საზოგადოება რატომ გააძევა თამარ მეფემ პირველი ქმარი საქართველოდან? 2023, 10 აპრილი, 20:18 თამარ მეფე იყო საქართველოს მონარქი 1184წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი“. დიდგვაროვანი ფეოდალები აქტიურად ერეოდნენ თამარის პირად ცხოვრებაში. ეს ნათლად გამოჩნდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედოფლის ქორწინების საკითხი დადგა. დიდგვაროვნები თამარის საქმროდ მათთვის მისაღებ კანდიდატურას ეძებდნენ. ასეთად მათ იური ბოგოლიუბსკი (გიორგი რუსი) მიიჩნიეს. თუმცა, ზოგი დიდებული თამარის იური ანდრეის ძეზე დაქორწინების წინააღმდეგი იყო; ისინი თამარს ურჩევდნენ, კავშირი ბიზანტიის მმართველებთან დაემყარებინა, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. უფლისწული იური როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეის შვილი იყო. ანდრეის გარდაცვალების შემდეგ, სამთავროში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. იური სამთავროდან გააძევეს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კავკასიაში წავიდა. სწორედ იქ მოხდა ქართველი დიდებულების დაკავშირება მასთან. წყაროების მიხედვით, საქართველოს მეფე ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ გადმოგვცემს თამარის პასუხს შეთავაზებულ წინადადებაზე: „კაცნო, ვითარ ღირს არს შეუტყობელი ეს ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადონ ყოველთა სიკიეთე, განა სიდრკუე მისი.“
მიუხედვად ამისა, ეს ქორწინება მაინც შედცა. თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ იური უფლისწულს ცუდი ზნე აღმოაჩნდა – მას მემთვრალეობაში, მამათმავლობასა და ზოოფილიაში სდებდნენ ბრალს . თამარმა აღნიშნულის შესახებ დარბაზს მოახსენა, რომელმაც იური ანდრეის ძის საქართველოდან ექსორიაქმნის (გაძევების) შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა“.საქართველოდან განდევნილმა იური ბოგოლიუბსკიმ თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. წყაროთა ცნობით, ეს ფაქტი ქორწინებიდან ორი-ორნახევარი წლის შემდეგ მომხდარა. 370 1-ს მოსწონს
|