1.გახსოვს ზედაზენი?
გახსოვს, ზედაზენი?.. მაჯვნივ დარჩა ძველი ჯვარი, მარცხნივ-წმინდა მცხეთა, აღმართები, აღმართები, აღმართები, გზა მიხვეულ-მოხვეული, დახვედრა და გაცილება ხეთა. შოშიების შეგონება, კაფე-თესეს ქადაგება, ჭრელი ჩიტის გადაფენა, ტყის დაღლილი ქარი, სიმწვანიდან გვეგებება წყაროს თეთრი თვალი, იქ მისვლა და დაჩემება შენი პეშვით დამელია წყალი... როგორც იქნა, შევაკება, გალავანი, ეკლესია, სულ სხვა ქარი... ძელსკამი და ბინდი, არაგვის და მტკვრის შეხვედრა, იქვე მცხეთა ფეხთით, არსად კაცის ჭაჭანება, არცა სოფლის დანანება, მე და შენ და... სიყვარულის ღმერთი! ჟამი ჟამობს. მე არ ვიყო, შენ არ იყო (ღმერთმა ნუ ქნას) - შეიძლება, ზედაზენის დავიწყება- არა! ის ერთი დღე, ის ერთი დღე არსებობდა კმარა! გახსოვს ზედაზენი? ..
2.დედაენა
კაცი ხარ, ვინ ხარ რა ხარ, რა ჯილაგის რა ბედენა, დედის ნანამ თუ არ გზარდა დედამ არ გიდედაენა. ერის შვილად რომ ივარგო, არც სხვას ავნო, არცა ივნო, ენა დედამ - დედაენამ უნდა ამოგადგმევინოს! სული დედაენის გედგას, აზრი, სიბრძნე ენამ გამცნოს. ღმერთმა ისე დაგიფაროს, დედამ არ გიდედინაცვლოს. რომც გიმუხთლონ, გოირგულონ, სამშობლოდან განიდევნო, ქუდი სხვისი... ენა შენი უნდა იდედ - დედაენო! ბედი დაუნდობელია, გაგწირავს და დაგაობლებს. ენა კალთას დაგაფარებს, დედაენა გისამშობლებს. გიჭირს, გილხინს, თან გეხლება. გიალერსებს, დაგივანებს. ატირდები, დედა რომ არ გეყოლება, ენა დაგიდედინანებს! “წუთისოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება, " დედაენით დაიწყო და დედაენით დამთავრდება!
3.სადა ხარ ღმერთო
სადა ხარ, ღმერთო! შენი შექმნილი ქვეყანა რომ ხელიდან მიდის, გზა-კვალი არ ჩანს, კაცი არ ჩანს გამდები ხიდის, გახდა ქვეყანა მოღალატის, გამცემის, ფლიდის, ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!.. ...ცას ვიღა ჩივის, აღარაა პატრონი მიწის, ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!... ქალი ქალს არ ჰგავს, უპერანგო პერანგს რად იხდის, კაცი არა ჩანს მოძულე სიძვის! არავინაა გამკითხავი, არავინ იძვრის, ქვეყანას ფასი დაედო კიტრის, ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!