საზოგადოება 4 ძალიან საინტერესო ფაქტი იაკობ გოგებაშვილზე 2023, 5 აპრილი, 15:04 1.იაკობის ბიოგრაფიიდან კარგად არის ცნობილი, რომ იგი ბავშვობიდანვე მართალია გამჭრიახი და სხარტი გონებით, მაგრამ სუსტი ფიზიკური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. კიევში სასწავლებლად წასული კი იძულებული გახდა ორ წელიწადში ისევ სამშაობლოში დაბრუნებულიყო, რადგან უკვე ტუბერკულოზით იყო ავად. ტუბერკულოზს იმ დროს ვერ კურნავდნენ და იაკობიც სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდა ამ დაავადებით. 2.იმ დროს, როცა საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელობაში იყო, ყველაფერი ქართული იდევნებოდა და სკოლებში ქართულ ენაზე ლაპარაკიც იკრძალებოდა, იაკობ გოგებაშვილი ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად (1864 წ.), ხოლო ოთხი წლის შემდეგ მის ინსპექტორად დაინიშნა. რა გასაკვირია, რომ პატრიოტული სულისკვეთებით ანთებული მოღვაწე ვერ შეურიგდებოდა სკოლაში გამეფებულ ტერორს. გოგებაშვილმა პირველ რიგში მოსწავლეთა გაროზგვის მეთოდი გააუქმა და ამავდროულად ხელმძღვანელობას სწავლის პროცესის სრულიად გარდაქმნის პროექტი წარუდგინა. 1865 წლიდან დაიწყო მისი საგანმანათლებლო წიგნების გამოცება: "ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის" (1865), "ბუნების კარი" (1868), "დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში" (1872), ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი გახლდათ "დედა ენა" (1876), რომელსაც ქართველმა ხალხმა "ვეფხისტყაოსნის" ბადალი უწოდა და ავტორის სიცოცხლეშივე 33-ჯერ გამოიცა. ამ წიგნების წყალობით განათლებას ფართოდ გაეხსნა კარი, რამაც მეფის ხელისუფლების წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მოაწყვეს სასწავლებლის რევიზია, რომელზეც იაკობი მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა. იაკობს ცილი დასწამეს და მოხსენებაში დაწერეს, თითქოს გოგებაშვილი თავის ბინაში ააწყობდა ფარულ შეკრებებს, სადაც ბავშვებს "უარყოფითი მიმართულების წიგნებს" აკითხებდა და ანტირელიგიურ შეხედულებებს უნერგავდა. საბოლოო ჯამში, იაკობი 1874 წელს "საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად" გამოაცხადეს, სასწავლებლიდან გააძევეს და სახელმწიფო ბინაც ჩამოართვეს. 3.ნიკო ლომოური გადმოგვცემს, სანდრო ცხვედაძის მოგონებას, თუ როგორ დაუნახავს ერთ დღეს მტკვარში ტანსაცმლიანად შესული იაკობ გოგებაშვილი, მიშველებია და წყლიდან ამოუყვანია: "შუა დღე იქნებოდა მოტანებული, როცა მე რაღაც საქმისთვის ვერის სასაფლაოს გადასწვრივ დაღმართზე ჩავდიოდი ძირსაო. მარცხენა ნაპირიდან ვიღაც კაცი მოადგა მტკვარსა და ისე, გაუხდელი, შევიდა წყალშიო. შუა ადგილს წყალმა წააქცია და რამდენსამე წამს სრულიად დამალა, მერე კვალად გამოჩნდა. იწყო ბრძოლა ტალღებთან და ნაპირს დაუახლოვდაო. მაშინათვე მივეშველე მეც და, როდესაც სახეზე შევხედე, მეტის მწუხარებითა და გაოცებისაგან კინაღამ გული შემიწუხდაო: ეს იყო იაკობ გოგებაშვილიო. აქ ტანისამოსი გავუწურე, ჩემი მშრალი პალტო ჩავაცვი და წამოვიყვანე, მერე მე და ნიკომ მიხეილის საავადმყოფოში წავიყვანეთ და იქ დავაწვინეთ" ბევრი ამ ფაქტს თვითმკვლელობის მცდელობად აღიქვამს, მაგრამ უმეტესობა ამ ვერსიას ეწინააღმდეგება, რადგან დაუჯერებლად მიაჩნიათ ისეთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლისგან, როგორიც იაკობ გოგებაშვილი იყო, მსგავსი საქციელის ჩადენა. მოგვიანებით ამ შემთხვევის შესახებ ხუმრობაც კი გავრცელდა :"ერთხელ იაკობმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, ფეხი მტკვარში ჩაყო და უკანვე ამოვიდა - ფილტვები გამიცივდებაო ". 4.უყვარდა იოსებ მამაცაშვილის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებლის ქალიშვილი - დარია. გადმოცემის თანახმად, ქალიც იმავე გრძნობით პასუხობდა და მახლობლებიც ურჩევდნენ დაქორწინებას. მაგრამ ბედნიერებაზე მწერალმა თავად თქვა უარი საკუთარი დაავადების გამო - შიშობდა, რომ ტუბერკულოზი გენეტიკურად შვილებზე გადავიდოდა. "მეც მინდოდა ვყოფილიყავი ცოლ-შვილით ბედნიერი კაცი, მაგრამ რომ დავფიქრდი, თუ რა მოვალეობას ვკიდებდი ხელს და როგორ დიდ ბოროტმოქმედებას ჩავიდენდი... ცოლის შერთვით, უკან დავიხიე. ის არ იყო საკმარისი, რომ მე ავადმყოფი, ფილტვებშეშინებული ადამიანი ვიყავი, რომ სხვა ავადმყოფი ხალხი არ გამეჩინა ქვეყანაზე", - უთქვამს იაკობს. 770 1-ს მოსწონს
|