x
image
თეონა გორდეზიანი
საოცარი ნამდვილი ამბავი ქართველი მოჭიდავის შესახებ...(1904 წელი)
ისტორიულად პირველი საერთაშორისო დაპირისპირება - ძიუდოისტისა და ქართულის მოჭიდავისა!

image

1904 წელს, როდესაც პორტ-არტურში იაპონელებმა რუსები დაამარცხეს იაპონელთა მეწინავე რაზმს ძიუდოისტთა სკოლის მოწაფეები შეადგენდნენ, რომელთაც ძიუდოს დამაარსებლის ჯიგორო კანოს მოწაფე გენერალი ჰეიჰატირო ტოგო ხელმძღვანელობდა. გენერალმა გადაწყვიტა შეჯიბრი ჩაეტარებინა ჭიდაობაში იაპონელებსა და რუსებს შორის მისი რაზმის წევრებმა ყველა რუსი უპრობლემოდ დაამარცხეს. რუსთა ნაწილში ხაბაზად მსახურობდა რაჭველი კეჭოუკა (სპირიდონ) გოცირიძე რომელიც ძალით წაეყვანათ ომში და რაჭაში ცნობილ ქართულის მოჭიდავედ ითვლებოდა.


"თონეში მყოფმა და პურის ცხობაში გართულმა კეჭოუკა გოცირიძემაც გამოიხედა იქითკენ საითაც ჯარისკაცებს წრე შეეკრათ და ჭიდაობდნენ. ჭიდაობამ დააინტერესა აკი ბავშვობაში თავის სოფელსა, თუ ახლო-მახლო სოფლებში რიგიანი მოჭიდავის სახელი ჰქონდა და არ აცდენდა ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებს, წრის დანახვაზე სპირიდონი ღიღინით დაიძრა, თუმცა ახლოს როცა მივიდა, დაღონდა: "ქვე მორჩენილან, გოუთავებიათ უკვეო".



ის-ის იყო უკან გაბრუნება დააპირა, რომ ჰეიჰატირო ტოგომაც მოჰკრა თვალი და რუსებს შეეკითხა, ეს ბრგე, ვეება, ჯანმაგარი, ვინღაა? ერთი აქეთ უხმეთო. ჯანიანი კი არის, მაგრამ ისეთი კაცია, თოფი ვერაფრით ავაღებინეთ ხელში, პურს გვიცხობს, ხაბაზიაო უპასუხეს.


ჰეიჰატირო ტოგო თავად მივიდა კეჭოუკასთან, თარჯიმნის პირით ჰკითხა, ჭიდაობა თუ იციო? დადებითი პასუხი, რომ მიიღო თავის ყველაზე ძლიერ ჯარისკაცზე მიუთითა - აბა, თუ წააქცევო?


ზანტად შემოვიდა რაჭულად წრეში ქართველი ფალავანი, ახედ-დახედა იაპონელს, დაეჭიდა მოსდო თეძო და მოგვერდით ზღართანი გაადენინა მიწაზე.
წამოხტა იაპონელი: ეგ როგორ მოხდა, რომ ვიღაც რუსმა წამაქციაო? და ხელმეორედ დაჭიდება მოითხოვა. გამოდი წრიდანო - თვალები გადაუბრიალა ჰეიჰატირო ტოგომ და მის მაგივრად წრეში ვინმე ვაკაბაიაში ტარო შეაგდო. ეს ტარო მოგვიანებით ძიუდოს ცნობილი ოსტატი გახდა და ამერიკაში კოდო-კანის პირველი ფილიალიც ლოს-ანჯელეში მან გახსნა სწორედ.


ვაკაბაიაში ტარო თავგანწირვით ეძგერა კეჭოუკას და კისრულით წამოღება დაუპირა, მაგრამ ქართველმა კონტრილეთით აიცილა თავიდან შერცხვენა. მერე კი ისეთი ქართული ილეთი ჩაუტარა, თვით ჯიგორო კანოსაც რომ არ ენახა და სმენოდა, გაოცებული ტარო ისე აღმოჩნდა მიწაზე ვერაფერსაც ვერ მიხვდა. რაღა უნდა ექნა? წამოდგა და გენერალს თვალი ვერ გაუსწორა, ისე შეერია მაყურებლებში.


კეჭოუკამ ამის შემდეგ კიდევ ერთი იაპონელი წააქცია და სამუდამოდ მოიგო ჰეიჰატირო ტოგოს გული - იაპონელი გენერალი ბევრს ეხვეწა და ემუდარა: რატომ უნდა დაბრუნდე რუსეთში, ჩამოდი ტოკიოში, კოდოკანის სკოლაში სასურველი პედაგოგი და სტუმარი იქნებიო, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა: რას ბრძანებთ, მე რუსეთში კი არა, საქართველოში, ჩემ რაჭაში ვბრუნდები, იქაა ჩემი სამშობლოო, იმეორებდა ზორბა ხაბაზი.


ჰოდა, სამშობლოში დაბრუნდა, მშობლიურ სოფელ ბოყვაში და იქვე გალია სიცოცხლე დღეგრძელმა - ბედნიერად, შვილიშვილთა, შთამომავალთა და თანასოფლელთა მიერ - "სპირიდონ ბაბუდ" წოდებულმა კეჭოუკა
გოცირიძემ.


ჰეიჰატირო ტოგომ კი 1933 წელს, მემუარებში დაწერა: "1904 წელს, პორტ-არტურში მე პირადად ვიხილე კავკასიელი მებრძოლის საოცარი ფანდები, ილეთები, კონტრილეთები და გამარჯვებისთვის ესოდენ საჭირო, მედგარი სიჯიუტე".



0
286
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0