x
image
თამილა გურაშვილი
ვინ იყო კახელი მეღვინე ნუღლა, რომელზეც დღემდე ლეგენდებს ჰყვებიან?
image
კა­ხე­ლი მეღ­ვი­ნე ზუ­რაბ ბა­კაშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად ნუღ­ლა, სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ქო­ბო­ში, ბრო­წ­ლი­ან­ში, მის მიერ რეს­ტავ­რი­რე­ბულ ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის ეზო­შია დაკ­რძა­ლუ­ლი. მისი საფ­ლა­ვის ქვა­ზე ილია II-ის სი­ტყვე­ბია ამოტვიფ­რუ­ლი: "იგი ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის დროს მი­უ­ახ­ლოვ­და ეკ­ლე­სი­ას და მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე ცდი­ლობ­და დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია მის­თვის. აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს მისი უკ­ვდა­ვი სუ­ლის­თვის და შევ­თხოვთ ღმერ­თს, და­ა­წე­სოს იგი, სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ". ნუღ­ლას მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი სო­ფელ სა­ქო­ბო­ში ცხოვ­რო­ბენ. ქა­ლიშ­ვი­ლი ლია სიღ­ნა­ღის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ია კი წნო­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ექი­მია. ზუ­რაბ ბა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ კა­ხეთ­ში დღე­საც ლე­გენ­დებს ყვე­ბი­ან. ამ­ბო­ბენ, ოქ­როს გული ჰქონ­და, ფუ­ლის შოვ­ნაც გემ­რი­ე­ლად იცო­და და და­ხარ­ჯვაც. იმ­დე­ნი იშო­ვა, მთელ კა­ხეთს იყიდ­და, მაგ­რამ მისი ოჯა­ხი დღეს დალ­ხე­ნით მა­ინც ვერ ცხოვ­რობ­სო. "იყო და არა იყო რა..." - სწო­რედ ნუღ­ლა­სა და მის ფულ­ზე და­უ­წე­რია მე­ზღაპ­რეს. ხალ­ხშიც მხო­ლოდ მისი სა­ხე­ლი და ის სი­კე­თე შე­მორ­ჩა, რო­მე­ლიც ნუღ­ლას­გან ახ­სოვთ.




  • ნუღ­ლა და "შა­ვე­ბი"
კო­მუ­ნის­ტურ ეპო­ქას შავ ლა­ქად ამ­ჩნე­ვია ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის, "შა­ვე­ბის გრი­მი­ტი". რო­გორც ამ­ბო­ბენ, "ქურ­დის ინ­სტი­ტუ­ტი" საბ­ჭო­თა კა-გე-ბემ თავ­და­პირ­ვე­ლად ცი­ხე­ე­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად და­ა­არ­სა, მაგ­რამ იდე­ამ იმ­დე­ნად "გა­ა­მარ­თლა", რომ ჩე­კის­ტებ­მა ცი­ხის გა­რეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც და­ამ­კვიდ­რეს. ხალ­ხში ჩა­ი­ნერ­გა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს შიში და გაჩ­ნდა მითი მათ ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბა­ზე.

საქ­მოს­ნე­ბი ცდი­ლობ­დნენ ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კე­თილ­გან­წყო­ბით ყო­ფი­ლიყ­ვნენ, რაც ნიშ­ნავ­და მათ "გა­მოკ­ვე­ბა­სა" და წილ­ში ჩაჯ­დო­მას. ქურ­დის ქურ­დი ცხონ­დაო, ამ­ბო­ბენ კა­ხე­ლე­ბი. ცხო­ნე­ბი­სა რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ ნუღ­ლას, ე.წ. ქურ­დე­ბის­გან ხელ­შე­წყო­ბაც ჰქონ­და და ჩაგ­ვრა-წა­მე­ბაც.

იმ დროს, როცა ზუ­რაბ ბა­კაშ­ვი­ლი სო­ფელ ანა­გის ღვი­ნის ქარ­ხნის მთა­ვა­რი მეღ­ვი­ნე იყო. რთვლო­ბას მის მა­რან­თან, მან­ქა­ნე­ბის უზარ­მა­ზა­რი რიგი დგე­ბო­და.


ერთ დღე­საც ცინ­ცხა­ლი შავი "გაზ-24" გა­მო­ჩე­ნი­ლა, ყუ­რძნით ძა­რებ­სავ­სე მან­ქა­ნე­ბი­სა და ლო­დი­ნი­სა­გან დაღ­ლი­ლი გლე­ხე­ბის­თვის დიდი სიჩ­ქა­რით ჩა­უქ­რო­ლია და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბის წინ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. შავ­სა­მო­სი­ა­ნე­ბის ვი­ზი­ტი ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში ნა­ხე­ვარ სა­ათს გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, იქი­დან მა­მა­კა­ცე­ბი დიდი ჩან­თით გა­მო­სუ­ლან, მან­ქა­ნა­ში ჩამ­სხდა­რან და ისე­თი­ვე სიჩ­ქა­რით და­უ­ტო­ვე­ბი­ათ იქა­უ­რო­ბა, რო­გო­რი­თაც მო­ვიდ­ნენ. ცოტა ხან­ში კა­ბი­ნე­ტი­დან ჯი­ბე­ებ­ში ხე­ლებ­ჩა­წყო­ბი­ლი ნუღ­ლაც გა­მო­სუ­ლა. ყვე­ლა­ზე შე­თა­მა­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მისჭრი­ან და უკი­თხავთ, ვინ იყ­ვნენ, რა უნ­დო­და­თო? რე­კე­ტიო, უპა­სუ­ხია ნუღ­ლას, ქურ­დე­ბი ვართ და ფული უნდა ჩაგ­ვა­ხუ­ტოო. რა უნდა მექ­ნა, ავ­დე­ქი და გა­და­ვუთ­ვა­ლეო. კი მაგ­რამ, იც­ნობ­დიო. არა, თა­ვად მი­თხრეს, "შა­ვე­ბი" ვართ, ამო­საც­ნო­ბად ხომ არ წა­ვიყ­ვან­დი, სი­ტყვა­ზე ვენ­დეო.

ყო­ფი­ლი მეღ­ვი­ნის ოჯა­ხიც არ მა­ლავს, რომ ზუ­რას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნაც მიჰ­ქონ­და წილი, თუმ­ცა ვი­საც უხ­დი­და, სწო­რედ მათ და­ღუ­პეს და გა­უ­ნად­გუ­რეს ოჯა­ხიო.

ლია ბა­კაშ­ვი­ლი: - 1980 წელს "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა" ტა­რი­ელ ონი­ან­მა, მეტ­სა­ხე­ლად, კა­ტამ, და კი­დევ ორმა ნიღ­ბი­ან­მა კაც­მა დაგ­ვა­ყა­ჩა­ღეს. დე­დას ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბი წა­ი­ღეს, მაგ­რამ მალე მა­მამ გა­მო­ის­ყი­და. ონი­ანს მა­შინ ჩემ­მა მშობ­ლებ­მა არ უჩივ­ლეს. მამა ფულს სახ­ლში არას­დროს ინა­ხავ­და. როცა სპირ­ტი ჩა­მო­დი­ო­და, ად­გილ­ზე უს­წორ­დე­ბო­და. ერთხელ სპირ­ტის მან­ქა­ნე­ბი გზა­ზე შე­ფერ­ხდა, მა­მაც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ფული სახ­ლში წა­მო­ე­ღო. იმ ღა­მით დაგ­ვესხნენ თავს. მა­მამ ფული თა­ვი­სი ხე­ლით გა­დას­ცა ყა­ჩა­ღებს, თუმ­ცა მერე გა­არ­კვია, რომ საქ­მე ჩა­წყო­ბი­ლი იყო და მან­ქა­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ა­ფერ­ხეს, რათა მამა სახ­ლში ფუ­ლით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. "მხედ­რი­ო­ნიც" არა­ერ­თხელ მოგ­ვი­ვარ­და. რამ­დე­ნი­მე წელი "ხელ­ფასს" მა­თაც უხ­დი­და.




ქურდები არავის აძლევდნენ იმის საშ­უალებას, მათ გარეშე ეკეთებინათ საქმე. ერთხელ მამას მოსკოველი ქურდები დაუკავშირდნენ და სანამ საქმეზე გადავიდოდნენ, საქართველოს ისტორიულ წარსულზე ჩამოუგდეს საუბარი. უთხრეს, ხომ იცი, თათრები როგორ გებრძოდნენ ქართველებს, ახლა ორი მუსლიმანის დაყაჩაღება გვინდა და უნდა დაგვეხმარო. დაურეკე და 20 ტონა სპირტის გამოაგზავნინე. შენ უარს არ გეტყვიან, ჩვენ კი წავართმევთ და თავად გავუკეთებთ რეალიზაციასო. ზურას უკითხავს, ამ საქმიდან რამდენი უნდა დაგრჩეთო? ხუთი ათასი დოლარიო, უპასუხიათ ქურდებს. ამოუღია ჯიბიდან დასახელებული თანხა, და უთქვამს, მე ადამიანებს რწმენის მიხედვით ვერ დავყოფ, ვერც ისტორიული წარსულის გამო ვაგებინებ პასუხსო.




როგორც დედისგან ვიცი, მოსკოვში მცხოვრები ქურდი ვახო ჩაჩანიძე­ იყო მამას “პატრონი", მაგრამ ჩაჩანიძისთვის ვიღაცას ჩაუწვეთებია, ნუღლა გა­ტყუებსო, ­ და მანაც ურჩი შემომწირველი­სთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა. მისმა­ ხალხმა ჯერ დაგვაყაჩაღა, მერე კი მამა გაიტაცა. ვინც კარგად იცნობდა მამაჩემს, დამემოწმება, რომ დიდი ბავშვი იყო - გულუბრყვილო, მიამიტი. მის გატაცებაში­ ცნობილი ქურდები, ძმები შუშანაშვილებიც­ მონაწილეობდნენ. თუ ვერ მიიღებდნენ თანხას, მამას მოკვლითა და ჩვენი დახ­ოცვით იმუქრებოდნენ. დედამ ტარიელ ონიანს სთხოვა დახმარება. მას ახსოვდა­ ჩემი მშობლების სიკეთე, დაყაჩაღების მერე რომ არ ჩაუშვეს, და დაგვეხმარა, - დათქმული თანხის გადაცემის მერე მამა გაათავისუფლეს.


ყურძენთან ერთად ვირის ტაჭკა და მოხუციც აწონა


გლეხებს ნუღლა გამორჩეულად უყვარდათ. როგორც ამბობენ, რაიონში ბუნებრივი გაზის გამოყვანის ორგანიზება ნუღლამ მოახერხა, სოფელში ჭაბურღილის მოწყობაც მის სახელს უკავშირდება, მერე ასფალტიც დაუგო საქობოელებს, სოფლის სასაფლაო შემოღობა და უფასო ავტობუსით მოსახლეობის უზრუნველყოფაზეც იზრუნა. ავტობუსი ხალხისთვის იყო უფასო, თორემ ნუღლა მძღოლებს ისეთ ხელფასს უხდიდა, მის მზეს იფიცებდნენო.



ყველა კახელი გლეხი ცდილობდა შემოდგომაზე ყურძენი მის მარანში ჩაებარებინა. იცოდნენ, რომ ნუღლა წონასა და შაქრიანობაში არ მოატყუებდათ და იმაზე მეტს წაიღებდნენ სახლში, რაც რეალურად ეკუთვნოდათ. არ ივიწყებენ ვირის ტაჭკით ქარხანაში მისული მოხუცი ქალის ამბავს.



“ანაგის მარანში მარტოხელა მოხუც ქალს ვირის ტაჭკით მიუტანია ყურძენი. მამას თანამშრომლისთვის უთქვამს, ყურძენი­ ტაჭკიან-ვირიან-ქალიანად აწონეო. ყველა გაუოცებია უფროსის ბრძანებას, მაგრამ რა უფლება ჰქონდათ, არ გაეკეთებინათ. ყურძნის წონისთვის მოხუცის წონა მიუმატებიათ, მერე ვირისა და ტაჭკის წონაც ზედ დაურთავთ და ერთად უანგარიშიათ მოხუცისთვის. ქალი მთელი გზა ნუღლასა­ და მის ოჯახს ლოცავდა", - გვითხრა ნუღლას ქალიშვილმა.


პატრიარქის დალოცვა


სოფელ საქობოში ნუღლას ჩვენი პატრიარქი ილია II რამდენჯერმე ესტუმრა.

ლია ბაკაშვილი: - ილია პატრიარქად ახალი ნაკურთხი იყო, მამამ საქობოს სახლში რომ მოიპატიჟა და დიდებული სუფრა გაუშალა. მამას სანამ დაიჭერდნენ, გაქცევის წინ პატრიარქთან მივიდა. მან უთხრა, ვილოცებ შენზე და ყველაფერი კარგად იქნებაო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოიწვია საქობოში ილია II და სინოდის წევრები.­ პატრიარქმა სახლიც გვიკურთხა. უზომოდ გვიხაროდა. მამა მორწმუნე იყო. დაპატიმრების დროს ჩანთაში ბიბლია უპოვეს, რომელიც გაქცევისას თან ჰქონდა. ციხის ადმინისტ­რაციას არასამარხვო საჭმელი რომ არ შეეპარებინა, მხოლოდ ხახვსა და პურს ჭამდა­. საპატიმრო რომ დატოვა, მე და ჩემი და მეათე კლასში ვიყავით. მაშინ ეკლესიაში არ დავდიოდით. მამა დილის 6 საათზე დგებოდა სალოცავად და ძალიან გვიკვირდა. ერთხელ მე და ჩემმა დამ ხატებთან მის ჩურჩულით საუბარს მივაყურადეთ. დაჩოქილი ეუბნებოდა ღმერთს, მივხვდი, უფალო, რომ ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი, ამიტომ გთხოვ, ჩემი შვილები შენი გზით ატარეო. მამას სურვილი ავუსრულეთ და ტაძარში მივედით. მას შემდეგ ქრისტეს გზიდან არ გადაგვიხვევია.

მამა 23 ნოემბერს, გიორგობას იყო დაბადებული. წმინდა გიორგის მიიჩნევდა მფარველ წმინდანად. დაბადების დღეს მოიწვევდა ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს გავაზის წმინდა გიორგის უძველეს ტაძარში და ყველა ვზეიმობდით.


საბედისწერო გასეირნება


1981 წელს ყურძნის წარმოება-მეღვინეობაში სახელმწიფო გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის მაშინდელი ცეკას­ პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძეს მოსკოვმა "სოციალისტური შრომის გმირის" წოდება მიანიჭა და წითელი ვარსკვლავი დააბნია მკერდზე. არადა, ყველამ კარგად იცოდა, როგორი მიწერებითა და ფალსიფიკაციით სრულდებოდა მაშინ ე.წ. გეგმები. ცხადია, ეს ხელისუფლებისგან მწვანე­ შუქის ანთების გარეშე ვერ მოხდებოდა. 1982 წელს კი სახელმწიფოს ინტერესები მკვეთრად შეიცვალა და შევარდნაძე კორუფციასთან ბრძოლის ფერხულში ჩაება. სწორედ ამ დროს ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოდან წამსვლელი ჯგუფის სია შედგა, რომელშიც ნუღლაც­ ეწერა. სია შევარდნაძისთვის მიურთმევიათ, რის შემდეგაც ნუღლას გვარი სიიდან გამქრალა. ნუღლა რა ნუღლა იქნებოდა, ასეთი დამცირება აეტანა. გავლენიანი ადამიანების დახმარებით მოახერხა სხვისი გვარ-სახელით წასულიყო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე. ამ ფაქტის დასამტკიცებლად და სამახსოვროდ ესპანეთიდან ბურთიც ჩამოიტანა.



ედუარდმა ბაკაშვილს თავზე გადახტომა­ არ აპატია. რთვლის სეზონი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა ანაგის ღვინის ქარხანას შს სამინისტროს “ობეხეესი" დაატ­ყდა თავს. იმ დროს ნუღლა ქარხანაში­ არ იყო, გზაზე შეატყობინეს და მან ქვეყნის დატოვება მოასწრო. დააპატიმრეს ანაგის ქარხნის რიგითი მეღვინეები, ბუღალტერი, ­ ქიმიკოსი... შემდეგ ნუღლას მეუღლეც.


წლობით ძებნილი თავად ჩაჰბარდა სამართალდამცავებს


ანაგის ღვინის ქარხნის თანამშრომელთა დაკავების შემდეგ ნუღლა სამართალდამცავების თავსატეხი შეიქნა, მისი დაკავება ვერაფრით მოახერხეს. ბოლოს ტაქტიკა შეცვალეს. ბაკაშვილებს მოტყუებით მიუგზავნეს ოჯახის მოსკოველი ახლობელი, ­ პროფესორი ანტონ ოსიპოვი, რითაც ზურას მეუღლის, მავრას ნდობა მოიპოვეს. ასე აღმოჩნდა ქალი ფულით სავსე ჩემოდ­ნებით მოსკოვის აეროპორტში. ცოლმა დაიჯერა, რომ ამ ფულით ქმარს დაჭერისაგან გადაარჩენდა, მაგრამ თავად აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მავრა ერთი წელი კა-გე-ბეს ციხეში გამოამწყვდიეს, 6 წელი კი ზონაში იჯდა.

ნუღლა კი მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა მის თანამშრომლებს დახვრეტის მუხლი შეუფარდეს. წლობით ძებნილი თავად ჩაჰბარდა სამართალდამცავებს.

ამის შემდეგ ანაგის ქარხნის თანამშრომელთა სასჯელები შეიცვალა და დახვრეტის ნაცვლად, ყველას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც იმ დროს დიდი გამარჯვება­ იყო. თავად ნუღლამ ციხეში ოთხწელ-ნახევარი მოიხადა და გამსახურდიას მთავრობამ ამნისტიით გაათავისუფლა.

მეღვინემ ციხესაც თავისი კვალი დაატყო - მსჯავრდადებულებს შორის აღმოაჩინა ფეხსაცმლის კერვის მცოდნეები, რომლებმაც ხელობა სხვებსაც ასწავლეს და საპატიმროში ფეხსაცმლის საამქრო გახსნა. ნუღლას გონიერების წყალობით პატიმრებმა შემოსავალი გაიჩინეს. კახელმა მეღვინემ მოახერხა და რუსთავის სასჯელაღსრულების კოლონიაში ეკლესია ააშენა, რომელიც ილია II-მ აკურთხა და წირვა ჩაატარა.

“ყველაზე ბევრი ფული მქონდა, მაგრამ შვილებს მატერიალურს ვერაფერს გიტოვებთ.­ ბევრი რამ დაგაკელით, თუმცა საუკეთესო ვინც მყავდა და საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა, ის უნდა დაგიტოვოთ, ­ დედათქვენი", - ამ სიტყვებით დაემშვიდობა სიმსივნით დაავადებული ნუღლა სამ შვილს. ზურა ბაკაშვილი 2006 წელს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნელი ვარდიაშვილი



0
213
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0