x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მელანო ზედელაშვილის ნახატები და ინტერვიუ

მას პატრიარქმა უთხრა მადლობა კარგი შვილების აღზრდისთვის, ამიტომაც თვლის, რომ ბედნიერი დედაა და სიცოცხლე ამად ღირდა. გაუმართლა მის შვილსაც, რადგან 18 წელი უწმინდესის გვერდით გაატარა. გაზეთ „შირაქის“ დღევანდელი სტუმარი მელანო ზედელაშვილია. ჯანმრთელობის პრობლემებმა ის აიძულა, მივიწყებული შემოქმედებითი უნარები გაეღვიძებინა და შვება ხელსაქმეში ეპოვნა. მალე განვითარდა და დღეს ხატვის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია...

imageimage

image

მელანო ზედელაშვილი: ყოველთვის ვოცნებობდი სამხატვრო აკადემიის სტუდენტობაზე _ მხატვრობაზე, მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, თუმცა, ნაადრევად ოჯახის შექმნამ ამ ოცნებასთან დამაშორა. სულ რამდენიმე წელია, რაც შემოქმედებითი მუშაობა დავიწყე. ჯერ ქარგვით, მოგვიანებით საღებავებშიც ვცადე... ვინაიდან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, საკუთარი სულის და სხეულის გადასარჩენად ვცდილობდი მთელი ყურადღება გადამეტანა იმაზე, რაც მდგომარეობას შემიმსუბუქებდა. ხატვა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბავშვობის შემდეგ შეხება აღარ მქონია ამ საქმესთან. მოწყენილობამ და სევდამ დამაბრუნა ჩემი სანუკვარი ოცნების ასრულებისკენ, რათა ტილოზე გადამეტანა ჩემი შინაგანი განწყობა და ფიქრები.
სამწუხაროდ, სამხატვრო განათლება არ მაქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ნიკოლაძის სახელობის ტექნიკუმში, მაგრამ დედა იყო წინააღმდეგი და სწავლა ვერ შევძელი. თუ რამეს მივაღწიე, ყველაფერი პრაქტიკული და დაუღალავი შრომის შედეგია.
– რისი გამოხატვა გინდათ, რას ამბობენ თქვენი ნამუშევრები?
– ნათქვამია: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“ - ჩემი ნაქარგები და ნახატები შინაგანი განწყობის, ხასიათის და ფიქრების აფიშირებაა. ვცდილობ სიმშვიდე მოვიპოვო. ყველა ნამუშევარი ინდივიდუალურია და იმ პერიოდის ემოციურ ფონს გამოხატავს, როცა შეიქმნა. ისე არ ეწყობა ჩვენი ცხოვრება, როგორც ამას საკუთარ ოცნებებში ვხატავთ და ვგეგმავთ. ბავშვობაში ჩაფიქრებული ლამაზად აშენებული კოშკები ცხოვრების რთულ გზაზე გასაბერი ბუშტივით სკდება და რჩება იმედგაცრუება. როცა გვერდით საყრდენი „კედელი“ გიმტყუნებს, გამოგეცლება და მარტოს გიწევს რთული ლაბირინთების გადალახვა, გულისტკივილი უდიდეს კვალს ტოვებს სულში, რაც აშკარად ისახება ჩემს შემოქმედებაშიც. შვილებს ხშირად უსაყვედურიათ, შენს ნახატ-ნაქარგებს ღრუბელი ვერ მოაშორეო... მიუხედავად უამრავი ცდისა და მონდომებისა, მაინც ჩნდებიან ჩემს ნამუშევრებში ღრუბლები, მარტოხელა იდუმალი ქალები, გამხმარი ხეები. წლების წინ ვერც წარმოვიდგენდი ქარგვა და ხატვა თუ მიხსნიდა უიმედობისგან, იმედგაცრუებისგან, საშინელი სტრესისგან და დამაბრუნებდა მშვენიერ სამყაროში, სადაც სიცოცხლე და სიყვარული ზეიმობს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დამიდგა და მაზიარა ამ საოცრებას, რასაც ხელოვნება ჰქვია! ლალი უზუნაშვილს, ხატმწერ გიორგი ეგნატაშვილს, მხატვარ გიორგი ალადაშვილს, თექაზე მომუშავე დოდო გოდერძიშვილს და სხვებს. წლების მიხედვით თუ დალაგდება ჩემი ნამუშევრები, როგორც ამბობენ - „გვირაბის ბოლოს“ - ნელა-ნელა ჩემთანაც შეინიშნება სინათლე!
– შემოქმედებითი მუშაობის დროს განწყობა გჭირდებათ, თუ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ხატოთ?
image– პროფესიონალი რომ ვიყო, შეიძლება განწყობას არ ჰქონოდა ასეთი დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, როგორც არაპროფესიონალს, მოყვარულის დონეზე - ხატვის დროს ჩემთვის მნიშვნელოვანია ხასიათიც და განწყობაც. რაც თავი მახსოვს ხელოვნების მიმართ სულ მქონდა დიდი ინტერესი და სიყვარული. ალბათ ჩემს ამ უნარებში ცოტა გენეტიკური ფაქტორიც არის. მყავს ახლო ნათესავები, რომლებიც საუკეთესოდ ხატავენ. ხელოვნება ხომ სულის საზრდოა. მადლობას ვწირავ უფალს, რომ დამაჯილდოვა ამ პატარა ნიჭით.
– როგორ ფიქრობთ, რომ არ გქონოდათ გარკვეული პრობლემები, მაინც შექმნიდით ამდენ ნამუშევარს ასეთი ხარისხით?
– ალბათ ვერა... მარტივი ჭეშმარიტებაა - ტკივილი და პრობლემები უფრო გვაძლიერებს ადამიანებს და გადარჩენის გზებს გვაძებნინებს. მეც ჩემებური გზა მოვძებნე, რამაც უდიდესი ბედნიერება და სიმშვიდე მომიტანა.
– თუ გაქვთ საყვარელი ფერები, თემა?
– იმის გამო, რომ ცოტა ცვალებადი ხასიათი მაქვს, ალბათ ამიტომაც ბევრჯერ საწყისი თემიდან სულ სხვა მიმართულებით წამიყვანია ნამუშევარი. სტილიც და ტექნიკაც სულ სხვადასხვანაირია. ფერებიც ძირითადად ხასიათს ემყარება ხოლმე. ისე კი, თბილ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას.
– როგორც ჩანს უფრო პეიზაჟების ხატვა გიტაცებთ?
– უზომოდ მიყვარს ბუნება, თუმცა ძალიან ბევრი სხვადასხვა თემის სახასიათო ნაქარგებიც მაქვს.
– გამოფენები სად გქონდათ?
– ორჯერ დედოფლისწყაროში მქონდა პერსონალური გამოფენა და მიხარია, რომ მშობლიური რაიონის წინაშე გამოვიტანე ჩემი ნამუშევრები. ინტერესი წამოვიდა დედოფლისწყაროდან, ძალიან გვერდში დამიდგნენ და ლამაზი დღე იყო. მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ თამარ თამაზაშვილს, სწორედ მისი ინიციატივითა და დახმარებით ჩატარდა დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლაში ჩემი ნამუშევრების წარდგენა. ასევე, გამოფენა მქონდა თბილისის სამების საკათედრო ტაძარში და მწერალთა კავშირში ბატონ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებით საღამოზე.
– თუ გაგიყიდიათ ნამუშევარი?
image– სამწუხაროდ კი... იმისთვის, რომ შექმნა შემდეგი ნამუშევარი და ხორცი შეასხა ჩანაფიქრს, საჭიროა მასალები, რაც სამწუხაროდ სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული... ზოგჯერ იძულებული ვარ გავყიდო...
– შვილები...
– მყავს ორი შვილი, ზურა და უჩა ალადაშვილები, ქვეყნისთვის და ოჯახისთვის კარგი ბიჭები, საინტერესო და წარმატებული პირადი ცხოვრებით. უმცროსი, უჩა პატრიარქის სტიქაროსანი იყო 18 წლის განმავლობაში, ასევე მუშაობდა პატრიარქის დაცვის სამსახურში, სამმართველოს უფროსის მოადგილედ. ხშირად ჩანდა პატრიარქის გვერდით. ამჟამად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში მუშაობს, ადმინისტრაციულ მთავარ სამმართვრლოში! სამწუხაროდ, აღარ არის პატრიარქთან. ჩემი შეხვედრები უწმინდესთან ხშირად იყო, როგორც სამების ტაძარში წირვა-ლოცვაზე, ისე საპატრიარქოში. მაგრამ მაქვს ერთი გამორჩეული დღე. ჩემთვის დაუვიწყარია 2009 წელის აპრილის თვე, როცა პატრიარქმა საპატრიარქოში დამიბარა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და დაუვიწყარი საღამო. პატრიარქმა დამლოცა და მითხრა: „ყოჩაღ!!! ძალიან კარგი ბიჭების აღზრდისთვის!!! _ უჩას სახლში რომ არ ვუშვებ, ხომ არ მიბრაზდები?“ (იცინოდა) მე კი სიხარულისგან ვტიროდი და ვფიქრობდი: „მგონი ამად ღირდა სიცოცხლე, მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის!“

ერთადერთი და მთავარი ბედნიერება ქალისთვის დედობა მგონია! დედაშვილობა ამოუხსნელი სასწაულია. არ არსებობს ამაზე წმინდა, შეუბღალავი, უანგარო, უპირობო სიყვარული, რასაც დედაშვილობა ჰქვია. შვილის სიხარული დედის სიხარულიცაა... შვილების წარმატება დედისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. ჩემმა შვილებმა თავიანთი ცხოვრებით უკვე არაერთხელ მომანიჭეს უდიდესი ბედნიერება, რაზეც მადლობას ვუხდი უფალს და ჩემს ბიჭებს. ყველა ქალს ვუსურვებ განეცადოს შვილის ყოლის ბედნიერება! ყველა დედა ყოფილიყოს თავისი შვილით ამაყი და ბედნიერი! შვილებს კი ვურჩევ, ჰქონდეთ მადლიერების უნარი დედის შრომის, თავდადების და ჯაფის დაფასების! ღმერთმა დალოცოს დედაშვილობა!
სამყაროში ყველა დედას და განსაკუთრებით დედოფლისწყაროელ დედებს ვუსურვებ ჯანმრთელ სიცოცხლეს, უპრობლემო ცხოვრებას, უამრავ სასიამოვნო, ბედნიერებით სავსე დღეს, სიმშვიდეს! იღბალი იყოს ყველა დედის თანამგზავრი ცხოვრებაში!!!! ყველა დედას ვუსურვებ წარმატებებს დასახული მიზნების განხორვიელებას.
– აღნიშნავდით, რომ თქვენი ოცნება იყო საკუთარი სახელოსნო და თქვენი სივრცე გქონოდათ, თუ მოახერხეთ განხორციელება?
– სამწუხაროდ ჯერ ვერა... დროის უქონლობის გამო ვერ შევძელი.
– რა სიხშირით ახერხებთ შემოქმედებით მუშაობას, რა დროს უთმობთ ამ საქმეს?
– თბილისის საკრებულოს საქმის წარმოების განყოფილებაში ვმუშაობ. სამსახური ბედნიერების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ბედნიერებაა, როცა გიხარია დილის გათენება, რადგან იცი, რომ სასიამოვნო საქმით ხარ დაკავებული და მოხვდი საუკეთესო გუნდში. ყოველდღიურად ვცდილობ შემოქმედებითი სამუშაოთიც დავკავდე, ძირითადად უფრო ღამით ვიცლი ხოლმე.
– ბავშვობის რთულ წლებზე წერდით...
– დედოფლისწყარო ჩემი ქალაქიცაა 13 წლის ასაკში დამეღუპა მამა და ამან ჩემზე საკმაოდ მძიმე კვალი დატოვა. ისე დაემთხვა, რომ ძმაც ჯარში წავიდა და მგლოვიარე დედასთან მარტო დავრჩი, მან კი ძალიან მძიმედ განიცადა, რთულად გადაიტანა ეს ტკივილი.
– ოჯახისა და ქალის როლზე რას გვეტყვით?
– ოჯახი ხის ტოტებს გავს, სადაც ყველა ტოტი (შვილები) სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება. თუ ფესვი (ანუ ქალი) მყარია, თავდაჯერებულია და ძლიერი _ მისი ტოტებიც განვითარების სწორი გზით იზრდება, რასაც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია. ქალი _ ოჯახის ლამაზად ილუსტრირებულ წიგნს ჰგავს!
ილია მარტყოფლიშვილი

imageimage

imageimage


image

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0