x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
NASA-ს მიერ მარსზე გაგზავნილმა ვერტმფრენმა თავისი 50-ე ფრენა შეასრულა

Ingenuity - ასე ეწოდება ვერტმფრენს, რომელიც “ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს” (NASA) მიერ მარსზე იქნა გაგზავნილი. ამ ვერტმფრენმა წითელ პლანეტაზე უკვე 11, 6 კილომეტრზე მეტი გაიფრინა, რაც ამჟამინდელი მონაცემებით რეკორდული მანძილია.


Ingenuity-სთვის ეს რიგით 50-ე გაფრენაა, რომელიც 2, 5 წუთს გრძელდებოდა. საფრენი მოწყობილობა ამ მანევრმა 322 მეტრის მანძილზე გადააადგილა. ამასთან, 13 აპრილს განხორციელებული ფრენით მარსზე გაგზავნილმა ვერტმფრენმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ის 18 მეტრის სიმაღლეზე აიჭრა მარსის ცაში.


ვერტმფენი NASA-მ წითელ პლანეტაზე 2021 წლის 19 აპრილს დაუშვა. მას შემდეგ მოწყობილობამ მთლიანობაში 89 წუთი იფრინა.


სამწუხაროდ 50-ე ფრენის ამსახველი ვიდეო ჯერჯერობით არ გვაქვს. ყოველთვის, როცა “ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო” ვერტმფრენიდან გადაღებულ ახალ ვიდეოს დებს, მასში მარსის ახალი ხედები ჩანს, ახალი პერსპექტივით და ზედაპირის საინტერესო დეტალებით.



ვერტმფრენის ფრენებით ხდება იმის შესწავლა, შეძლებს თუ არა სამომავლოდ მარსზე მსგავსი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას ასტრონავტების გუნდი და რამდენად ეფექტური იქნება ეს. საქმე იმაშია, რომ მარსი საკმაოდ დიდი პლანეტაა, მისი ხმელეთის ფართობი დედამიწის ხმელეთის ფართობს არ ჩამოუვარდება და მასზე გადაადგილება სიცოცხლის ნიმუშების პოვნის მიზნით (რაც ასტრონავტებისგან შემდგარი მისიის უმთავრესი დანიშნულება იქნება) ძალიან გაჭირდება, თუ არ იარსებებს პლანეტის ზედაპირზე გადაადგილების სწრაფი და ეფექტური საშუალება.


საინტერესოა, რომ “ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო” მარსზე პილოტირებული მისიის განხორციელებას 2040 წლისთვის გეგმავს. მთელი 10 წლით ადრე, 2030 წლისთვის აპირებს მარსზე მისიის გაგზავნას SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მასკს არაერთხელ უთქვამს რაღაც, რაც შემდეგ არ განუხორციელებია, მისი დაპირება სანდო არ გახლავთ.


ვერტმფრენი

1
166
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
166
  
2023, 18 აპრილი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1