ივენთები ვენეციის კარნავალი, სანახაობათა ტრადიციული ფესტივალი 2023, 29 იანვარი, 10:31
ჟან კლოდ კამპანას ფერწერა
ვენეციის კარნავალი იტალიის ქალაქ ვენეციაში იმართება ყოველწლიურად, იგი დასაბამს X საუკუნიდან იღებს და დიდმარხვის დაწყებამდე გრძელდება. ამ დროს მოსახლეობა და ტურისტები, ნაირფერ კოსტიუმებსა და ნიღბებში გამოწყობილები მხიარულობენ ქალაქის ქუჩებში. ეს არის ყოველწლიური კოსტიუმირებული დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად ვენეციაში თებერვალში იმართება. კარნავალის ბოლო დღე დიდმარხვის წინადღეს ემთხვევა. ლეგენდის თანახმად, ვენეციის კარნავალი დაიწყო ვენეციის რესპუბლიკის სამხედრო გამარჯვების შემდეგ აკვილეის პატრიარქზე, ულრიკო დი ტრევენზე 1162 წელს. ამ გამარჯვების საპატივცემულოდ, ხალხმა დაიწყო ცეკვა და შეკრება სან მარკოს მოედანზე. როგორც ჩანს, ეს ფესტივალი იმ პერიოდიდან დაიწყო და რენესანსის დროს გახდა ოფიციალური. მეჩვიდმეტე საუკუნეში ბაროკოს კარნავალმა შეინარჩუნა ვენეციის პრესტიჟული იმიჯი მსოფლიოში. პირველად ისტორიაში ვენეციის კარნავალი 1094 წელს მოიხსენიება. აღსანიშნავია, რომ XIII-XIV საუკუნეებამდე კარნავალის დროს ნიღბებს არ ატარებდნენ. კარნავალი ძალიან ცნობილი იყო მეთვრამეტე საუკუნეში. თუმცა, საღვთო რომის იმპერატორის და მოგვიანებით ავსტრიის იმპერატორის, ფრანცისკე II-ის მმართველობის დროს, ფესტივალი მთლიანად აკრძალული იყო და ნიღბების გამოყენება მკაცრად აიკრძალა. იგი თანდათანობით გამოჩნდა მეცხრამეტე საუკუნეში, მაგრამ მხოლოდ ხანმოკლე პერიოდებში და უპირველეს ყოვლისა კერძო დღესასწაულებზე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1979 წელს, იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა დაებრუნებინა ისტორია და კულტურა და ტრადიციული ვენეციის კარნავალი დაბრუნდა. ნიღბების ხელახალი განვითარება დაიწყო ტურისტული ვაჭრობისთვის. მას შემდეგ, დაახლოებით 3 მილიონი ვიზიტორი ყოველწლიურად ჩადის ვენეციაში კარნავალისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა კონკურსი "ყველაზე ლამაზი ნიღაბი" ("la maschera più bella"), რომელიც შეფასებულია საერთაშორისო კოსტუმებისა და მოდის დიზაინერების პანელის მიერ. ვენეციის კარნავალი ბრჭყვიალა, გლამურული მხიარულებისა და დაუვიწყარი, კაშკაშა ემოციების ფეიერვერკია. მასში ასობით ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ამისთვის წინასწარ ამზადებენ უჩვეულო კოსტიუმებს და ნიღბებს, ქუდებსა და სხვა ატრიბუტიკას. მაღაზიები სავსეა საკარნავალო სუვენირებით, გაქირავების პუნქტები კოსტიუმებითა და ნიღბებით. ამ ორი კვირის მანძილზე ვენეცია ზღაპრულად ფერად, ჯადოსნურ სამყაროში იძირება. ვინაიდან აღდგომა მოძრავი რელიგიური დღესასწაულია, ვენეციის კარნავალის თარიღებიც ამის მიხედვით იგეგმება. ის 18 დღეს გრძელდება, თუმცა ძირითადი ღონისძიებები ბოლო 11 დღის განმავლობაში იმართება. ცერემონია მიმდინარეობს ვენეციის ისტორიულ რაიონში - კანარეჯოში. ის შაბათს იწყება, ადგილობრივი დროით 19:00-ზე და მთელი საღამო გრძელდება. არხში, რომელიც "გრანდ-კანალს" ლაგუნასთან აერთებს, მიცურავენ საზეიმოდ მორთული ნავები, რომლებშიც მსახიობები, მოცეკვავეები და აკრობატები მაყურებელს თავიანთ ოსტატობას უჩვენებენ. შოუს თან ახლავს ლამაზი ილუმინაცია და მუსიკალური გაფორმება. სანაპიროებზე ვენეციური სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნება არის შესაძლებელი. ნაირფერად მორთული ნავები და გონდოლები, რომლებსაც ჭრელა-ჭრულა, მკვეთრი ფერის სამოსში გამოწყობილი მენიჩბეები მართავენ, "გრანდ კანალში" დაცურავენ. გზაზე მათ აღფრთოვანებული მაყურებელი ეგებება ყვავილებით, ფერადი ბუშტებითა და ლენტებით. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებს ტრადიციულ ვენეციურ დელიკატებს სთავაზობენ. კარნავალის მეორე შაბათს იმართება ზეიმი, სახელწოდებით "მარიას დღესასწაული" (Festa delle Marie): თორმეტ ქალიშვილს, ორ-ორს თითოეული ვენეციის ისტორიული რაიონებიდან, ერთნაირ შუასაუკუნოვან ან რენესანსულ კაბებში გამოაწყობენ, ტახტრევანზე შემოსვამენ და ხელით მიჰყავთ ბაზილიკა სან პიეტრო დი კასტელოდან სან მარკოს მოედნამდე, აქვე ირჩევენ "წლის მარიას". შესარჩევიკონკურსი ტარდება კარნავალის დაწყებამდე ორი თვით ადრე 18-28 წლის ვენეციელ ქალიშვილებს შორის. ვენეციის კარნავალი სანახაობრივი დღესასწაულია, ერგვარი შოუების ფესტივალია და დატვირთულია სხვადასხვა სახის სანახაობებით. ის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფერადი დღესასწაული მხატვრების შთაგონების წყაროდ იქცა. ფრანგმა მხატვარმა, ჟან კლოდ კამპანამ (1941 წ.) ვენეციის კარნავალს მიუძღვნა თავისი ნამუშევრების მთელი ციკლი, რომელთა ნაწილსაც ქვემოთ გთავაზობთ. სიურეალიზმის, სიმბოლიზმისა და რეალიზმის გამოცდილებით გაძლიერებული ჟან-კლოდ კამპანა დაახლოებით თხუთმეტი წლის განმავლობაში ერთგულად უძვნის მის ფერწერას ვენეციას, მისთვის დამახასიათებელი, ძალიან პერსონალური სტილით. 56 შეფასება არ არის
|