x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ამბავი ბებოზე - ამბავი, რომელიც რამდენიმე ემოციას ერთდროულად გამოიწვევს თქვენში

გოგიტამ - რაიონში გვიხდიან ქორწილს ჩემებიო. ორი დღით ადრე ჩავედით, უკვე მეზობლებით იყო სავსე ეზო და სახლი. უზარმაზარ სეფას შლიდნენ, ზღვა პურმარილი მზადდებოდა. ეზოში ყველა ხეზე საკლავი იყო თავდაღმა დაკიდებული.


მანქანიდან რომ გადმოვედით მეზობლის ქალები შემომეჯარნენ ირგვლივ, ზოგი ღიმილით, ზოგი ეჭვით, ზოგი ფარული შურით მათვალიერებდა. გოგიტა მეგობრებს შეერია მაშინვე.დედამთილმა შემატანინა ჩემოდნები ჩვენს კუთვნილ საძინებელში.


ტანსაცმელი გამოვიცვალე, გამოვედი.მე ვინ რას გამაკეთებინებდა.ხან მომხმარე მეზობლების ერთ ჯგუფს მივადექი, ხან მეორეს..გვიან შევნიშნე სახლის უკანა მხარეს აშოლტილი სიმინდებიდან გამოვიდა..პატარა, გალეული, შავთავსაფარ გაკრული, ფეხზე ქუსლებამოჭრილი და ჩუსტებად ქცეული კალოშებით.მოხრილ ბეჭებზე ლობიოს ფოთლები მიჰკვროდა, იღლიაში დიდი ბალახის გროვა ამოეღლიავებინა, ცალი ხელი ამოკალთავებულ ხალათის კუთხეზე ეკიდა.


თვალი გავაყოლე..ძროხის საბმულთან ახლოს დაყარა ბალახი.წამოვიდა, პატარა მსხლის ხეზე მავთულით წყლის მილი იყო მიმაგრებული, გადაკეცილი თავით. მივიდა, კაბის კალთა ჩამოუშვა, დაბუჩქული თხილები ჰქონია შეგროვებული.იქვე დაყარა, მერე ხელები დაიბანა, გაოფლილი სახეც..ზევით რომ აიხედა მაშინ შემამჩნია.ცოტა ხანს დაკვირვებულად მიყურა, უცებ თავსაფრის ბოლოები მოისვა სახეზე, ბებრული ცუხცუხით წამოვიდა ჩემსკენ, ხელები გაშალა და გულში ჩამიკრა.



მე უკვე ვიცოდი გოგიტას ბებია რომ ჰყავდა სახლში, მამის დედა..


მოხუცის გულის ცემას ვგრძნობდი, ბეჭებზე მზის, ყანის, ყვავილების თუ რაღაც მშობლიურის სუნი ჰქონდა.დამჭკნარ, ხაოიან ხელებს მისვამდა თმებზე, მეფერებოდა.


მერე თხილის ბუჩქები ჩამიყარა გამოწეულ მაისურში.


ქორწილის საღამომდე თვალი აღარ მომიკრავს, ერთხელ შევნიშნე მხოლოდ: ბებია-ბაბუების სადღეგრძელოს დროს შემოიყვანეს.


კოპლებიანი წელში ქამრიანი კაბა ეცვა, შავი ლაკის ძველებური ფეხსაცმელები, თავზე წვრილყვავილებიანი თავსაფარი ეფარა.მორიდებით და დაბნეულად იხდიდა მადლობას, მალევე გავიდა სეფიდან.


ქორწილის მესამე დღეს წამოვედით თბილისში.წამოსვლის დროს ბებო მოვიკითხე.დამშვიდობება მინდოდა.


- თავის ოთახში იქნება, არ გამოსულა დღესო - რაღაც გულმოსულად მითხრა გოგიტას დედამ.


მორიდებით დავუკაკუნე.


-მოდიო..


არ მელოდა.


წამოწოლილი იყო, უმწეოდ ჰქონდა აკეცილი ტახტზე ტყუპად ფეხები.


უმყუდროვესი, უსუფთავესი ოთახი იყო.


სხვა მდიდრულ ოთახებთან და ანტიკვარულ ავეჯთან შედარებით, ამ ოთახს სიმშვიდის განცდა მოჰქონდა.


მწვანე ხავერდგადაკრულ ფანჯარასთან მიდგმულ პატარა მაგიდაზე წიგნები, წამლის შუშები ლარნაკზე მიყუდებული უჩარჩოო ხვთისმშობლის ხატი და სასანთლე იდო.


ძველებური კომოდი და გარდირობი, ტახტიც ძველებური, მრგვალთავებიანი, მწიფე შინდისფერი ტყავი ალაგ-ალაგ გაქექილი ჰქონდა.ლოგინის წინ კი ცხვრის ტყავი ეფინა.


-მივდივართ და დამშვიდობება მინდოდა-თქო..


მის წინ ჩავიჩოქე.ორივე ხელი მომკიდა ლოყებზე, ჯერ ერთ თვალში მაკოცა, მერე მეორე თვალში.


გარდირობის ქვედა უჯრა გამოაღო.


აკურატულად ჩაკეცილი პირსახოცების ქვეშიდან უცხოდ მოჩუქურთმებული პაწაწა ზარდახშა ამოიღო, გახსნა..


ულამაზესი გულსაბნევი გულზე მიმაბნია..


-თვრამეტი ბრილიანტის თვალი აქვს შვილო ამ გულსაბნევს, შუაში ლალის თვალი.საგვარეულო ანტიკვარია.რვა თაობიდან თაობას გადაცემული.შენმა დედამთილმა ატარა წლები, მაგრამ ვერ შეიშნო.შენ გჩუქნი.სანამ ცოცხალი ვიქნები ნურც გამიყიდით და ნურც ლომბარდში ჩააბარებთ.მე რომ აღარ ვიქნები, ვერ გავიგებ მაინც და რაც გინდათ ის ქენით.


ხელები დავუკოცნე.


ბიჭი რომ მეყოლება, მის ცოლს ვაჩუქებ, როგორ დავკარგავ-თქო.


გარეთ გამოსულს დედამთილმა წარბაწეულმა შეხედა გულსაბნევს თუმცა არაფერი უთქვამს.


ზამთარში ვერ ჩავედით, ვერც გამოზაფხულზე.მე ვსწავლობდი.გოგიტა მუშაობდა.


ზაფხულში ფეხმძიმედ ვიყავი უკვე.

ორკვირიანი შვებულება აიღო გოგიტამ და მაშინვე სოფელს მივაშურეთ.


ორსულობა ავადმყოფობა კი არააო - ვითომ სხვათაშორის მაგონებდა დედამთილი, მოძრაობა კარგია ორსულისთვის, ცოტა მიირხეს-მოირხესო - გოგიტას წაებუზღუნა.


-დილას კარებზე ფრთხილად მოაკაკუნა ბებომ..


-პიტნიანი ჩაი მოგიდუღე, შეაგრილე და დალიე სანამ ადგები, გულისრევას მოუხსნისო - აკანკალებული ხელით დამიდგა ჩაი.


სასადილო მაგიდაზე, ჩემს ტუმბოზე, ფანჯრის რაფაზე, ჰამაკის გვერდით ქვის მაგიდაზე სულ ელაგა ხილი. ვაშლი, ქლიავი, მსხალი, თხილი..


-ბევრი ხილი უნდა ჭამო შვილო, შენთვის ცალკე, ბაიასთვის ცალკე, ჯანმრთელი რომ გაიზარდოსო.


სულ ჭყინტი სიმიდი შემოჰქონდა, საადრეო გოგრა, კიტრი, პომიდორი, ლეღვი..


ჩვენთან არასოდეს ჯდებოდა, არც ვიცი როდის ან სად ჭამდა.


ჩემს დედამთილს სათოფეზე არ უახლოვდებოდა.თითქოს სულ უჩინარი იყო.


ლობიოს არჩევდა თუ თხილს, სახლის უკან იჯდა ბროწეულების ჩრდილში, ერთხელ დავინახე როგორ რეცხავდა თავის ტანსაცმელს ტაშტზე, სარეცხის საპნით.გაშრობითაც კი ღობეზე მიფენილი გააშრო.


- რატომ იქცევა ასე თქო- გოგიტას ვეკითხებოდი.


-როგორ ასეო? - იცინოდა და ბანზე მიგდებდა სიტყვას.


ერთხელ პატარა სკამი წავიღე, მეც მივუჯექი ბროწეულების ჩრდილში..ლობიოს ვჩენჩავდით.


-გოგო თუ მეყოლა თქვენი სახელი უნდა დავარქვა-თქო.


-უი არ ქნა შვილო მაგ, არ ქნა, რა ჩემი სახელი, ხომ გადაირევა შენი დედამთილიო.


- ანეტა გქვიათ, ბავშვს ნიტას დავარქმევ, ჩემი დედამთილი რა შუაშია, ბავშვი ჩემია-თქო.


- ბიჭი გეყოლება ვიციო, მუცელზე მომეფერა.


-არაა ცუდი ადამიანი შენი დედამთილი, მე ვერ მოტანს ოღონდო..


-შეიძლება გკითხოთ რატომ-თქო.


-გაიგებ ოდესმეო - წამოდგა, კალთა დაიფერთხა და ყანაში შეიმალა.


მართლა ბიჭი რომ მეყოლა, მაშინაც სოფელში ჩამიყვანა გოგიტამ.


-მე ვმუშაობ, იქ დედა მოგეხმარება გაზრდაში, თან შეშის ღუმელით თბება სახლი და ბავშვისთვის ასე სჯობსო.


არ გამიპროტესტებია. ასე მერჩივნა.


ღუმლიანი ოთახის გვერდით გადავიტანეთ საძინებელი. ოთახის ღია კარებში სითბო შემოდიოდა, არაფერი გვაკლდა, მაგრამ ნირს იცვლიდა ჩემი ბიჭი, მთელი დღე ეძინა, სამაგიეროდ მთელი ღამე სხაოდა.


დედამთილმა ერთი-ორჯერ საყვედურით მითხრა: ბავშვს როგორ ვერ უნდა ამშვიდებდეს დედაო, მერე სულ განაპირა ოთახში გაიშალა ლოგინი.


-მთელი დღე ცხენივით ფეხზე ვდგავარ, ღამეც თუ ვერ დავიძინე ამხელა ოჯახი თავზე დაგვემხობა, უშრომლად კი არ მოსულა ეს ყველაფერიო.


არაქათი რომ გამომეცალა მკლავებში ბავშვის აქეთ-იქით ქნევით, ფეხაკრეფით შემოიპარა ბებო ოთახში, ბავშვი გამომართვა, გახსნა, ხაოიანი ხელებით ზურგზე და მუცელზე დაუწყო მოფერება, თან ჩუმად ბუტბუტებდა.


ბავშვი ჩაყუჩდა.


ბებომ თავით მანიშნა შენ დაწევიო.


მკვდარივით ჩამეძინა.


დილას გახვეულ ბავშვს მშვიდად ეძინა მის კალათაში.ბებო აღარ დამხვდა.


მის ოთახში შევედი.აღარც იქ დამხვდა, ალბათ საქმეზე იყო გასული.ოთახს პატარა დენის ქურა ათბობდა.


ბებოს აურა, ბუტბუტით ლოცვა, მალამოსავით ედებოდა ჩემს ბრაზიან ბიჭს. ღამე აღარ ტიროდა, მშვიდად ეძინა.


მე სინდისის ქეჯნა მაწუხებდა.


- რატომ არ ჭამს ბებო ჩვენთან ერთად, ან რატომ ცხოვრობს გაყინულ ოთახში - მოურიდებლად ვკითხე დედამთილს.


წარბი ასწია, მიყურა, დიდხანს მიყურა..


- უნდა ვიცოდე რა ხდება, ჩემთვის არაფერი დაუშავებია, თქვენთანაც უხერხულად ვარ, ასე მგონია რამეს ვაშავებ ის ტკბილი მოხუცი რომ მიყვარს..


- მაგ შვილი რომ მოგიკლას, მაინც გეყვარება?!


- რაა?! - პირი გამიშრა.


- რაა და ის რომ დამბლიანი ბავშვი დავუტოვე, რაიონში წავედი, ვერ მიმიხედა, ბავშვი გადმოფორთხდა და მდუღარე წყლიანი ქვაბი გადმოიმხო თავზე...


გული გამიქვავდა..


- მერე ბებო რა შუაშია, ძალით ხომ არ მოკლა..


- შუაშია..ხო შუაშია..არ უნდა დაეტოვებინა წამით მარტო - დედამთილმა კარი გაირაჯგუნა, კედლებმა დაიწყო ზანზარი.


სამ წლამდე ზარდა ჩემი ბაჩა ბებომ..


გაბრაზებული დედამთილის მზერას თვალს ვარიდებდი, და ახალფეხადგმულ ბაჩას ბებოს ვუტოვებდი ბროწეულების ჩრდილში, სანამ სარეცხს გავფენდი ან ბავშვს საჭმელს მოვუმზადებდი.


იმ ზამთარს კი ჩვენთან წამოვიყვანე თბილისში. ცუდად იყო..ძალიან ცუდად იყო, თბილისმა კიდევ უფრო ცუდად გახადა.მაინც არ იღებდა ხმას.რომ ეგონა ღრმად გვეძინა, მაშინ აძლევდა თავს ჩუმი კვნესის უფლებას.


აღდგომის კვირაში გაფრინდა ჩუმად..


-ცოდვილს აღდგომის კვირაში არ გაიყვანდა უფალი-თქო - დედამთილს ვუთხარი.


-პირიქით წამებულის ბედით იცხოვრა ამდენი ხანი-თქო.


მაინც სასაფლაოს განაპირა კუთხეში გაუთხარეს საფლავი.ომში დაღუპული ქმრის ნივთები ჩააყოლეს, საგულდაგულოდ რომ ჰქონდა შენახული გარდირობში.


მეორე გაზაფხულზე ყაყაჩოები დამხვდა აღაღანებული საფლავზე.


ყაყაჩოებმა ზუსტად იციან სად იღაღანონ.


image Shorena Abuladze
1
454
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
454
  
2022, 12 ნოემბერი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1