საზოგადოება 5 უცნობი ფაქტი ვაჟა-ფშაველაზე 2023, 5 აპრილი, 14:48 1.ვაჟას ქეიფი და დროსტარება ძალიან უყვარდა, ისევე, როგორც ღვინო, თუმცა, ზომაც იცოდა – შეზარხოშდებოდა თუ არა, წვეთსაც აღარ აკარებდა პირს. ამაში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა მტკიცე ნებისყოფა. რასაც იტყოდა, ის უნდა აესრულებინა. თქვა, აღარ მოვწევ თამბაქოსო და, მას შემდეგ აღარც მოუწევია. ერთი ჩვეულება ჰქონდა ვაჟა-ფშაველას: ის არასდროს არ მიაჭახუნებდა ჭიქას ჭიქაზე, როგორც სადღეგრძელოების თქმისას არის ჩვენში მიღებული. ამბობდა, ეს ჩვეულება ჩვენი არ არისო. გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებიც არ უყვარდა. საჭმელებს შორის ვაჟა-ფშაველას ყველაზე მეტად ხინკალი ჰყვარებია და თვითონაც ხშირად ამზადებდა. მთაში გაზრდილს, არ უყვარდა ჩაის სმა და, კიდევ, ბალიშზე თავის დადება. ამბობდა, ცოდვაა ბალიშზე თავის დადება, – თავი დაიკარგება შიგო. ამიტომ, თვითონ მუთაქას ხმარობდა. 2.– ვაჟას ოხუნჯობასთან დაკავშირებით უამრავი გადმოცემა არსებობს. თბილისში ყოფნის პერიოდში, ვაჟა-ფშაველა საპარიკმახეროში შესულა, თმა და წვერი გაუპარსავს და დალაქისთვის შაური შეუძლევია. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს ეცოტავა გასამრჯელო და პოეტისთვის უთქვამს: შაურს რომ მაძლევ, სემიჩკა ხომ არ მომიყიდნია შენთვისო. - შენ რომ იცოდე, რა თავი გაკრიჭე, მაგასაც არ გამომართმევდიო, – არ დაბნეულა ვაჟა. 3.– ვაჟა, ბაჩანა და მიხა რაზიკაშვილები განთქმული მონადირეები ყოფილან. თუმცა, მათ შორისაც, ვაჟა გამორჩეული გახლდათ. ის იშვიათი მსროლელი იყო და ამის გამო ბევრჯერ ჯილდოც მიუღია. ნადირის დანახვაზე დინჯად, მოფიქრებულად უმიზნებდა თოფს. თოფი პოეტს ორნაირი ჰქონია: საფანტისა – ფრინველზე სანადიროდ და, ტყვიისა – ნადირებზე. გადმოცემის თანახმად, მეძებარი ძაღლებით ნადირობაც ვაჟას შემოუღია მთაში. განსაკუთრებით მხეცებზე ნადირობა ჰყვარებია, ალბათ, ამიტომაც, ტყვიის თოფს განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა და არავის ათხოვებდა. ნადირთა შორის შვლის მოკვლას ერიდებოდა, ხოლო, თუ სხვის მოკლულს ნახავდა, ძალიან განიცდიდა. 4.„ერთხელ ვაჟა-ფშაველას, მისდა უნებურად, შველი მოუკლავს“, – იხსენებს მიხა რაზიკაშვილი, – „და, მისი საცოდაობისთვის რომ არ ეცქირნა, იძულებული შეიქნა, მეორედ ესროლა. ნუკრი არ უნახავს, არც უძებნია, ალბათ, იქ ახლო სადმე იდგა. მხოლოდ შვილის რძიანი ძუძუები მოწმობდნენ მის ყოლას. ამხანაგებს ვერ წარმოედგინათ, რაზე წუხდა ვაჟა, პირიქით, შურის თვალით შესცქეროდნენ და თვითონაც მზად იყვნენ, ეცადათ ბედი, თუკი ასე გამარჯვებულები დაბრუნდებოდნენ. მას შემდეგ ვაჟა ჩარგლის ტყეში შვლებზე სანადიროდ წასული აღარავის უნახავს“. 5.თევზაობაშიც უბადლო ყოფილა ვაჟა-ფშაველა. თევზაობდა ფშავის არაგვში, კაწალხეურაში, სადაც ბევრი კალმახი ბუდობდა. სათევზაოდ დადიოდა როგორც მარტო, ისე ამხანაგებთან ერთადაც. 311 1-ს მოსწონს
|