სხვა „მიშველეთ!“ – უნდა ვიყვირო, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილები – გმირობა რო მინდა, მიშველე გიშველის?" - რა შეემთხვა ჯარში გურამ ფირცხალავას 2023, 18 თებერვალი, 13:45
„ავედი სათვალთვალო თუ საყარაულო კოშკურაზე. მიჭირავს ჩემზე გაპიროვნებული ავტომატი და ვოცნებობ: „რა იქნება, ახლა დაიწყოს ომი, შემოვიდეს მტერი, აგერ არ მაქვს ავტომატი (იარაღი დიდი იმედია, საერთოდ), ავტომატიდან გმირობამდე ერთი ნაბიჯია!“ ამ ფიქრებში რომ ვარ მე უბედური, დაახლოებით ღამის 2-3 საათია და, არ განათდა ამ უკუნ ღამეში მთელი ცა?! ნათდება და ციმციმებს თვალის საწიერზე.
„აუუ! გურამჩიკ! მტერი მოდის!“ „მიშველეთ!“ – უნდა ვიყვირო, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილები – გმირობა რო მინდა, მიშველე გიშველის? არადა, ანათებს და ანათებს მთელი ცა… ცოტა კი შევშინდისავით… რაღა ვქნა ახლა? ავტომატი – კი, მაგრამ, ვის ვესროლო, რომ არავინ ჩანს?! საერთოდ, ნადირობის ტრფიალი გახლდით. თავის დროზე სურების ტყეში დათვისთვისაც მისვრია; არ მოხვედრია, მაგრამ მაინც ეწყინა… თუმცა, ის დათვი ჩემს თვალში მაინც მკვდარია. ის კი იყო დათვი, მაგრამ, ახლა ვის ვესროლო, კაცო, ცას?! გუმანი მეუბნება, რომ ამერიკელი იმპერიალისტები დაგვესხნენ თავს… ჩამოვცოცდი კოშკურიდან და ვეცი ოპერატიულ ტელეფონს. უფრო განათდა და განათდა ცა… გადავირიე. – ალო, ალო! ყურმილი „კომბატმა“ აიღო. – ჩტო ტაკოე, კაცო? – მეკითხება „კომბატი“ ნამძინარევი, მშვიდი, მოთენთილი ხმით. – რა ჩტო ტაკოე, ჩტო ტაკოეს დროა ახლა? – გადავირიე მეგრულად. – ტავარიშ სინიაევსკი („კომბატის“ გვარია), ნებო გარიტ! ნებო გარიტ (ხლებ გარიტო – გიორგი მახარაშვილი რომ ყვიროდა, ისე)! – ჩავძახე ყურმილს. – კაკოე ნებო, ბლიად?! – შეშინდა „კომბატი“. – ნაშა, სავეტსკი… გარიტ! კაკ დეისტვოვატ? ყურმილის იქითა მხრიდან მხიარული ხარხარი მომესმა. ვიცი ახლა, რომ „კომბატი“ ამ მოულოდნელი ამბით შოკში ჩავარდა და ნერვიული სიცილი დაეწყო… – და… და… გარიტ! ისევ ხარხარი: – ეხ, გრუზინ, გრუზინ… ტი ვ შკოლე ხოდილ? – რის შკოლა, რა შკოლა, ტავარიშ ნაჩალნიკ… ვრაგ ნა გრანიცე! – ოი, სმეშნოი ტი… – ისევ ხარხარებს ის კაცი, – ეტო ჟე სევერნოე სიანიე („ჩრდილოეთის ციალი“ – გამახსენდა სკოლაში ნასწავლი)… მაგრამ, სად სკოლის შავ-თეთრი ფურცელი და, სად – „ცეცხლწაკიდებული“ ცა! მოკლედ, პირველი „ფიასკო“ ვიგემე. დაიკარგა გმირობის აშკარა შანსი. ახლა მიკვირს: თუ მკვლელობის მცდელობისთვის კაცს უმაღლეს სასჯელს უსჯიან, გმირობის მცდელობისთვის რატომ არ უნდა მისცენ გმირობა? მაგრამ, რას იზამ, „პატარა კაცსა დიდ კაცთან („კომბატთან”) როდის გასვლია მართალი?“ (გურამ ფირცხალავას მოგონებიდან) 18 თებერვალი ქართველი კინო-ტელემსახიობის გურამ ფირცხალავას დაბადების დღეა.მან მრავალი გამორჩეული როლებით დაამახსოვრა მაყურებელს თავი, მისი დებიუტი შედგა კინოში 1968 წელს ფილმში "ჯვარცმული კუნძული" გუჯას როლით, ამის შემდეგ ითამაშა 40-ზე მეტ ფილმში, უკანასკნელი როლი იყო ფილმში "მაიტა ნასოსი" 2010 წელს. მან განასახიერა, აგრეთვე, ერთ-ერთი მთავარი როლი ცნობილ ტელესერიალში „ცხელი ძაღლი"(2003-2007)მსახიობი 2014 წლის 6 ნოემბერს გარდაიცვალა 74 წლის ასაკში. 202 2-ს მოსწონს
|