x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 ფაქტი ძველი რომაელი ქალების შესახებ, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოში ვერ ნახავთ

image


ძველი რომაელების საინტერესო და ზოგჯერ წარმოუდგენელი ჩვევების შესახებ უკვე არაერთ სტატიაში მოგითხრეთ, თუმცა საინტერესოა, რამდენად ბევრი რამ იცით იმ ეპოქის რომაელი ქალების ცხოვრების შესახებ. ზრუნავდნენ თუ არა ისინი შვილების აღზრდაზე, იღებდნენ თუ არა თავად განათლებას ან თუ ცდილობდნენ საერთოდ კარიერის გაკეთებას? თქვენ წინაშეა რამდენიმე საინტერესო ფაქტი რომაელი ქალების შესახებ.





1. რომაელი გოგონები თავიანთი ვერსიის "ბარბის" თოჯინებით თამაშობდნენ


image

რომაელ გოგონებს ხანმოკლე ბავშვობა ჰქონდათ, ვინაიდან მათ გათხოვება უკვე 12 წლის ასაკში შეეძლოთ, ამიტომ ადრეული ქორწინებები ძველ რომში ჩვეულებრივი მოვლენა იყო (იმდროინდელი გაგებით ჩვილების მაღალი სიკვდილიანობიდან გამომდინარე ბავშვების ყველაზე "ნაყოფიერ" ასაკში გაჩენა გამართლებულად ითვლებოდა). ქორწილამდე გოგონებს უარი უნდა ეთქვათ თავიანთ ჩვევებზე, მათ შორის სათამაშოებზეც. თუ გოგონა გათხოვებამდე იღუპებოდა, მისი სათამაშოები მასთან ერთად იმარხებოდა.

image


XIX საუკუნის ბოლოს იპოვეს სარკოფაგი, რომელიც II საუკუნეში მცხოვრებ რომაელ გოგონას, კრიპერია ტრიფენას ეკუთვნოდა, მასში მოძრავი კიდურებიანი სპილოს ძვლისგან დამზადებული თოჯინა იქნა აღმოჩენილი, რომელსაც თან ტანსაცმლითა და სამკაულებით სავსე ყუთი მოჰყვებოდა. თოჯინას ჰქონდა ფართო მენჯი და მომრგვალებული მუცელი, რაც დედობის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს, რომელსაც რომაელი ქალები დიდად აფასებდნენ.





2. უნდა გვყავდეს თუ არა შვილები ბუნებრივ კვებაზე? რომაელი ექიმები დედის რძეს რეკომენდაციას უწევდნენ, თუმცა ამ რჩევას რომაელი დედები ყოველთვის არ ითვალისწინებდნენ


image


მდიდარი რომაელი ქალები შვილებს ძუძუს ყოველთვის არ აჭმევდნენ. ამის ნაცვლად ისინი ბავშვებს ხშირად გამზრდელებს - როგორც წესი, მონებს ან დაქირავებულ გათავისუფლებულ მონებს აძლევდენენ - რომლებთანაც სპეციალური ხელშეკრულება დგებოდა. სორან ეფესელი, მე-2 საუკუნის გავლენიანი ძველი ბერძენი ავტორი გინეკოლოგიაში, რომელიც რომში საქმიანობდა, თვლიდა რომ ჩვილისთვის გამზრდელის რძე პირველ დღეებში უკეთესი იქნებოდა, ვინაიდან მისი აზრით, დედა მსუყე საკვების მიღებითა და საკმარისი რაოდენობის რძის მოყვანით ზედმეტად გადაღლილი იყო.


image


სორანი პირველი ექვსი თვის განმავლობაში რაციონში ისეთი მყარი საკვების ჩართვას უწევდა რეკომენდაციას, როგორიც იყო ღვინოში გაჟღენთილი პური, ძველბერძენი ექიმი რომაელებისთვის ასევე ბერძენი გამზრდელის დაქირავების შესაძლო სარგებლიანობაზეც (ის რეკომენდაციას უწევდა ბავშვისთვის მეორე ენად ბერძნულის ჯერ კიდევ საფენებიდანვე სწავლას) მიუთითებდა. თუმცა, ეს რომაელი ექიმებისა და ფილოსოფოსების უმრავლესობის (პლინიუსი, ტაციტუსი და სხვ.) რჩევებს ეწინააღმდეგებოდა.


image


მათ სჯეროდათ, რომ დედის რძე როგორც ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ასევე ზნეობრივი ხასიათისთვის საუკეთესო იყო, ისინი ფიქრობდნენ რომ გამზრდელებს ბავშვისთვის მონური ხასიათის დეფექტების გადაცემა შეეძლოთ. მეტიც, გალენი, მაგალითად, დედის რძის სამკურნალო თვისებებს მოზრდილებისთვისაც კი აღიარებდა, რაც დამეთანხმეთ რომ საკმაოდ უცნაურად ჟღერს.





3. სწრაფი და მოსახერხებელი განქორწინება, შვილები მამასთან და არა - დედასთან


image


ძველ რომში განქორწინება იყო სწრაფი, მარტივი და საკმაოდ გავრცელებული მოვლენა. ქორწინება ხელს უწყობდა პოლიტიკურ და პირად კავშირებს ოჯახებს შორის, თუმცა ასეთი კავშირები, როდესაც ის რომელიმე მეუღლისთვის სასარგებლო უკვე აღარ იყო, შეიძლებოდა უმოკლეს დროში გაწყვეტილყო. განქორწინების დღევანდელი პროცედურებისგან განსხვავებით განქორწინებისთვის არანაირი სამართლებრივი პროცედურა არ არსებობდა. ქორწინება შეწყვეტილად ითვლებოდა, როდესაც ცოლ-ქმარი ამის შესახებ გამოაცხადებდა. გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით ქალიშვილების სახელით განქორწინების ინიცირება ასევე მამებსაც შეეძლოთ, ვინაიდან ისინი ქალიშვილების გათხოვების შემდეგაც კი მათზე კანონიერ მეურვეობას ინარჩუნებდნენ.


image


ეს შეთანხმება საშუალებას აძლევდა პატარძლის ოჯახს უკან დაებრუნებინა ქმრისთვის გადაცემული მზითევი, რითიც ოჯახურ ქონებას ხელუხლებლად ინარჩუნებდა, თუმცა რომაელ ქალს საკუთარ შვილებზე პრაქტიკულად არანაირი უფლება არ ჰქონდა - რომაული საზოგადოება მაინც პატრიარქალური იყო, თუმცა ხანდახან, თუ მამისთვის უფრო მოსახერხებელი იყო, ბავშვები განქორწინების შემდეგ დედასთან ცხოვრობდნენ.




4. რომაელ ქალებს დაბერება არ სურდათ, ნიანგის ექსკრემენტი ქალის კოსმეტიკაში? რატომაც არა



image


რომაელ ქალებს თავიანთი გარეგნობა ძალიან აღელვებდათ, მთელი რიგი გამაახალგაზრდავებელი პროცედურებისა და ასაკის დაკლების მიზნით არაერთი ხრიკის გამოყენების გამო ისინი ხშირად ხდებოდნენ პოეტ - სატირიკოსთა მხირიდან დაცინვის ობიექტები. ასე მაგალითად, რომაელი პოეტი ოვიდიუსი (ძვ. წ. 43–17) ხუმრობდა ქალზე, რომელიც თმის შეღებვას დამოუკიდებლად ცდილობდა, რის გამოც თმა შეუთხელდა, ხოლო იუვენალისი (დაახლოებით 55–127 წწ.) აღწერდა ისტორიას, რომელშიც ქალმა პარიკმახერი მხოლოდ იმიტომ გაამათრხა, რომ მას ვარცხნილობა გაუფუჭა. კოსმეტიკური ინდუსტრია ძველ რომში აშკარად ყვაოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იმდროინდელი რეცეპტი დღესაც კი სრულიად ნორმალურად (დაქუცმაცებული ვარდის ფურცლები ან თაფლი) გამოიყურება, ზოგიერთი მათგანი სრულ დაბნეულობას იწვევს.


image


პიგმენტური ლაქების რეკომენდირებული მკურნალობა ქათმის ცხიმსა და ხახვს მოიცავდა. ხამანწკების დაფქვილი ნიჟარა კანის ამქერცლავ საშუალებად გამოიყენებოდა, ხოლო დაქუცმაცებული მიწის ჭიებისა და ზეთის ნარევს რომაელი ქალბატონები ჭაღარის შესანიღბად იყენებდენ. სხვა ავტორების თქმით, ნიანგის ექსკრემენტები რუჟის ნაცვლად გამოიყენებოდა რაც შესაძლოა, უფრო იმ ეპოქის მწერლების ხუმრობა იყოს, თუმცა არქეოლოგიური აღმოჩენებიდან ირკვევა, რომ ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალების რეცეპტი მართლაც ძალიან უცნაური იყო (2000 წლის ერთ-ერთი სახის საცხში ცხოველური ცხიმი, სახამებელი და კალა იყო აღმოჩენილი).





5. რომაელი გოგონები ბიკინებს ატარებდნენ


image


სიცილიაში, პიაცა არმერინას მახლობლად მდებარე დიდი რომაული ვილის ერთ-ერთ ულამაზესს მოზაიკაზე გამოსახული არიან გოგონები, რომლებსაც თანამედროვე ბიკინის (რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ მე-20 საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა) მსგავსი კოსტიუმები აცვიათ. მოზაიკაზე გამოსახული ათი ქალიდან ცხრას ორნაწილიანი საბანაო კოსტიუმი აცვია. ქვედა ნაწილი ქსოვილის ან ტყავისგან დამზადებული სახვევებისგან შედგებოდა, რომელსაც "subligaculum"-ს უწოდებდნენ, და ის მამაკაცის ქვედასაცვლის "მსუბუქ" ვერსიას წარმოადგენდა (ზოგჯერ მას ასევე სპორტსმენები და მონები ატარებდნენ).


image


შედარებისთვის, თქვენ წინაშეა - ურსულა ანდრესი ფილმში "დოქტორი ნოუ" (1962 წელი)


1998 წელს ბრიტანელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით დათარიღებული ტყავის "ტანგა", რომელიც ზუსტად ემთხვევა თანამედროვე ბიკინის ქვედა ნაწილს (ამჟამად ის ლონდონის მუზეუმშია გამოფენილი). "ბიკინის" ზედა ნაწილი, რომელსაც ეს გოგოები ატარებენ - ერთგვარი ტოპია. მსგავსი ტოპები ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში იყო ცნობილი. რომაელები მას "სტროფიუმს" უწოდებდნენ. თანამედროვე სპორტული ბიუსტჰალტერის მსგავსი, ასეთი მსუბუქი ზედა, ხშირად ტილოსგან იქმნებოდა. ასეთ სამოსს რომში ისეთი ქალები ატარებდნენ, რომლებიც სპორტით ან აქტიური ცხოვრების წესით იყვნენ დაკავებულები.









0
1673
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1673