სხვა "ედუარდ შევარდნაძის იუმორის შესახებ ბევრმა იცის და ბარემ ესეც შევმატოთ" - რას წერს გიორგი კეკელიძე? 2023, 6 თებერვალი, 12:43 "არ ვიცი რამ გამახსენა ახლა, მაგრამ მოვყვები: ედუარდ შევარდნაძის იუმორის შესახებ ბევრმა იცის და ესეც შევმატოთ. 2001 წელია, "რუსთავი ორის" კრიზისი, მთავრობა გადადგა. პარლამენტის თავმჯდომარეც. შევარდნაძე და მეტრეველი თსუ-ში წარჩინებულ სტუდენტებს ხვდებიან. მათ შორის მეც ვიმყოფები - მთლად პრეზიდენტის სტიპენდიატი. მიდის შეხვედრა. ცოტა დუნედ და არასტუდენტურად ნელთბილად. გოგოებთან ერთად ვარ და რაღაც სუპერორგინალურით თავის მოწონება მინდა. ჰოდა, წაგმირება გადავწყვიტე და ვითხოვე სიტყვა. გამოვედი და მოულოდნელობის ეფექტით შეზავებული ვხიე: "ყველა ქვეყანაში, ახალგაზრდისთვის საამაყოა პრეზიდენტის სტიპენდიატობა, მე კი მრცხვენია, თქვენი სახელობის სტიპენდიატი რომ ვარ, უარს ვამბობ-მეთქი" დიდი ტაში შემოსცხეს და მეორე დღეს უნივერსიტეტში პატარა ლეგენდებიც დადიოდა (სავსე იყო ის დარბაზი, შეიძლება არაერთ თქვენგანს ეს სცენა აგონდება კიდეც), დედაჩემს კი ეგონა რომ უსათუოდ მომწამლავდნენ (საზოგადოებრივი ტელევიზია პირდაპირი ეთერით გადასცემდა). თუმცა ამ ორდღიან აჟიოტაჟში, აღარავის ახსოვდა შევარდნაძის გენიალური პასუხი. მან ჩვეული პაუზა აიღო, ოდნავ გაიღიმა და მკაფიო ხმით მითხრა: “მოგიმატებ ბაბუა, მოგიმატებ". p.s. წლების მერე, 2007-ში მასთან ვიყავით სტუმრად მე და ზურაბ ქარუმიძე. Lib.ge-სთვის ინტერვიუ ჩავწერე. შევედი თუ არა, ეგრევე მიცნო - შენ ის ნამეტანი თამამი ბაღანა არ ხარო. კინაღამ მოვკვდი. ასეთიც ამბებიც იყო ჩემს უცნაურ და ულოგიკო ცხოვრებაში", - წერს სოციალურ ქსელში მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე. 2637 2-ს მოსწონს 1-ს არა
|