებდა პირენეებსა და გალიის სასაზღვრო რეგიონებს. არაბებისთვის ასეთ რთულ პირობებში სიტუაცია ისე გამოიყურებოდა, თითქოს ფრანკებისთვის საფრთხე აღარ არსებობდა. მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა.
720-იანი წლების ბოლოს აბდ-არ-რაჰმან იბნ აბდალა ელ-ღაფიკი დაინიშნა ესპანეთის ემირად. ის იყო გამოჩენილი მეომარი და მეთაური, აფრიკისა და გალიის ლაშქრობების მონაწილე. ღრმად მორწმუნე კაცი, პატიოსანი და უხრწნელი – ასე წარმოადგენდნენ მას არაბი მემატიანეები. ახალი ემირი განასახიერებდა იდეალურ მორწმუნეს. კორდობაში ჩასვლისთანავე აბდ-არ-რაჰმანმა დაიწყო მუსლიმების გაერთიანების ენერგიული პოლიტიკის გატარება, სეპარატიზმის ცენტრების განადგურება და პირენეებისთვის ურწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი დასაწყისი გამოაცხადა.
ორი წლის განმავლობაში აბდურახმანმა მოახერხა ქვეყნის დაშოშმინება, რის შემდეგაც ყურადღება მიაქცია მუნუზას, რომელიც ღია აჯანყებაზე გადავიდა. აბდ-არ-რაჰმანს სწრაფად და გადამწყვეტად უნდა ემოქმედა: მუნუზას მიერ მართულ სასაზღვრო რაიონებში კონცენტრირებული იყო ბრძოლისთვის მზადმყოფი და ერთგული ჯარის დიდი ნაწილი და ამასთანავე ედ აკვიტანელის მხარდაჭერას შეეძლო ბერბერეთა ემირი ესპანეთის ახალ მმართველად ექცია. მოკავშირეების საუბედუროდ, მუნუზა მოულოდნელად აღმოჩნდა მახეში, ვერ შეძლო თავისი დედაქალაქის დაცვის ორგანიზება და თავი მოიკლა.
ლაშქრობა აკვიტანიაზე
აბდ-არ-რაჰმანმა ერთადერთ მეტოქეზე ადვილად გაიმარჯვა. ემირმა საკუთარ თავს უფრო ამბიციური ამოცანები დაუსვა: გალიის ტერიტორიაზე შეჭრა, მისი წინამორბედების სიკვდილისთვის შურისძიება. როგორც კი ედმა შეიტყო სარკინოზთა შემოსევის შესახებ, დაიწყო ჯარის შეკრება, სურდა გაემეორებინა ტულუზას ბრძოლა, რომელიც გაიმართა ათი წლის წინ. მდინარე გარონზე ედი შეხვდა აბდ-არ-რაჰმანის არმიას და ... განიცადა გამანადგურებელი მარცხი. არაბთა კავალერიამ ქვეითთა ხაზი გაანადგურა. თავად ედი სასწაულებრივად გადარჩა და იძულებული გახდა გაქცეულიყო თავის მტერთან და ავე დროს სიუზერენთან კარლოს მარტელთან.
კარლოს მარტელი: პირველი მინისტრის ძალაუფლება
კარლოს მარტელი არ გახლდათ ფრანკების მეფე, მას მხოლოდ მაიორდომის უმაღლესი სამეფო კარის მოხელის თანამდებობა ეკავა, მაგრამ ფრანკთა სამეფოს პირველი მინისტრების ძალაუფლება დიდი ხანია აჭარბებდა ნებისმიერი პირის ძალაუფლებას. მარტელი იყო აბსოლუტური მმართველი მეროვინგების მეფობის დროს, რომლებიც მის ხელში სხვა არაფერი იყვნენ, თუ არა მარიონეტები. კარლოსმა თავისი მმართველობა დაიწყო 717 წელს, სამოქალაქო დაპირისპირების მწვერვალზე, რომელიც გაჩაღდა მამამისის, პეპინ გერისტალის გარდაცვალების შემდეგ. ყოველწლიურად ის სისტემატურად აძლიერებდა სამეფოს, ებრძოდა როგორც შიდა, ისე გარე მტრებს, წვრთნიდა თავის ჯარს გაუთავებელ ლაშქრობებში.
კარლოსის კარზე ედის ჩამოსვლამ სერიოზულად შეაშფოთა მაიორდომი:ცხადია, ასეთი პრინციპული და შეუპოვარი მტრის გამოჩენა მხოლოდ უკიდურესი საჭიროებით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული, მჭევრმეტყველმა მონათხრობმა კი სარკინოზთა სისასტიკესა, რაოდეონბასა და სიძლიერეზე მხოლოდ გააძლიერა ეს შეშფოთება. კარლოსი მიხვდა, რომ ვითარება სერიოზული გახლდათ და გადაწყვიტა არ ეჩქარა სარკინოზებზე თავდასხმა: საჭირო იყო რაც შეიძლება მეტი ჯარის კონცენტრირება, ლოდინი სანამ არაბები სიფხიზლეს მოადუნებდნენ და შესაძლებელი გახდებოდა მათი ხაფანგში მოქცევა.
ედ აკვიტანელის დამარცხების შემდეგ, აბდ-არ-რაჰმანმა გადაწყვიტა, რომ გალიაში არ არსებობდა ძალა, რომელიც მას შეაჩერებდა. მან დიდი სისასტიკით დაიწყო სამხრეთ და ცენტრალური გალიის ქალაქებისა და სოფლების ძარცვა (განსაკუთრებით განადგურებული იყო აკვიტანია), როცა მზერა წმინდა მარტინის ბაზილიკასკენ მიაპყრო - დასავლეთ ევროპის იმდროინდელი უმდიდრესი სალოცავი. ალბათ, ისტორიებითა და ჭორებით მოხიბლულმა არაბმა ემირმა გადაწყვიტა ნადავლის გამრავლება და ტურისკენ დაიძრა. მის არმიას ურმების დიდი ქარავანი ამძიმებდა და კამპანიის რამდენიმე თვის განმავლობაში აშკარად შემცირდა. თუმცა, ამან ვერ შეაჩერა აბდ-არ-რაჰმანი, რადგან ის ვეღარ ხედავდა რაიმე სერიოზულ საფრთხეს მისი ძლიერების წინაშე - არაბი მხედართმთავრის აშკარა შეცდომა, რომელიც თავს არ იწუხებდა სერიოზული დაზვერვის ორგანიზებით.
არაბი ემირას მოლოდინის საწინააღმდეგოდ, პუატიედან ტურში (ალბათ თავად პუატიეს გარეუბანში) გზაზე კარლოს მარტელის არმია ელოდა დამპყრობლებს. ფრანკმა მაიორდომმა შეძლო თავისი ლაშქრის შეკრება და მარშით გადაუჭრა გზა სარკინოზებს. კარლოსს საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი არაბების ტაქტიკა და ამიტომ, ძირითადი ძალებით გამაგრდა პატარა ტყიან დაბლობზე, სადაც მტერი ვერ გამოიყენებდა კავალერიის უპირატესობას. შვიდი დღის განმავლობაში ისინი იდგნენ ერთმანეთის საპირისპიროდ ვერ ბედავდნენ თავდასხმას, სანამ საბოლოოდ, შაბათს (732 წლის 10 ოქტომბერს ან 733 წლის 25 ოქტომბერს), აბდ-არ-რაჰმანმა თავისი ჯარები შეტევაზე არ გადაიყვანა.
მხარეთა ძალები
პუატიეს ბრძოლის ველზე კარლოსმა დაახლოებით 20 ათასი მეომრის კონცენტრირება მოახდინა, ამ არმიის ელიტურ ნაწილს წარმოადგენდნენ კალოს მარტელის ლაშქრობების ვეტერანები. ფრანკების გარდა, რომლებიც ქვითად მჭიდრო ხაზში ბრძოლას ამჯობინენდნენ, კარლოს მარტელის ლაშქარში იყვნენ გალო-რომაელები რომლებმაც შეინარჩუნეს რომაული სამხედრო ორგანიზაციის წესები და შეიტანეს ისინი ფრანკთა რიგებში. ასევე იყვნენ გერმანელთა რაზმები, რომლებსაც არ ემოსათ მძიმე აბჯარი და შეიარაღებულნი იყვნენ შუბებით. არმიის მცირე ნაწილს შესაგენდნენ ფრანკი აჯანყებულები, რომელებიც მცირე შეტაკებებში მონაწილეობდნენ.
ისლამური არმიის რაოდენობასთან დაკავშირებით, შუა საუკუნეების მემატიანეები ყველაზე ფანტასტიკურ შეფასებებს იძლევიან - 80 ათასიდან 400 ათას კაცამდე. თანამედროვე მკვლევარები თვლიან, რომ იმდროინდელი ლოგისტიკის, საკვების მოპოვებისა და მობილიზაციის შესაძლებლობების საფუძველზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ არაბთა არმია 20 ათას კაზე მეტი ყოფილიყო პამპლონის დატოვების დროს და სავსებით შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო ნაკლები გახლდათ (დაახლოებით 15 ათასი). ცხადია, მთავარი ბრძოლის მომენტისთვის არაბებმა დაკარგეს თავიანთი ძალების ნაწილი მცირე შეტაკებების დროს ისევე როგორც ავადმყოფები, რომლებიც ჩამორჩნენ და მიმოიფანტნენ არემარეში ნადავლის მოპოვების მიზნით. როგორც ჩანს, აბდ-არ-რაჰმანმა თავისი დროშების ქვეშ 10-12 ათასი ადამიანის შეკრება შეძლო.
არაბთა არმიის ბირთვი იმდროინდელი კავალერია გახლდათ, ქვეითი ჯარი დამხმარე ხასიათს ატარებდა და განსაკუთრებულ როლს არ ასრულებდა. არაბი მხედრები კარგად იყვნენ გაწვრთნილნი და შეეძლოთ თავიანთი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. ისინი ცდილობდნენ გაერღვიათ მტრის ხაზი, ექციათ ბრძოლა მცირე შეტაკებად, გაეთელათ ქვეითები და გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის კავალერია.
არაბების გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: გამოეტყუებინათ კარლოსის არმია დაბლობზე, კავალერიის კონცენტრირებული შეტევებით გაერღვიათ მტრის ფრონტი, დაეყოთ მისი ჯარი ნაწილებად და გაენადგურებინათ იგი. კარლოსს, პირიქით, ესაჭიროებოდა თავისი მეომრების დამორჩილება, ფეხის მოკიდება პოზიციებზე, სადაც მტრის კავალერია კარგავდა თავის უპირატესობას და არაბი მხედრების სწრაფი შემოტევების მოგერიება. ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად მოწესრიგებული და შეკრული იქნებოდა კარლოსის არმია.
დაპირისპირების ქრონიკა
შაბათს დილით, პუატიეს მახლობლად მოწყობილი დიდი ბანაკიდან, აბდ-არ-რაჰმანის მეომრები საბრძოლო ფორმირებას შეუდგნენ ფრანკთა არმიის წინააღმდეგ. არაბები დამძიმებულნი იყვნენ დიდძალი ნადვლით, რომელიც ბანაკში დატოვეს, რამაც არაბთა არმიას არ მისცა მათთვის ხელსაყრელ პირობებში ბრძოლის საშუალება. თუმცა, აბდ-არ-რაჰმანს მტკიცედ სჯეროდა თავისი გამარჯვების.
ბრძოლა დაიწყო დაახლოებით შუადღისას, მუსლიმთა მეორე ყოველდღიური ლოცვის შემდეგ. ფრანკები მჭიდრო ფალაგად მოეწყვნენ - მჭიდრო ფორმირებით, ფარებით დაფარული, მათ შექმნეს ცოცხალი კედელი, ეს ფალანგა საკმაოდ მტკიცე აღმოჩნდა იმისთვის, რომ გაეძლო არაბი მხედრების ზეწოლითვის.
როგორც ჩანს, აბდ-არ-რაჰმანმა გაგზავნა თავისი კავალერია შეტევაზე, იმ იმედით, რომ გაარღვევდა მტრის რიგებს ან მოახდენდა კონტრშეტევის პროვოცირებას. დრდროდადრო არაბები ცდილობდნენ ყინულის ბლოკივით მდგარი ფრანკთა ჯარის რიგების გარღვევას და იძულებულნი ხდებოდნენ უკან დაეხიათ. ფრანკების დისციპლინა და ერთიანობა მართლაც შეუღწევადი აღმოჩნდა. აბდ-არ-რაჰმანიც არ აპირებდა უკან დახევას.
ბრძოლის გადამტეხი მომენტი
მოულოდნელი ამბები გავრცელდა არაბთა არმიაში, ბევრად უფრო თავზარდამცემი, ვიდრე თავად ფრანკები, რომლებიც უბრალოდ იდგნენ და უძლებდნენ არაბთა შეტევებს: სარკინოზთა ბანაკი გაძარცვეს. ამ ჭორმა არაბი მომრები საგონებელში ჩააგდო, ბევრმა მათგანმა მაშინვე მიატოვა პოზიციები და სასწრაფოდ დაბრუნდა ბანაკში მოპარული ნადავლის დასაბრუნებლად. დაიწყო აურზაური, მეომართა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ უკან დახევის ბრძანება მიიღო და სასწრაფოდ გაბრუნდა ბანაკისკენ.
სავარაუდოდ, ეს ყველაფერი მცირე დივერსიული რაზმის ბრალი გახლდათ, რომელიც კარლოსმა მტრის ზურგში გაგზავნა. ძნელია იმის დადგენა, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს მდგომარეობა, თუმცა, ლეგენდის თანახმად, ეს იქცა არაბების დამარცხების მიზეზად. აბდ-არ-რაჰმანი ყველანაირად ცდილობდა არეული რიგების მოწესრიგებას მაგრამ ამჯერად ფრანკებმა გადაწყვიტეს კონტრშეტევა. აბდ-არ-რაჰმანი დაიღუპა, ხოლო ჯარი, რომელმაც დაკარგა სარდლობა, სწრაფად დაიშალა.
ფრანკებმა მტრის უკან დახევა ტაქტიკურ ხრიკად მიიჩნიეს და თავიანთ ბანაკში დაბრუნდნენ, სადაც გაათიეს ღამე. მეორე დღეს კარლოსმა კვლავ განალაგა თავისი ჯარი საბრძოლო მწყობრში და ელოდა ბრძოლის გაგრძელებას. მაგრამ არაბები არ ჩანდნენ. მაშინ მან მზვერავები გაგზავნა. როდესაც გაიგო, რომ ბანაკი ხელუხლებელი დარჩა და გზებზე მტრის პატრული არ ჩანდა, კარლოსმა უარი თქვა დევნაზე. ფრანკებმა დიდი ნაფავლი იგდეს ხელთ, რომლითაც მშვიდად დაბრუნდნენ სახლში.
პუატიეში დამარცხების შემდეგ არაბებმა მოახერხეს ნარბონში შეღწევა და ბურგუნდიაშიც კი შეიჭრნენ, რამდენიმე ადგილობრივი ქალაქი აიღეს. პუატიეს ბრძოლის მთავარი შედეგი არაბებისთვის რაჰმანის სიკვდილი ხადა - ნიჭიერი, თუმცა გარკვეულწილად ენთუზიაზმით სავსე მხედართმთავარი. ამან ქრისტიანებს საშუალება მისცა ცოტა ამოესუნთქათ ესპანეთში არაბებთან ბრძოლაში.
ევროპის გამოღვიძება
რა თქმა უნდა, პუატიეს ბრძოლას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მისი ტრიუმფატორის კარლოს მარტელისთვის. გაიზარდა მისი პოლიტიკური და სამხედრო პრესტიჟი, რამაც სრულიად ახალი პერსპექტივები გაუხსნა როგორც პირადი ძალაუფლების განმტკიცებაში, ასევე ფრანკთა მმართველობაში მთელ გალიაში, მათ შორის აკვიტანიასა და სამხრეთ გალიაში - ტერიტორიები, რომლებიც ბოლო დრომდე იმყოფებოდნენ სარკინოზთა მმართველობის ქვეშ ან მათი გავლენის სფეროს წარმოადგენდნენ. კარლოსის პოლიტიკაში გადატეხა მოხდა: ის დგამს სულ უფრო გაბედულ ნაბიჯებს და აცნობიერებს „რწმენის დამცველის“ ახალი სტატუსის როლს.
ომაიანთა ხალიფატისთვის პუატიესთან მარცხი, თუმცა ეს შესამჩნევი და მგრძნობიარე დარტყმა იყო, მაინც არ აღმოჩნდა გადამწყვეტი. ბევრად უფრო მტკივნეული აღმოჩნდა კონსტანტინოპოლის მეორე ალყის მარცხი. რეალური დაცემა დაიწყება VIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც სამოქალაქო ომების სერია გაანადგურებს სახელმწიფოს ძალაუფლებას. რასაკვირველია, კარლოს მარტელზე არაბების გამარჯვების შემთხვევაში, დასავლეთ ევროპაში ძნელად მოიძებნებოდა ძალა, რომელიც შეძლებდა გაეძლო ახალი შემოჭრისთვის, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ აბდ-არ-რაჰმანი შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ კიდევ უფრო დამარბეველ ძარცვას მოაწყობდა ევროპის ტერიტორიაზე. ევროპა იღვიძებდა ბნელი საუკუნეების ძილისგან. გამოჩნდა ძალა, რომელსაც შეეძლო კონკურენცია გაეწია არაბებისთვის, რაც მალევე დადასტურდა კარლოს მარტელის შთამომავლების - მისი ვაჟის პეპინის და შვილიშვილის კარლოსის ლაშქრობებით. თუმცა, თავად არაბები არ აპირებდნენ ესპანეთის დატოვებას და ესპანელ ქრისტიანებს ელოდათ მრავალწლიანი სისხლიანი ომები და მრავალი განსაცდელი, სანამ დამპყრობლები საბოლოოდ დატოვებდნენ პირენეს ნახევარკუნძულს.