შიდა ქართლი "ისე დაძრა სატრანსპორტო საშუალება, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოდ განხორციელებაში"-საქართველოს პროკურატურა 2022, 29 ოქტომბერი, 15:58 ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს პროკურატურამ რუსთავში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავში, სამარშრუტო - სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა ისე დაძრა სატრანსპორტო საშუალება, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოდ განხორციელებაში და მცირეწლოვანს შეეჯახა, მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად 3 წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება."-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მცირეწლოვან ბავშვს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა. მცირეწლოვანი ადგილზე მყოფმა პირებმა საკუთარი ავტომობილით, გარდაბანში "ჯეო-ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, თუმცა ექიმის ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. 75 2-ს მოსწონს
|