სისხლის სამართალი ძველი ტფილისის დამნაშავენი (ნაწ II) - კრიმინალური არქივიდან 2023, 7 მაისი, 15:02
ილო ალერციანი – აზნაური, იმერელი, გაიზარდა ტფილისში. მამა ჰყავდა მებაღე. ვერაზე უვლიდა აივაზოვის ბაღს. მანაც მთელი ბავშვობა იქ სიარულში გაატარა. ვერის ბაღები იყო თავშესაფარი ათასი ქურდისა და ციხიდან გაქცეულისა, ავაზაკისა, ნაპარის დამმალავისა. იმის ჩრდილს აფარებდა თავს ბლომად კანონს მიღმა მყოფი. ბაღი ორასზე მეტი დაითვლებოდა და მდინარე ვერეს აყოლებაზე გაშლილიყო. მიადგებოდი ნავითაც და ფეხითაც. იქავე იყო დუქნებიც, საცა ეს ავაზაკები მიეცემოდნენ ღვინის სმასა და ნაპარის გაყოფას. ილო იყო მეშუშე. ეპშტეინის ქარხანა ჯერ არ დახურულა, ფონ კუჩენბახის კი ჯერ არ გახსნილა. საცა მინა ტყდებოდა, იქ ახალს სვამდა და შუშას ზომაზე იოლად სჭრიდა. ასე ამოჭრა პავლე მატვეევისა და აუგუსტ შმიტის ფანჯრები და წამოიღო იქიდან სხვადასხვა. მერე დააყაჩაღა ბუტულაშვილის დუქანი, გაძარცვა ზარაფი, გაქურდა მღვდელი მრელოვი და ქვრივი ნატახტარში. შემდეგ ის საქმეს იჭერს ტატო წულუკიძესთან, იმის დამქაშია. მასთან ერთად 1875 წელს გაქურდა ჯადუაშვილი და დაჭრა გამოდევნებული პოლიციის მოხელე ბურაქოვი. შემდეგ ბოქაულმა გაბარაშვილმა ორივე დაიჭირა და ის მეტეხის ციხეში ჩასვეს. ერთი წლის შემდეგ ტატოსთან ერთად ის გაიქცა, დააკავეს, ისევ გაიქცა, 1878 წელს ისევ დაიჭირეს და მერე ვეღარ გაიქცა. ტატოსთან ერთად დამქაშობისას გაქურდა ფარსადანოვი, მეხტი-კულუმ-ოღლის გაქურდვა და მარგულაშვილის მკვლელობა არ დაუმტკიცდა, არც საკო არუთინოვის, როცა ყელგამოჭრილი ავლაბრელი საკო ორთაჭალის კუნძულთან მდინარეში იპოვეს. 1878 წელს მას მიესაჯა 6 წელი და 8 თვე კატორღა. იქიდან აღარ დაბრუნებულა.
ისრაელ გერელიშვილი – ხელის დამცლელი, პატარა ღვინის აღმართის ჩიხში იდგა. ყიდდა ნაქურდალს როგორც ტფილისში, ასე აგზავნიდა ბაქოში, ოდესასა და როსტოვში. იქიდანაც ჩამოდიოდა ნაძარცვი და ოდესელ ცნობილ ნაძარცვის გადამყიდველებთან ისრაელ აბრამზონთან და ჰაი შტეილმანთან გაება კავშირები და იქიდან გამოგზავნილს შემდეგ პარუნბეგოვისა და ხალათოვის ქარვასლაში ცლიდა. 1884 წელს შაითან ბაზარში ხმა გავარდა, რომ ებრაელებმა ქრისტიანი ბავშვი მოკლეს და იმის სისხლი მსხვერპლშეწირვისთვის იხმარეს. ხმა უმალ აიტაცეს, მედუქნეებმა მუშტებიც გამოაჩინეს. ებრაელებს იმ დღეს ბევრი მოხვდათ, თავი გამოიდეს ხალათოვის ქარვასლაში და თათრის მეიდანზე, ყოველ გამვლელსა და შემხვედრ ებრაელს ხვდებოდა წიხლი და ალიყური. ისრაელი ასეთ დროს აღმოჩნდა სამღებროს ქუჩაზე. მას მედუქნეები ეცნენ, ცემა დაუწყეს, გაქცეულს კი ქვა დააწიეს, რომელიც კეფაში მოხვდა და ასე მოკვდა. დაასაფლავეს კრწანისში ებრაელთა სასაფლაოზე.
დათიკო დათაშვილი – იგივე კოშარიძე. მძარცველი, დაიჭირეს 1884 წელს კუკიაზე არგუნაკოვას მკვლელობის გამო. მასთან ერთად დაიჭირეს კოლა ბერიძე და ეგორ სააკოვი. ასევე, ვართანოვი, ვინც მესანგრეთა ქუჩაზე, დუქანში დაგეგმა ეს საქმე, მოხუც ქალს სახლში რომ შეუვარდნენ და გაძარცვის მიზნით ყელი გამოჭრეს. სააკოვს, ბერიძესა და ვართანოვს 15 წლით კატორღა მიესაჯათ. დათაშვილს – 6 წელი და 8 თვე და მეტეხის ციხე აკმარეს. ერთ წელიწადში ის ციხიდან გარბის. ჯერ საკანში მიწა გათხარა, უგისოსო ფანჯრიდან კაზემატის სახურავზე ავიდა და იქიდან საბნებიდან დაგრეხილი თოკით ქვემოთ დაეშვა. მასთან ერთად გაქცეულ ღარიბოვს გუშაგმა არ დაანება და ხიშტით დაჭრა, ოსკანოვმა და მოსესოვმა ვერ მოასწრეს სახურავზე ასვლა, ბერიძე, იოსებ კულიჯანოვი და დათაშვილი კი გაიქცნენ. ბერიძე მერე ერთ თვეში დაიჭირეს, დათაშვილი ვერის ბაღებში იმალებოდა და მასაც მიაგნო ბოქაულმა სვიმონოვმა, მაშინ ტფილისის ავაზენკების რისხვამ, დათაშვილმა მას მუცელში ხანჯალი დაჰკრა, ქამრის ბალთაში მოახვედრა და ბოქაული გადარჩა, დათაშვილი კი დააკავეს და 4 წლით კატორღა მიუსაჯეს. მან მოიხადა სასჯელი და რომ მობრუნდა, დუქანი გახსნა ავჭალის ქუჩაზე. მალე ის ქურდებისა და ავაზაკების თავშესაფრად იქცა. აქვე იმალებოდნენ ციხიდან გამოქცეული ტუსაღები. აქ დაიჭირეს ირკუტსკის გუბერნიაში 5 წლით გადასახლებული და იქიდან გამობრუნებული ოჰანეზ ბეგუმოვი. ციმბირიდან გამოიქცა სააკოვიც და ის მერე, ვიდრე დაიჭერდნენ, ათიოდე წელი ტფილისში ცხოვრობდა სედრაკ მნაცაკანოვის პასპორტით, რომელიც მისი თქმით, აშხაბადში ეპოვა. (ამონარიდები წიგნიდან "ძველი ტფილისის დამნაშავენი") 461 2-ს მოსწონს
|