ყველა ადამიანს, ნათლობის შემდეგ, ჰყავს მფარველი ანგელოზი. ზოგს გამოცდილი, ზოგს ნაკლებად გამოცდილი, ხოლო ზოგს – ახალბედა.
— გამარჯობა, მფარველო. დანიშნულებაზე მოვედი.
— ახალი ხარ, — გაისმა მფარველის ბუზღუნა ხმა. — შენ ამ დედამიწისეულ წესებს გადაეჩვიე! და რაც უფრო სწრაფად გააკეთებ ამას, მით უკეთესი.
— მე… რა? — გაუკვირდა ანგელოზს.
— გამარჯვება ვის უსურვე? — გაეცინა მფარველს, მაგრამ აქვე შეიცვალა ტონი და სერიოზულად ჰკითხა — ინსტრუქტირებული ხარ?
— ეეე…
— გასაგებია, ე. ი. ყველაფერი ყურებს მიღმა გაატარე. ეს რა არის? ვისთან მიწევს მუშაობა… — ისევ აბუზღუნდა მფარველი. — მაშ ასე, ყველაზე ძირითადი: მხოლოდ სამჯერ შეგიძლია გადარჩენა. სამი! დაიმახსოვრე? ამიტომ, გადაწყვეტილება მდგომარეობის მიხედვით მიიღე. თუ დაინახავ, რომ ადამიანი უშენოდაც დააღწევს თავს უბედურებას, ზედმეტად ნუ ჩაერევი, გაიგე? მე შენ ძალიან კარგი მასალა შეგირჩიე. თუ არაფერი შეგეშლება, 100 წლამდე იცხოვრებს შენი სამეურვო…
— მე როგორ გავიგებ, როდის… როდის უნდა ჩავერიო?
მფარველი გაბრაზდა:
— შენს მაგივრად მე ვიმუშაო?! მიდი, წადი! და ყველაზე მთავარი, დაიმახსოვრე: სხვის ბედში არ ჩაერიო! — იცოდე არ ჩაერიო, მხოლოდ საკუთარს მიხედე!
«ძალიან მჭირდება, კიდევ ვიღაცა რა — გაიფიქრა ანგელოზმა, — ნეტა საკუთარისთვის მიმახედინა კარგად და…».
მფარველმა მწუხარებით ამოიოხრა, რადგან ახალბედა ანგელოზის შეცდომების შესახებ, ყველაფერი წინასწარ იცოდა…
***
ანგელოზმა ჩაიხედა ბავშვის საწოლში და მშვიდად ამოისუნთქა. პატარას ტკბილად ეძინა და ძილში იღიმოდა. ცრემლმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრო გაშრობა მის ფუმფულა ლოყებზე. ამჯერად მისი დახმარება საჭირო არ გახდა. რამდენიმე წვეთმა წამალმა იხსნა ბავშვი, მუცლის საშინელი შებერილობისგან. სულ ცოტა ხნის წინ, ბავშვი ისე ტიროდა, რომ ანგელოზმა იფიქრა, ჩემი დროც დადგაო. ძალიან სანერვიულო სამუშაოა, მფარველი ანგელოზობა… მაგრამ თანდათანობით ის მიეჩვია ბავშვის ავადმყოფობებს, საბედნიეროდ, მისი მფარველობის ქვეშ მყოფს, კარგი, ადეკვატური დედა ჰყავდა. მან მადლიერებით გაიხსენა მფარველი — ალბათ, ახალბედებს რთულ საქმეზე არ უშვებენ, გაიფიქრა მან.
არა, ნაადრევად შეექმნა ამ ქალბატონზე კარგი წარმოდგენა! რატომ წაიყვანა სამი წლის ბავშვი ზღვაზე?! თან მარტომ, მატარებლით და გადაჯდომებით? — ბრაზობდა ანგელოზი ბავშვის დედაზე.
ზღვაზე ყოფნის პირველ დღეს, ანგელოზი ძალიან ნერვიულობდა, შემდეგ დაწყნარდა. ბავშვის დედა კარგად ართმევდა თავს, თავის მოვალეობას — ბავშვს ყველა მოსალოდნელი ხიფათისგან იცავდა: ცივ წყალში არ აბანავებდა, სახიფათო პროდუქტებს არ ყიდულობდა, ყურადღების გარეშე არასოდეს ტოვებდა. ასეთ სიტუაციაში, ანგელოზი გრძნობდა, რომ ის, არც თუ ისე საჭირო იყო.
იმ დღეს ძლიერი ქარი იყო. თუმცა, ზოგიერთები მაინც ახერხებდნენ აღელვებულ ზღვაში ბანაობას. მისი მფარველობის ქვეშ მყოფი, ქვიშაზე დაფენილ პირსახოცზე იჯდა და ნიჟარებით ერთობოდა. ხოლო მოზრდილი ბავშვები ტალღებზე ხტუნაობდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. მაგრამ ზღვა, სულ უფრო და უფრო მძვინვარე ხდებოდა და ბავშვები წყლიდან ამოვიდნენ.
მშობელმა რომ დაინახა, ქარი არ ცხრებოდა და ზღვაზე შტორმი უფრო ძლიერდებოდა, ნივთების მოგროვება დაიწყო და სახლისაკენ აიღო გეზი. და აქ ანგელოზმა შენიშნა, რომ წყალში კიდევ ერთი ბავშვი დარჩა, ქერა ბიჭუნა, დაახლოებით, ათიოდე წლის. ის ყველანაირად ცდილობდა ნაპირისკენ გამოცურვას, მაგრამ ტალღა უკვე ზევით იწეოდა. — ის ვერ მოასწრებს! ვერ მოასწრებს გადარჩენას! — გაიფიქრა ანგელოზმა — გადავარჩინო? მაგრამ ის ხომ სხვისი მეურვეობის ქვეშ არის… სად არის მისი ანგელოზი? — მაგრამ ფიქრისა და განსჯის დრო უკვე აღარ იყო. ტალღა მოდიოდა და ახალბედა ანგელოზი ბავშვს გადაეფარა. და თითქოს შეშინებულმა, ტალღამ უკან დაიხია. ანგელოზმა მაშინვე გახედა თავისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც დედასთან ერთად პარკისკენ მიდიოდა…
— აი, მითხარი, ყრუ ხარ თუ სულელი? – მფარველი გაღიზიანებული იყო. — მე ხომ გეუბნებოდი, არ ჩაერიო მეთქი, ხომ გეუბნებოდი?
— ცუდი რა გავაკეთე? ხომ არავინ დაზარალებულა. ბავშვმა რა დააშავა?
— დააშავა… დააშავა… აი იმუშავებ იმდენს, რამდენიც მე ვიმუშავე და საერთოდ დაივიწყებ ასეთ სიტყვებს! არსებობს წესები, რომელიც სულელების მოგონილი არ არის! წადი და შემდეგში ნაკლებად იყურე აქეთ-იქით, გაიგე?!
ანგელოზი არ ელოდა ასეთ გაკიცხვას. მართალია მან დაარღვია წესები, მაგრამ მან ხომ ბავშვის სიცოცხლე იხსნა? — გაიფიქრა ანგელოზმა.
ბავშვი იზრდებოდა, ანგელოზი ყოველთვის მის გვერდით იყო. ორჯერ მოუხდა მას, მისი მეურვეობის ქვეშ მყოფის ბედში ჩარევა, რომელიც გაიზარდა, გათხოვდა და ორი ვაჟი გააჩინა. ერთხელ ის უმართავი ავტომობილისგან გადაარჩინა, მეორედ — მძიმე მშობიარობის დროს იხსნა სიკვდილისგან. მისი მფარველობის ქვეშ მყოფი, მხოლოდ 34 წლის იყო და მხოლოდ გადარჩენის ერთი შესაძლებლობა ჰქონდა დარჩენილი ანგელოზს. ცოტაა ეს თუ ბევრი? ამაზე გამუდმებით ფიქრობდა ანგელოზი. ფიქრობდა იმაზე, რომ შეიძლებოდა მანქანას შეხვევა მოესწრო და ტყუილად გადაარჩინა იმ შემთხვევის დროს ან და იქნებ ექიმებს მისი დახმარება სულაც არ ესაჭიროებოდათ და მისი დახმარების გარეშეც გაართმევდნენ თავს?
სწორედ ასეთი ფიქრები არ ასვენებდა ანგელოზს, როდესაც ის ახალგაზრდა ქალს ახლდა. გვიან საღამო იყო. ისინი ერთ-ერთ ჩიხში შევიდნენ და უეცრად დაინახა კაცი, რომელსაც ხელში რაღაც უბზინავდა. ანგელოზი დაიძაბა. მაგრამ ის სიმშვიდეს ინარჩუნებდა, რადგან გადარჩენის ერთ შანსი კიდევ ჰქონდა. ქალმა დაიყვირა დანა რომ დაინახა, ხოლო კაცმა ჩაიცინა:
— შენ არ შეგიძლია მისი დაცვა, შენ მხოლოდ ყურება შეგიძლია.
— რას ამბობ… — დაიწყო ქალმა საუბარი.
— მე შენ არ გეუბნები, მე მას მივმართავ!
და ანგელოზი მიხვდა, რომ კაცი მას ხედავდა, რაღაცნაირად. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ მან იცნო მოძალადე. თუმცა, ის 10 წლის ასაკში ნახა, როდესაც ზღვაში ტალღებს ებრძოდა. მას ისეთივე ქერა კულულები ჰქონდა, ხოლო გამჭოლი, ლურჯი თვალების ფერი შესცვლოდა… როგორ შეეძლო იმ ბიჭს, მკვლელად გაზრდილიყო? ანგელოზი ქალს გადაეფარა, და იგრძნო რომ ვერ დაიცავდა. მაგრამ წესი?! «გადარჩენა სამჯერ შეიძლება», —ამბობდა მფარველი.
კაცი სულ ახლოს მოვიდა. ქალი თითქოს გაშეშდა. მას არც ყვირილი შეეძლო და არც გაქცევა. ანგელოზი გამალებული ფიქრობდა და აზრებით მფარველთან დაკავშირებას ცდილობდა. მაგრამ, «იქიდან» პასუხი არ იყო. იქნებ მაშინ, ბავშვი რომ გადაარჩინა, ამით საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის, მესამედ გადარჩენის საშუალება დახარჯა? — ფიქრობდა ის — მერედა, ახლა, რა უნდა ექნა? ინსტრუქციაში რა წერია ამის შესახებ?
ანგელოზს უცებ გაახსენდა, თუ როგორ ჰკრა ერთხელ ხელი ჯიბის ქურდს, რომელიც ქალის გაქურდვას აპირებდა. მან მოიკრიბა ძალა და კაცს დაეტაკა. იგივე საქციელი კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა – მისი ძალაუფლება კაცზე არ ვრცელდებოდა. ანგელოზმა ზემოთ აიხედა და გონება გაუნათდა.
— ჩინებულია! — გაიფიქრა მან. მთელი გონება მოიკრიბა და მხოლოდ დარტყმაზე მიმართა — რა ბედნიერებაა, რომ დღეს დასუფთავების სამსახურმა ეს ყინულის ლოლოები არ ჩამოამტვრია…
— ყოჩაღ, კარგად მოიფიქრე. — მფარველმა გაიცინა.
— ე. ი. თქვენ მე არ მეჩხუბებით… ეეე… მეჩხუბებით იმის გამო, რომ ადამიანი მოვკალი?
— ის არც უნდა ყოფილიყო ცოცხალი. იმის მკვლელობისთვის როგორ უნდა დაისაჯო, ვინც დედამიწაზე აღარ უნდა ყოფილიყო?
ანგელოზი დაფიქრდა და ბოლოს როგორც იქნა იკითხა:
— იმ დღეს, როდესაც გადავარჩინე, რატომ არ იყო მასთან მფარველი ანგელოზი?
— სწორი შეკითხვაა, — უთხრა მფარველმა. — იცი რაშია საქმე? ასეთ ადამიანებს არა ჰყავთ მფარველი ანგელოზები. არ არის დაშვებული ასეთი დამპალი სულის ადამიანის დაცვა. როგორც თავად დარწმუნდი, ისინი ჩვენ გვხედავენ. ბრაზდებიან და შურისსაძიებლად იწევენ… ისიც არ იციან, ასე რისთვის იქცევიან.
— მერე რატომ ვერ შევძელი მისი მესამედ დაცვა? ხომ იყო მესამე შესაძლებლობაც? ნუთუ მასზე დავხარჯე?!
— თქვენ ანგელოზები, ასეთი ადამიანების წინაშე უძლურები ხართ. მათი მოკვლა მხოლოდ ზამთარში შეგიძლიათ, თუ ყინულს ჩასცხებთ თავში — გაეცინა მფარველს — თან ამას ყველა ვერ მოიფიქრებს.
— ე. ი. მე შემიძლია, ის კიდევ ერთხელ გადავარჩინო, არა?
— რატომ ერთხელ? თუ გინდა ასჯერ გადაარჩინე!
— მაგრამ ინსტრუქცია! თქვენ ხომ მითხარით — რომ გადარჩენა სამჯერ შეიძლება…
მფარველმა ხმამაღლა გაიცინა.
— თქვენ, ახლები, ერთნაირები ხართ… სასაცილოები. დარწმუნებული ვარ არ გახსოვს შენი ინსტრუქციები, იმიტომ რომ არანაირი ინსტრუქცია არ არსებობს. ხოლო სამ ჯერზე იმიტომ გითხარი, რომ ყველა წვრილმანზე გადასარჩენად არ მივარდნილიყავი. გახსოვდეს, ადამიანები თავიანთი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდნენ, უშვებდნენ შეცდომებს და დასკვნებს აკეთებდნენ, გესმის? ხოლო ჩვენ, უკიდურეს შემთხვევაში უნდა ჩავერიოთ – უკიდურეს შემთხვევაში. ახლები კი თავიანთი ჰიპერ პასუხისმგებლობით, სულ «თივის გაფენას» ცდილობენ და ადამიანის სულს განვითარების საშუალებას არ აძლევენ. აი ასეა… ხოლო, რაც შეეხება სხვის ბედში ჩაურევლობას, ამას სერიოზულად გეუბნებოდი.
— ე. ი. წესები მაინც არსებობს?
— აი, ჩერჩეტი! ეს რჩევაა, რჩევა…