საქართველო
"მათ დედიკოებს მოვიკითავ დიდი პატივისცემით...." - რამ გააღიზიანა შალვა ნათელაშვილი
2022, 3 დეკემბერი, 11:20
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ზურაბ ჯაფარიძის მეუღლის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლების ფაქტს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ახლაა ატეხილი ამბავი ერთ--ერთი ოპოზიციონერის მეუღლესთან დაკავშირებით, რომელიც ქმრის პოზიციების მიუხედავად დღემდე ხელმძღვანელ თანამდებობაზე იმყოფებოდა უპრობლემოდ. აბა მე რა უნდა ვთქვა, 22 წელი გადის რაც ეს ნათესავების გენოციდი ჩემს თავს უწყვეტად ხდება, მაგრამ ხმა არავის ამოუღია თითქოს მე ჯანდაბას და ყველა ჩემი ახლობელი გვემისთვის იყოს დაბადებული.
ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დააწიოკეს ყველა ახლობელი ვისაც რაიმე სამსახურე ქონდა ან გადაიბირეს ან გაანთავისუფლეს.ახლა ოჯახზე მეუღლე არსად არ მიიღეს დღემდე, ქალიშვილი მიუხედავად მართლაც უდიდესი ნიჭისა ასევე ვეტო დადებულია ამ წუთამდე და სადაც შეავსო განაცხადი ყველგან უარი მიიღო აღარაფერს ვამბობ ბექაზე. რომელიც უკვე ორჯერ იყო დაპატიმრებული.
ჩემი ახლახან გარდაცვლილი და ადეიშვილმა სამსახურიდან გამოუშვა ხოლო ივანიშვილმა იმ ბინიდან გამოასახლა სადაც ამ გველგესლა ქოცების ოფისია დღეს. ამას ნიშნავს საქართველოში ოპოზიციონერობა და ვინც ამის შემდეგ იტყვის, რომ ოპოზიციონერობა ჩემთვის პირადად თურმე სასიამოვნო და მით უფრო კეთილდღეობის საშოვნელი ადგილია მათ დედიკოებს მოვიკითავ დიდი პატივისცემით იმ ქვეყანასა და ასევე ამ ქვეყანაში."- წერს ქვეყნის პირველი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე, ნატა ქორიძე საგარეო საქმეთა სამინსიტროში 17 წლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს, მიზეზადა კი რეორგანიზაცია დაასახელეს.
ოპოზიციური პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე მისი მეუღლის, ნატა ქორიძის საგარეო უწყებიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და აცხადებს:
"ცალსახად, მოტივები არის პოლიტიკური. აქამდე ვერ მოახერხეს იმის გამო, რომ 3 წლამდე ბავშვი თუ გყავს, სამსახურიდან ვერ გიშვებენ ვერც რეორგანიზაციის მიზეზით და ჩვენ ისე მოხდა, რომ 2013-ში და 2017-ში გავაჩინეთ ბავშვები, ამის გამო ვერ გაუშვეს. მერე პანდემია იყო ერთი წელი ამის გამო წაიღო და როგორც კი მიეცათ შესაძლებლობა, გაუშვეს. ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს, ასევე, საგარეოდან. [გადაწყვეტილების გასაჩივრება] ჩემი ცოლის ნატას გადასაწყვეტია, ნატა მიხედავს თვითონ", - ამბობს ჯაფარიძე.