ტექნიკური იაპონური კომპანია 2050 წლისთვის კოსმოსური ლიფტის აგებას გეგმავს 2022, 6 ნოემბერი, 17:11 კოსმოსისკენ მიმავალი ლიფტი გარკვეული ხნის შემდეგ სამეცნიერო ფანტასტიკა აღარ იქნება და რეალობა გახდება. ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებს გერმანული სამშენებლო ფირმა “ობაიაში, ” რომლის ნაგებობა, ტოკიოს ციური ხე, რომელსაც 634 მეტრი სიმაღლე აქვს, ადამიანებში დღემდე განცვიფრებას და აღტაცებას იწვევს. ლიფტი, რომლის აგებას იაპონური კომპანია გეგმავს, 2050 წლამდე დასრულდება და სიმაღლით 96 ათასი კილომეტრი იქნება. მისი მეშვეობით კოსმოსში მოგზაურობა ძალიან გაიაფდება და ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდება. კომპანია “ობაიაშის” კონცეფციის მიხედვით, ლიფტმა, რომელიც მთლიანად რობოტიზებული იქნება, ბაგირის მეშვეობით 200 კმ/სთ სისწრაფით უნდა გადაიყვანოს ერთ ჯერზე 30 ადამიანი კოსმოსში. რა თქმა უნდა ამას სუპერგამძლე ბაგირი დასჭირდება, რისთვისაც ფოლადი მასალად არ გამოდგება. საბედნიეროდ არსებობს გამოსავალი: ნანომილაკებისგან შექმნილი ნახშირბადი, რომელიც ფოლადზე დაახლოებით 100-ჯერ უფრო მტკიცე და გაცილებით უფრო მსუბუქია. იოჯი იშიკავას განცხადებით, რომელიც “ობაიაშის” კვლევის და განვითარების სტრატეგიას უდგას სათავეში, მსგავსი მასალით ბაგირის დამზადება სრულიად რეალური პერსპექტივაა. თუმცა აქ ერთი სერიოზული პრობლემა არსებობს: კომპანიამ ჯერაც ვერ მოახერხა სათანადო სიგრძის ნახშირბადული მილაკების დამზადება. ტექნიკის თანამედროვე დონით აღნიშნული მასალისგან დამზადებული “ბაგირი” მხოლოდ 3 სანტიმეტრია სიგრძით. ასევე არსებობს მასალის იზოლირების პრობლემაც, თუმცა კომპანიის თანამშრომლების აზრით 2030 წლისთვის ისინი მოახერხებენ ეფექტური ტექნიკური გამოსავლის პოვნას და იმ დროისთვის მსგავსი ბაგირების მასიურად წარმოებას აუცილებლად შეძლებენ. კოსმოსური ლიფტის დამზადების ყველაზე დიდ სურვილს აღძრავს ის გარემოება, რომ დღეს ჩვეულებრივი შატლით კოსმოსში ერთი კილოგრამი ტვირთის გადატანა 22, 000 დოლარამდე ჯდება. ლიფტის გამოყენებით კი ეს თანხა გაცილებით უფრო დაიკლებს და 200 დოლარი გახდება, რაც კოსმოსური ტურიზმის და სამეცნიერო ექსპედიციების ნამდვილ ბუმს გამოიწვევს. ალილო და ხვალეო, ნათქვამია. 2050 წელიც აქ მოვა და რამდენად მოახერხებს იაპონური კომპანია კოსმოსური ლიფტის დამზადებას, ამას არცთუ შორეული მომავალი კარგად გვიჩვენებს. 262 შეფასება არ არის
|