სხვა უკანასკნელი კოცნა, რომელიც სიკვდილამდე 2 წუთით ადრეა გადაღებული 2023, 2 თებერვალი, 17:10
ეს ფოტო, რომელიც ერთი შეხედვით, საოცრად რომანტიკული და ამავე დროს სრულიად უწყინარია, მრავალი წლის განმავლობაში ტრაგედიის სიმბოლოდ ითვლებოდა. მასზე მექსიკელი მსახიობისა და ესპანელი მრბოლელის უკანსკნელი კოცნაა აღბეჭდილი. მართალია, მსახიობის ფილმოგრაფია ორ ათეულ კინოროლს მოიცავს, თუმცა მის ყველაზე ცნობილ ფოტოდ მაინც სწორედ ის კადრი იქცა, სადაც "ფორმულა 1"-ის პილოტი ლინდას "მილე მილიას" ავტორბოლის დროს ეამბორება. გოგონა დიდხანს იცოცხლებს, მოესწრება რა ასევე თავისი ცნობილი ქალიშვილის, რომინა პაუერის წარმატებასაც, თუმცა მამაკაცისთვის ბედისწერა კოცნიდან მხოლოდ ორ წუთნახევარ სიცოცხლეს გაიმეტებს.
მდიდრები და ცნობილები
1957 წელს უცნობმა ფოტოგრაფის კამერამ ლინდა კრისტიანისა და ალფონსო დე პორტაგოს კოცნა დააფიქსირა. იმ პერიოდისთვის ლინდაც და ალფონსოც, თითოეული თავისებურად საკმაოდ ცნობილი იყო. მსახიობი ლინდა კრისტიანი მექსიკიდან გახლდათ, რომელიც იმ დროისთვის ჰოლივუდში უკვე საკმაოდ ცნობილი იყო.
ის თამაშობდა ცნობილ ფილმში "ტარზანი და ქალთევზები", ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული "კაზინო როიალის" პირველ ეკრაიზაციაშიც. ამომავალი ვარსკვლავი, საკუთარ კოლეგას, ამერიკელ მსახიობს ტაირონ პაუერს გაჰყვა ცოლად (სხვათა შორის, ლინდასა და ტირონის ორი ქალიშვილიდან ერთ-ერთი, რომინა პაუერი, მომღერალი გახდა, რომელსაც საბჭოთა კავშირში დიდი ხნის განმავლობაში აღმერთებდნენ). გამომდინარე იქიდან რომ ტაირონი ცოლ- ქმრული ერთგულებით არ გამოირჩეოდა, რამდენიმე წლის შემდეგ მათი ქორწინება დაინგრა. ნუგეშის ძიებაში ლინდამ რომანი ალფონსო დე პორტაგოსთან გააბა.
ესპანელი არისტოკრატი ალფონსო დე პორტაგო თავისი სპორტული მიღწევებითა და წარმატებებით იყო ცნობილი. ის ორთაბრძოლით, ცურვით, თხილამურებით სრიალით და ბობსლეით იყო გატაცებული, თუმცა ალფონსოს მთავარ გატაცებად მაინც ავტორბოლა რჩებოდა. დე პორტაგო "ფერარის" გუნდის სახელით ასპარეზობდა და თან ძალიან წარმატებულადაც: ესპანელმა სპორტსმენმა რამდენჯერმე საპრიზო ადგილიც კი დაიკავა. ნიჭიერ მრბოლელს რისკის არ ეშინოდა. ის თავს "ბედისგან განებივრებულად" მიიჩნევდა და დარწმუნებული იყო, რომ ცუდი არასდროს, არაფერი შეემთხვეოდა.
"ათასი მილი"
იმ ისტორიულ დღეს, როდესაც ეს ცნობილი ფოტო იქნა გადაღებული იტალიურ სოფელ გუიდიცოლოში ავტორბოლა "მილე მილია" (ათასი მილი) ტარდებოდა. ფერარის გუნდს ალფონსო დე პორტაგო და მისი შტურმანი ედმუნდ ნელსონი წარმოადგენდნენ. მრბოლელს შეჯიბრში მონაწილეობა არ სურდა, თუმცა ის ამ შეთავაზებას მხოლოდ ენცო ფერარის დაჟინებული თხოვნის შედეგად დასთანხმდა. რბოლის დროს, როცა უკან თითქმის 5 საათი და 17 წუთი უკვე მოტოვებული იყო, ალფონსო მეოთხე მიდიოდა. შუალედური ნიშნიდან 50 მეტრში, სადაც მექანიკოსები დაზიანებულ ძარაზე პრობლემის აღმოფხვრას ცდილობდნენ, მრბოლელმა ლინდა დაინახა, რომელმაც მცირე შესვენებით ისარგებლა და გადაწყვიტა საყვარელი ადამიანი ამბორით გაემხნევებინა.
საოცარი სანახაობით აღფრთოვანებული მაყურებელი ემოციებს ვერ იკავებდა, არ წყდებოდა ყიჟინა და გამამხნევებელი შეძახილები, ფოტოკამერები წამითაც არ ჩერდებოდა. შეყვარებულების ვნებიანი კოცნა ფირზე ამ დროს ერთ -ერთმა უცნობმა ფოტოგრაფმა დააფიქსირა. აი, რაც უკვე შემდეგ მოხდა, ვერავინ წარმოიდგენდა.
"უცნაური გრძნობა"
რბოლის დასრულებამდე ძალიან ცოტა რჩებოდა. პილოტი და შტურმანი გზას განაგრძობდნენ, როდესაც მოულოდელად უცებ მანქანას საბურავი გაუსკდა, რის გამოც მან კონტროლი დაკარგა, და მთელი სისწრაფით ხალხში შევარდა. ალფონსო დე პორტაგოს, ედმუნდ ნელსონისა და მაყურებლების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყვილი ერთმანეთს საღამოს, მილანში უნდა შეხვედროდა, ამიტომ ლინდა საყვარელი ადამიანის გამხნევების შემდეგ პირდაპირ აეროპორტისკენ გაემართა, როდესაც მსახიობი ტრაპზე ჩამოდიოდა, ის ჩვეულებისამებრ, კამერების წინ იღიმოდა, როდესაც გაისმა: "მის კრისტიან, უკვე იცით? კითხვის არსს ის დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდა...
"სიკვდილის კოცნა"
ლინდას საბედისწერო ამბორიდან სულ რამდენიმე წუთში ალფონსო დე პორტაგო სოფელ გუიდიცოლოს მახლობლად გარდაიცვალა. მისი მანქანის საბურავი დაახლოებით 240 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას გასკდა. ავარიას თავად პილოტის, მისი შტურმანის, ედ ნელსონისა და ათი მაყურებლის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეც შეეწირა. ავტოსაგზაო შემთხვევამდე 150 წამით ადრე გადაღებული ავტომრბოლელისა და მისი შეყვარებულის ფოტო, მთელ მსოფლიოში ვირუსივით გავრცელდა და მას "Il Bacio della Morte" ანუ "სიკვდილის კოცნა" ეწოდა.
ისტორიად ქცეული კოცნის მომენტის გახსენებისას ლინდა კრისტიანმა მოგვიანებით თქვა: "უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს ცივმა ქარმა დამმბერა, ალფონსოს უკან მჯდომ ნელსონს გავხედე. მუმიას ჰგავდა, გეგონებოდათ ჰიპნოზის ქვეშ იყო, ისე მიყურებდა თითქოს ის იყო საოცარი შოკი მიიღო". ინციდენტის შემდეგ იტალიის ხელისუფლებამ რბოლა "მილე მილია" აკრძალა. მომხდარზე კი პასუხისმგებლობა "ფერარის" გუნდის ტექნიკოსებს დაეკისრათ, რომლებმაც საბურავები დროულად ვერ შეცვალეს.
ალფონსო დე პორტაგო საბედისწერო რბოლის დროს
სამწუხაროდ, ავტოავარიები მხოლოდ რბოლების დროს არ ხდება. მას ხშირად როგორც რიგითი ადამიანები, ასევე ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანებიც ეწირებიან, რომლებსაც თავიანთი ოსტატობით მაყურებელთა გახარება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეეძლოთ.
|