საქართველო "ამან შესაძლოა მთელი ხელისუფლება თავდაყირა დააყენოს“ - რა ფაქტზე საუბრობს გია ხუხაშვილი 2023, 18 აპრილი, 17:21 პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ე.წ. ქოლცენტრების თემაზე BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და FBI- ის მიერ საქართველოში ზემოაღნიშნული თემით დაინტერესების შემთხვევაში მთელი ხელისუფლების თავდაყირა დაყენებას არ გამორიცხავს:"კეზერაშვილის ბოლო განცხადებიდან გამომდინარე, სასურველია FBI, რომელსაც ტრანსსასაზღვრო გამოძიებების უზარმაზარი გამოცდილება აქვს, დაინტერესდეს საქართველოში ქოლ-ცენტრების საქმით. ვფიქრობ, რომ ამან შესაძლოა მთელი ხელისუფლება თავდაყირა დააყენოს"- წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში."ფორმულას" დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი უარყოფს მილტონ ჯგუფთან და ე.წ. ქოლცენტრებთან რაიმე კავშირს. ამასთან, ის გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო უწყებებს მიაწოდოს ინფორმაცია ქოლცენტრების საქმეში რეალურად ჩართულ მაღალჩინოსნებზე. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ თმობს ტელეკომპანია ფორმულას საკონტროლო პაკეტს და მის ნახევარს კოლექტივს გადასცემს. მისივე თქმით, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ დარჩენილ წილსაც კოლექტივს გადასცემს. უცვლელად გთავაზობთ კეზერაშვილის ე.წ. ქოლ-ცენტრების ბრალდებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებიდან ფრაგმენტს:"ტყუილია, თითქოს მე უარი ვთქვი ჟურნალისტთან თანამშრომლობაზე. არსებობს ავტორთა ჯგუფთან ჩემი იურისტების არაერთი კომუნიკაციის დამადასტურებელი დაახლოებით 50 გვერდიანი დოკუმენტები. აღვნიშნავ, რომ მის მასალებში არ მოხვდა ჩემი მხრიდან მიწოდებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც არგუმენტირებულად უარყოფდა მის ვარაუდებსა და დაშვებებს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან ჩემი კავშირების შესახებ. რაც შეეხება ფილმის ეპიზოდს, როდესაც ჟურნალისტი ჩემს საცხოვრებელ სახლში მოდის და მე თითქოს მასთან საუბარზე უარს ვამბობ, ეს „სტუმრობა“ მოხდა დაახლოებით დილის 7 საათზე. მას სახლში დახვდა ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც ბუნებრივია, მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები ვერ ექნებოდა.ტყუილია, თითქოს რამე კავშირი მაქვს ე.წ. მილტონ ჯგუფთან ან მასთან დაკავშირებული ქსელის საქმიანობასთან. ამას მასალის ავტორი თავადაც არაერთგზის ასკვნის: რომ „არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი არც ერთი დოკუმენტი, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებს მილტონის ქსელთან…“; „რაც შეეხება მილტონ ჯგუფს, არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტიაც, რომელიც დააკავშებდა კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას ჰქონდა პირდაპირი ფინანსური ინტერესი მილტონის ქსელის კომპანიებში“.თუმცა მიუხედავად საკუთარი დასკვნისა, ის არათუ ძალაში ტოვებს, არამედ აძლიერებს ვარაუდს, რომ ქსელის სათავეში სწორედ მე ვარ.ტყუილია, თითქოს მე იყავი ჩართული ტექ-კომპანიაში, რომელიც ქმნიდა სავაჭრო პლატფორმებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის. მასალაში არ არის და ვერც იქნება მსგავსი ფაქტების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.ტყუილია, თითქოს ჩემი რომელიმე კომპანია ამზადებდა ვებსაიტებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის. ჩემს არცერთ კომპანიას არასოდეს გაუკეთებია ბრენდინგი ან ვებ-დომეინი ამ სავაჭრო პლატფორმისთვის. ბუნებაში არ არსებობს მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შემყვანია მასალაში აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს ჩემი კომპანიის იმეილები და ე.წ. მილტონ ჯგუფის ვებსაიტები ერთსა და იმავე სერვერებზე მდებარეობდა. განვმარტავ: ჩემი კომპანიებისა და ჩემი იმეილის კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს მესამე მხარე. იმის გამო, რომ ჩემი ელ-ფოსტა არაერთხელ გამხადარა კიბერ თავდასხმის ობიექტი, მომსახურე კომპანია მაღალი დაცულობის უზრუნველსაყოფად ხშირად ცვლის სერვერებს. მე არ მაქვს და ვერც მექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდის რომელ სერვერზეა ჩემთან დაკავშირებული კომპანიები, ან რა ინახება სხვა ამათუიმ სერვერსა თუ ელ-ფოსტის ე.წ. „ქლაუდზე“.ტყულია ცნობა, თითქოს ჩემი ბიზნეს-ცენტრი კიევში არის „თაღლითური ქოლცენტრების სახლი“, რომელიც ყიდის კომპიუტერულ პროგრამებს (software). სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კიევში ჩემს კუთვნილებაში არსებულ კომერციულ შენობებში არასდროს უმუშავიათ თაღლითურ კომპანიებს. ასევე, არასდროს ყოფილა რაიმე ტიპის გამოძიება იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლთაც ამ შენობებში კომერციული ფართები აქვთ ნაქირავები.მანიპულაციურია საგამოძიებო ფილმში თბილისის პიქსელის შენობის ჩვენება, რომელთან დაკავშირებითაც ჩნდება აღქმა, თითქოს ის იფარავდა ე.წ. ქოლ-ცენტრებს. მასალის ავტორთა მხრიდან ესეც აუდიტორიის შეცდომაში შეგნებულად შემყვანი ნაბიჯია: როგორც ცნობილია, საქართველოში ყოფნისას (ბოლოს 12 წლის წინ), სწორედ პიქსელის შენობაში ვქირაობდი ოფისის ფართს. გერმანელი გამომძიებლებისა და ფილმის ავტორთათვის ჩატარებული საჩვენებელი რეიდი კი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქსის თაუერში ჩატარდა (რომელთანაც მე არასოდეს მქონია არც პირდაპირი და არც ირიბი კავშირი). გამოძიების ავტორებმა პიქსელის შენობის ჩვენებით გააძლიერეს აღქმა, რომ საკითხი სწორედ მე მიკავშირდება.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „საქმის შესაკვერელად“ და ჟურნალისტური გამოძიების სასურველი მიმართულებით წარსამართად საქართველოს პროკურატურამ გამოძიების ავტორი მიიყვანა სწორედ იმ სპეციალურად შერჩეულ ქოლ-ცენტრზე რეიდის გადასაღებად, რომელიც ჩემს ყოფილ პარტნიორსა და მეგობართან ასოცირდებოდა. უცნაურია, რომ საერთაშორისო კვალიფიკაციის ჟურნალისტს ჩემი მისამართით ბრალდებისთვის არ დასჭირდა მეტი სიღმისა და დეტალის გარკვევა, არ გაუჩნდა შეკითხვები იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში იყოს ტრანსნაციონალური დანაშაულის ჰაბი მისი ხელისუფლების ჩართულობისა და მფარველობის გარეშე.სამაგიეროდ, მან შეისწავლა ჩემი სოციალური ქსელები და განაცხადა, რომ მყავს 45 ფეისბუკ მეგობარი, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. მილტონ ჯგუფის თაღლითურ სქემასთან. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მასალის ავტორებმა არ წარმოადგინეს მტკიცებულება ამ 45 პირის შესახებ. რაც შეეხება ჩემს ფეისბუკ გვერდს, 2000-ზე მეტი მეგობრით – მათ დიდ ნაწილს პირადად არ ვიცნობ, იმათ ნაცვლად კი – ვისაც ვიცნობ, მიმეგობრია ან ვისთანაც საქმიანი კავშირი მქონია, პასუხს ვერაფერზე ვაგებ.როგორც იცით, კრიტიკული მედია საქართველოში, მათ შორის „ფორმულა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ, სისტემატურად აშუქებს ე.წ. ქოლ-ცენტრების სახელისუფლებო სქემას. ფაქტებისა და დასაბუთებული მასალების არსებობიდან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ საგამოძიებო ჯგუფს, რომ ჩასულიყვნენ თბილისში და ჩაეტარებინათ გამჭირვალე საგამოძიებო მოქმედებები საქართველოში მოქმედი კრიტიკული მედიების ხელშეწყობით, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე უარი გვითხრეს იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ „ფორმულამ“ ჯგუფს გაუწია ყველანაირი დახმარება. მათ ტელევიზიას მიმართეს ეთერში გასული მასალებისთვის და ყველაფერი მიიღეს.რადგანაც მე თვითონ ვარ მედიის მფლობელი, ვიცი, რომ ჟურნალისტი ვერ იქნება დაზღვეული შეცდომებისგან, თუმცა აღნიშნულ საგამოძიებო მასალაში ადგილი აქვს არაერთი ფაქტის განზრახ დამახინჯებას. რეპორტაჟში გამოთქმული ცრუ ბრალდებებისა და ვარაუდების დეტალურად განხილვა დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა აქ შევჩერდები და თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ბრალდება არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემს წინააღმდეგ 2012 წლის შემდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი. მისი ნაწილი იყო ჩემი ექსტრადიციის მოთხოვნით დაწყებული რამდენიმე პროცესი, რაც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა მიიჩნიეს პოლიტიკურად მოტივირებულად და არ დააკმაყოფილეს.ანალოგიური დასკვნაა ამ მხრივ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპული ინსიტიტუებისა და არერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებდამცავი ორგანიზაციის რეპორტებშიც. რაც შეეხება ჩემი სახელის ე.წ ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემებთან მიბმას, პირველად ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს სცადა 2020 წლის დასაწყისში, ამავე წლის მარტში კი ისეთი მაღალი სანდოობის ორგანიზაციამ როგორიცაა OCCRP-მ (Organized Crime and Corruption Reporting Project) გამოძიების შედეგად განაცხადა, რომ „ვერ მიაკვლია ვერც ერთ მტკიცებულებას, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებდა ქოლცენტრთან“.ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს. საზოგადოებას ყველა ეტაპზე ეცნობება სამართლებრივი პროცედურების დეტალები.ასევე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში. აქვე, ჩემთვის განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიციაა გასაკვირი, ვინც უკვე დიდი ხანია, ზუსტად იცის ამ თაღლითური სქემის მუშაობაზე, მასში მეზობლების, ნათესავების ან შვილების ჩართულობაზე. გასაოცარია, რომ ეს ხალხი ახლა მორალს კითხულობს და მე მამუნათებს."- განაცხადა კეზერაშვილმა.969 შეფასება არ არის |