სიახლეები რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოპოროზის შესახებ? – ინტერვიუ რევმატოლოგთან 2023, 6 მარტი, 16:47
ოსტეოპოროზი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ძვლის მასის შემცირებასა და სიმკვრივის დაქვეითებას იწვევს. შედეგად, ოსტეოპოროზი მოტეხილობის რისკებს ზრდის და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობას.
ოსტეოპოროზზე მეტს თოდუას კლინიკის რევმატოლოგი ოთარ ჟვანია გვიყვება და გვაცნობს დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზებს. რა იწვევს ოსტეოპოროზს და ვის აქვს მისი განვითარების მაღალი რისკი? პოსტმენოპაუზურ პერიოდში ქალებს ოსტეოპოროზი ხშირად უვითარდებათ. მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია, რომელიც ამ დროს იჩენს ხოლმე თავს, მაგალითად, ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ესტროგენს, ძვლოვან უჯრედებს, ირღვევა მინერალთა ცვლა და სხვა. ეს დისბალანსი დიდ როლს თამაშობს პათოლოგიის ჩამოყალიბებაში. ოსტეოპოროზის განვითარების რისკი იზრდება ბევრი ენდოკრინოლოგიური დაავადების, თირკმლის უკმარისობისა და კარდიოლოგიური პრობლემების დროსაც. ის შეიძლება მთელმა რიგმა მედიკამენტებმაც გამოიწვიოს. თუკი ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკი პოსტმენოპაუზურ ასაკში მატულობს, მამაკაცებში, როგორც წესი, დაავადება უმეტესად 60 წლის შემდეგ ვითარდება. რა სიმპტომები ახასიათებს ოსტეოპოროზს და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის რა ნაწილებს აზიანებს უმეტესად? დაავადებას გამოკვეთილი სიმპტომები არ აქვს, თუმცა მისთვის დამახასიათებელია ხერხემლის არეში ტკივილი. ამასთან, შეიძლება ოსტეოპოროზმა პაციენტის აღნაგობა შეცვალოს – გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნელ-ნელა მოიხაროს მხრებში და მოიკლოს სიმაღლეში. როგორც უკვე ვახსენეთ, ოსტეოპოროზის მთავარი გართულება მოტეხილობაა. ის ყველა ძვალზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე გავრცელებული ბარძაყის, ხერხემლისა და სხივ-მაჯის მოტეხილობებია. რეაბილიტაცია საკმაოდ პრობლემურია, რადგან ძვალი იმდენად მკვრივი აღარ არის და რეგენერაცია და რეაბილიტაცია გართულებულია. როგორ ხდება ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა? პირველ რიგში, ვატარებთ ოსტეოდენსიტომეტრიას, რომელიც ძვლის მდგომარეობის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ეს არის ძირითადი და ყველაზე თანამედროვე მეთოდი ოსტეოპოროზის გამოსაკვლევად. ამასთან ერთად, ვნიშნავთ ლაბორატორიულ ანალიზებს, რითაც ვამოწმებთ კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორის, D ვიტამინის, კრეატინინისა და სხვა ნივთიერებების დონეს პაციენტის ძვლოვან სისტემაში. დიაგნოზის დასმისა და დაავადების სიმწვავის შეფასების შემდეგ, მივმართავთ ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატებს. ასევე, შეიძლება დავნიშნოთ ვიტამინები და სხვა დამხმარე მედიკამენტები. ქირურგიულად კი მხოლოდ მოტეხილობის შემთხვევაში ვერევით. მართალია, ოსტეოპოროზი მკურნალობას ექვემდებარება და, შესაძლოა, პაციენტის მაჩვენებლები ნორმას დაუბრუნდეს, თუმცა გარკვეული პერიოდულობით მდგომარეობის კონტროლი აუცილებელია. როგორ შევამციროთ ოსტეოპოროზის განვითარებისა და გართულების რისკები? ოსტეოპოროზის განვითარებას ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ხშირი მიღება, არაჯანსაღი კვება, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, და სხვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ რისკფაქტორების აღმოფხვრა. ამასთან ერთად, სასურველია, რომ ქალებმა მენოპაუზის შემდეგ ან პაციენტებმა, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, პრევენციის მიზნით შეაფასონ თავიანთი ძვლოვანი სისტემის მდგომარეობა. ასეთ დროს აღმოჩენილი ოსტეოპოროზი გაცილებით მარტივად იკურნება და გართულებების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. R 144 1-ს მოსწონს
|