საქართველო
"ასეთი რამ შეუძლებელია, ეს იყო დაგეგმილი ასაფეთქებლად" - რას წერს შალვა ნათელაშვილი
2023, 24 მარტი, 18:32
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისის აეროპორტში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის სამთავრობო თვითმფრინავის მხოლოდ მეორე მცდელობისას დაჯდომას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ასეთი რამ კომპიუტერიზაციის ეპოქაში შეუძლებელია მოხდეს, თანაც სამთავრობო ბორტის მიმართ, რომლის პარამეტრებიც კოსმოსიდან კონტროლდება. ვფიქრობ ეს იყო დაგეგმილი საჰაერო ტერორიზმის მცდელობა მთელი საერთაშორისო ვითარების საბოლოოდ ასაფეთქებლად და მის სათავეში დგას ივანიშვილის სპეცსამსახურები რომელთა უფროსებიც ვიცით სად სხედან."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის ფეისბუქპოსტში.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თვითმფრინავმა A340-300-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენა მხოლოდ მეორე მცდელობით შეძლო. ამ ინფორმაციის მიხედვით სამთავრობო თვითმფრინავს მეორე წრეზე წასვლა მოუწია, რადგანაც ასაფრენ ბილიკზე იმ მომენტში სხვა თვითმფრინავი იყო. საბოლოოდ თვითმფრინავი თბილისში 20-წუთიანი დაგვიანებით 23.20 სთ-ზე დაფრინდა.
"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის სამთავრობო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობისას დაჯდა, რადგან ასაფრენ ბილიკზე ამ დროს სხვა თვითმფრინავი იჯდა. ბორტი სკოპიედან მოფრინავდა, თუმცა თბილისში დაჯდომა 20 წუთის დაგვიანებით მოხდა. შასი შეეხო ასაფრენ ბილიკს, როცა პილოტმა ისევ უკან აფრენის გადაწყვეტილება მიიღო. მას ძალიან მოკლე დროში მოუხდა მანევრირება რომ შეჯახება არ მომხდარიყო" - დაწერა გერმანულმა გამოცემა "Spiegel.ge".
ანალენა ბერბოკს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ დახვედრია. გერმანიის უმაღლეს დიპლომატს მის ნაცვლად მინისტრის მოადგილე შეხვდა.