ტექნიკური საუკუნის პროექტი: როგორ უნდა ავაშენოთ ქალაქები მარსზე? 2023, 7 თებერვალი, 20:13 ასეულობით წლის წინ სერ ისააკ ნიუტონმა თავის მრავალრიცხოვან აღმოჩენათა შესახებ თქვა, რომ თუ მან შეძლო შორს მომავალში გახედვა, მხოლოდ იმის წყალობით, რომ “ტიტანების მხრებზე იდგა.” ალბათ ზუსტად იგივეს იტყვიან და იგივე გრძნობა დაეუფლებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მარსზე პირველი ქალაქების მშენებლობას დაიწყებენ.
დღეს მეცნიერები აქტიურად მუშაობენ, რათა სამომავლოდ მარსის კოლონიზება შევძლოთ. ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა ამ მხრივ არის გვირაბების გაყვანა მარსის ზედაპირის ქვეშ, სადაც განთავსდება უზარმაზარი ნაგებობები, რომლებიც შეაერთებს მარსის ზედაპირზე მდაბარე სხვა ნაგებობებს ერთმანეთთან. გარდა ამისა, შესარჩევია იდეალური ადგილი ქალაქის მშენებლობისთვის. შემდეგ უნდა გაიგზავნოს სამშენებლო ბრიგადები და მოწყობილობები და დამზადდეს მყარი მასალები საკუთრივ მარსის წიაღში მოპოვებული ელემენტებისგან. მანამდე, სანამ პირველი 250 ათასი ადამიანი მარსზე საცხოვრებლად გაემგზავრება, კოსმოსის ინჟინერთა მთელ გუნდს მოუწევს კოლოსალური მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრა. მარსზე დაფუძნებული პირველი ქალაქის სახელწოდება ნიუვა იქნება. მეცნიერები განიხილავენ იდეას იმის თაობაზე, რომ მასალათა ნაწილის ტრანსპორტირება მთვარიდან მოახდინონ, რადგან მთვარის გრავიტაცია დედამიწის გრავიტაციაზე გაცილებით უფრო დაბალია და იქიდან კოსმოსური ტვირთების გადასაზიდად გაცილებით უფრო ნაკლები საწვავია საჭირო, რაც ამცირებს მასალების თვითღირებულებას. არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მარსზე ჟანგბადის წარმოება. ჟანგბადი შეიძლება დედამიწიდან გადაიტანო, მაგრამ მთელ ქალაქს, სადაც ასეულ ათასობით ადამიანი ცხოვრობს, წლების მანძილზე დედამიწიდან გადატანილი ჟანგბადით ვერ ასაზრდოებ. ამიტომ აქტიურად განიხილება მცენარეების მოშენება მარსის ნაგებობებში. მარსზე აგებულ ყველა კლასიკურ ნაგებობას ექნება სიგანე 800 მეტრი, სიმაღლე 200 მეტრი, ხოლო სიღრმე 150 მეტრი. თითოეული ასეთი ნაგებობა 12 მოდულურ ბლოკად იქნება დაყოფილი, რომლებიც ერთმანეთს სამგანზომილებიანი გვირაბებით დაუკავშირდებიან. თუმცა ყველა მსგავსი ნაგებობა უნიკალური იქნება, განსაკუთრებული და ორიგინალური არქიტექტურით. ყველაზე უსაფრთხო მარსზე იქნებოდა მიწისქვეშა ქალაქის მშენებლობა, მაგრამ ქალაქი მიწის ქვეშ ვერავის მოხიბლავს და ვერავის შთააგონებს, რომ დედამიწა დატოვოს და საცხოვრებლად წითელ პლანეტაზე გაემგზავროს. ამიტომ ნიუვას ნაგებობათა დიდი ნაწილი მარსის ზედაპირზე იქნება განთავსებული. უბრალოდ ფიზიკურ გადარჩენასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ესთეტიკური მხარე და ქალაქის მაცხოვრებლების ემოციური კავშირი საკუთარ დასახლებულ პუნქტთან. როგორც მარსზე ქალაქის მშენებლობის დაგეგმვაში ჩართული კომპანია ABIBOO ვარაუდობს, წითელ პლანეტაზე პირველი ქალაქის მშენებლობა 2054 წელს დაიწყება. ქალაქი ნიუვა კი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე განვითარებული და ინფრასტრუქტურულად სრულყოფილი ქალაქი გახდება, რომელსაც ანალოგი არ ექნება მთელ სამყაროში. 277 1-ს მოსწონს
|