"ეს არის "ქოცზე" უარესი... უბრალოდ ჩახუტებულია"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" და "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია "მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის ნიკა გვარამისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პარლამენტის ვიცე-სპიკერს "ქოცზე უარესს" უწოდებს:
"ხალხო, ეს არის ქოცზე უარესი. ძალაუფლებაც არ აქვს, უბრალოდ ჩახუტებულია და რა დღეშია. საფრთხე რა შუაშია? რა “ისეთი საფრთხე”? ვისთვის საფრთხე?" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
"არ მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამია ციხეში უნდა იჯდეს. ის არ წარმოადგენს ისეთი ტიპის საფრთხეს, რომ ციხეში მისი გამოკეტვა აუცილებელი იყოს". - ამ შინაარსის პოსტით გამოეხმაურა პარტია "მოქალაქეების" ერთ- ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას ციხეში დატოვების ფაქტს.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა.