სისხლის სამართალი "ანის მამა ლიეტუველი ჰყავს, დედა - ქართველი... დედამისს უნდოდა ანი საქართველოში გაზრდილიყო" - დიდ დიღომში მომხდარი საზარელი ტრაგედიის დეტალები 2023, 17 მარტი, 13:04 წუხელ, გვიან ღამით შემზარავი ტრაგედია მოხდა თბილისში, დიდ დიღომში. 12 წლის ანი იუანუშაიტიტე პეტრიწის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი, პოლიცია და მეზობლები გოგონას საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, გოგონას დაზიანებები აქვს მიღებული. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები. ექიმები შეეცადნენ ბავშვის გულის ამუშავებას, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები. ერთი ვერსიით, გოგონა მოგუდულია. მას ყელზე, თვალის არეში და ხელებზე დაზიანებები აღენიშნება. როგორც მეზობლები ამბობენ, ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, დღისით, ანი მეზობლებმა სკვერში, საქანელაზე შენიშნეს. გავრცელდა ხმაც რომ მოგვიანებით ბავშვებმა გოგონას სიახლოვეს ზრდასრული უცხო ადამიანი შენიშნეს. ანი 186-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. გოგონას ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით, "ანის მამა ლიეტუველი ჰყავს, დედა - ქართველია. ნახევრად ლიეტუველი რომ არის, უცხო გარეგნობა ჰქონდა. ძალიან ნაზი, ფერია გოგონა იყო. გაკვეთილიდან სახლში რომ მიდიოდა, რამდენჯერმე გავაფრთხილე, სადარბაზოში უცხოებს არ შეჰყვე-მეთქი, რატომღაც სულ ვაფრთხილებდი და როცა სახლიდან ვუშვებდი, სანამ ლიფტში არ შევიდოდა და ეზოში არ გავიდოდა, სულ ვუყურებდი ხოლმე. უცხო გარეგნობის იყო და ვფიქრობდი, ამ ბავშვს ვინმემ თვალი არ დაადგას-მეთქი... პანდემიის დროს, ერთი წელი ლიეტუვაში იყო ოჯახი, მაგრამ დედამისს უნდოდა, შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და დაბრუნდნენ. დედას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს და დებს საოცრად უყვარდათ ერთმანეთი. საქართველო უყვარდათ, " - ამბობს მასწავლებელი ერთ-ერთ გამოცემასთან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 155 1-ს მოსწონს
|