x
მეტი
  • 12.07.2024
  • სტატია:135939
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510270
გინეკოლოგიური სიმსივნეები და მათ პროფილაქტიკა – ინტერვიუ ნინო ჩოგოვაძესთან
image

გინეკოლოგიური სიმსივნეები და მათ პროფილაქტიკა – ინტერვიუ ნინო ჩოგოვაძესთან


ქალთა რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, გავრცელებული პათოლოგიებია. ისინი მნიშვნელოვნად აზიანებენ ქალთა ჯანმრთელობასა და აუარესებენ მათი ცხოვრების ხარისხს. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში კი, შედეგები გაცილებით სავალალოა.


საბედნიეროდ, დღეს სიმსივნური პათოლოგიების პრევენციის ან მათი ადრეულ ეტაპზე გამოვლენის გაცილებით მეტი შესაძლებლობაა, რაც წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. ამისათვის მნიშვნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია დაავადებებსა და მათი პროფილაქტიკის გზებზე. სწორედ ამიტომ გინეკოლოგიურ სიმსივნეებზე მეტის გასაგებად თოდუას კლინიკის გინეკოლოგსა და ონკოქირურგს ნინო ჩოგოვაძეს მივმართეთ.



როგორია გინეკოლოგიური სიმსივნეების ჩამონათვალი და რამდენად გავრცელებულია ის ქალთა პოპულაციაში?


გინეკოლოგიურ სიმსივნეებს მიეკუთვნება საშვილოსნოს ყელის კიბო, საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე, საშვილოსნოს ტანის კიბო, ენდომეტრიუმის, ფალოპის მილის, ვაგინისა და ვულვის კიბო. ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებში ძუძუს კიბოს შემდეგ, ყველაზე გავრცელებული საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეა. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, სტატისტიკა იცვლება ხოლმე და გინეკოლოგიურ სიმსივნეებში გავრცელების სიხშირის მიხედვით, პირველ ადგილს პერიოდულად საშვილოსნოს ტანის კიბო იკავებს.


რა არის ქალთა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნური პროცესების გამომწვევი მიზეზები?



ერთადერთი გინეკოლოგიური სიმსივნე, რომლის გამომწვევი ძირითადი მიზეზიც ვიცით, საშვილოსნოს ყელის კიბოა – ის ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ზოგიერთი ტიპებით ინფიცირებისას შეიძლება განვითარდეს. ასევე, მისი განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება: იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, თამბაქოს მოხმარება, სასქესო ორგანოების ხშირი ანთებითი დაავადებები, ასაკი და გენეტიკური წინასწარგანწყობა.


საშვილოსნოს ტანის კიბოს განვითარების რისკფაქტორებია: ესტროგენების ჭარბად და ხანგრძლივად მიღება, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, გვიანი მენოპაუზა, დიაბეტი, უშვილობა, გენეტიკური წინასწარგანწყობა და სხვა.


საკვერცხეების კიბო ძირითადად მენოპაუზის დროს ვითარდება, ამიტომ ასაკი ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია. დიდი როლი შეიძლება ითამაშოს, ასევე, ოჯახურმა ისტორიამ, შვილის არგაჩენამ. საკვერცხის კიბო ხშირად იჩენს ხოლმე თავს ენდომეტრიუმის ან ძუძუს კიბოს პარალელურადაც.


ვაგინის კიბოს განვითარების რისკფაქტორებს კი წარმოადგენს იმუნოდეფიციტი, თამბაქოს მოხმარება, ასაკი, HPV ინფექცია. პაპილომა ვირუსი, ასევე, ზრდის ვულვის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკებსაც. მისი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს არანამკურნალები სკლეროზული ლიქენიც, გენეტიკური განწყობა, ხშირი ანთებითი დაავადებები და სხვა.


რა სიმპტომები ახასიათებთ გინეკოლოგიურ სიმსივნეებს?



ყველა გინეკოლოგიური სიმსივნური პათოლოგია განსხვავებულად გამოიხატება. საშვილოსნოს ყელის კიბოს ხშირად საწყის სტადიაზე არანაირი სიმპტომი არ აქვს, დისპლაზიური პროცესები ჩუმად მიმდინარეობს და მხოლოდ მაღალი დაზიანებების შემდეგ ვლინდება. თუმცა საწყის ეტაპზე პაციენტმა შეიძლება შეამჩნიოს გამონადენი, მათ შორის, სისხლნარევი. დროთა განმავლობაში მას ერთვის შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, ტკივილი მცირე მენჯში და ზოგადი ტოქსიკური მდგომარეობა.


გვიან სტადიაზე ვლინდება საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნეც. პაციენტი უჩივის ყაბზობას, მუცლის ზომაში მომატებას, ასციტს, სისუსტეს, დაღლილობას, გულისრევას, სუნთქვის გაძნელებას, აქვს ზოგადი ძლიერი ინტოქსიკაციური ფონი.


ენდომეტრიუმის კიბოს ახასიათებს აციკლური სისხლდენები, პოსტმენოპაუზური სისხლდენები, ტკივილი მუცლის ქვემო არეში. ვულვის და ვაგინის სიმსივნეების დროს კი ხშირია უცხო სხეულის შეგრძნება, სისხლიანი გამონადენი, ტკივილი, ქავილი და ა.შ.


რა სკრინინგული და სადიაგნოსტიკო გამოკვლევები გამოიყენება თოდუას კლინიკაში გინეკოლოგიური სიმსივნეების დროს?



ერთადერთი სიმსივნე, რომლის სკრინინგიც, ზოგადად, შესაძლებელია, საშვილოსნოს ყელის კიბოა, ვინაიდან ვიცით, რომ მისი გამომწვევი მიზეზი HPV ინფექციაა. ვირუსის მაღალი ონკოტიპების გამოვლენა მარტივი ტესტითაა შესაძლებელი. მას პაპტესტს ვუწოდებთ და ის ფართოდაა ხელმისაწვდომი მსოფლიოშიც და საქართველოშიც. თუ ინფექციის არსებობა დადასტურდა, შემდეგ უკვე დამატებით კვლევებს ვატარებთ.


ზოგადად, სხვადასხვა გინეკოლოგიური სიმსივნეების სადიაგნოსტიკოდ მივმართავთ გინეკოლოგიურ დათვალიერებას, ვატარებთ ექოსკოპიას ანუ ულტრაბგერით გამოკვლევას, კოლპოსკოპიას, კომპიუტერულსა და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, ბიოფსიას, სისხლის ანალიზს ონკომარკერებზე და ვიყენებთ სხვა საჭირო მეთოდებს. რაც მთავარია, თოდუას კლინიკა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რაც მაქსიმალურად ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას გვაძლევს. პაციენტისთვის დამატებითი კომფორტია ისიც, რომ ყველა კვლევა ერთ სივრცეში ტარდება.


როგორი ხდება გინეკოლოგიური სიმსივნეების მკურნალობა?



ისეთი რთული დაავადების მკურნალობას, როგორიც ავთვისებიანი სიმსივნეა, მულტიდისციპლინური მიდგომა სჭირდება. თოდუას კლინიკაშიც საუკეთესო შედეგის მისაღებად მკურნალობის ტაქტიკას კონსილიუმი ადგენს და მკურნალობის პროცესშიც სხვადასხვა პროფილის ექიმი ერთვება. ძირითადი მკურნალობის დასრულების შემდეგ კი პაციენტს მეთვალყურეობას პირადი ექიმი და ქირურგი უწევს – ის კურირებს მის მდგომარეობას და უნიშნავს გეგმურ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს.


უნდა აღვნიშნო ისიც, რომ თოდუას კლინიკაში ზოგიერთი ონკოლოგიური ოპერაცია ლაპარასკოპიით ტარდება. ეს დამზოგველი ოპერაციაა, რაც ამარტივებს რეაბილიტაციის პროცესს და პაციენტი გაცილებით სწრაფად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ წესს.


რა რეკომენდაციას მისცემდით ქალებს? გინეკოლოგიური სიმსივნეების რა საპროფილაქტიკო გზებს გამოყოფდით?



დედებმა თავიანთი გოგო შვილები, სასურველია, გინეკოლოგთან პირველი მენსტრუაციის შემდეგ მიიყვანონ, რათა სპეციალისტმა ადრეული ასაკიდანვე შეაფასოს საშვილოსნოსა და საკვერცხეების მდგომარეობა. ძალიან მნიშვნელოვანია პაპილომა ვირუსის (HPV) წინააღმდეგ ვაქცინაციაც, რომელიც ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს. ის 10 წლის ასაკიდან ტარდება და 26 წლამდე ქალებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი.


HPV სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, ამიტომ ქალებმა სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ პაპტესტი სკრინინგულად ყოველ ერთ, ორ ან სამ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ. რეპროდუქციული სისტემის შეფასების მიზნით, აუცილებელია მინიმუმ წელიწადში ერთხელ ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებაც. პერიოდულობა ექიმმა უნდა განსაზღვროს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად. დაბოლოს, აუცილებელია, მაქსიმალურად დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი.


R




0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0