x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეცნიერებმა მარილის ნამცეცის ზომის კამერა შექმნეს, რომელიც საუკეთესო ხარისხის ფოტოებს იღებს
ამ კამერის ზომა სულ რაღაც 0, 5 მილიმეტრია, თუმცა ის საუკეთესო ხარისხის ფოტოებს იღებს. საქმე იმაშია, რომ მის ლინზას სპეციალური მეტა-ზედაპირი აქვს, რომელსაც შეუძლია 500-ათასჯერ უფრო დიდი ზომის კამერებს გაუწიოს კონკურენცია.


ეს სრულიად ფანტასტიკური შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახდა ნანოსტრუქტურის და სპეციალურად ფოტოების გადასამუშავებლად შექმნილი ალგორითმის მიზანმიმართული ურთიერთშეთავსების შედეგად. როგორც ჟურნალი Nature Communications-ის ფურცლებზე შეგვიძლია წავიკითხოთ, კამერის მეტა-ლინზა იმგვარი მასალისგან არის დამზადებული, რომ მისით აღჭურვილი მინიმალისტური მოწყობილობის მასიურ წარმოებაში ჩაშვება სამომავლოდ სრულიად რეალისტურია.


მეტა


ოპტიკური მეტაზედაპირი განსაკუთრებული თვისების მატარებელია: მისი მეშვეობით შუქით უსასრულოდ ხერხდება მანიპულირება; მაგალითად მისი გამოყენებით შესაძლებელია შუქის დამდგარი ნაკადის წარმოება, სინათლის ტალღის აჩქარება და ჰოლოგრამის შექმნა. ეს ყოველივე განხორციელებადია ნანოსტრუქტურირებული ზედაპირის მეშვეობით, რომელსაც მიკროსკოპული ხვრელების და ნაწილაკების ფორმა გააჩნია.



მიკროსკოპული კამერის დიამეტრი სულ რაღაც 500 მიკრომეტრია და ზედაპირზე 1, 6 მილიონ ნაწილაკს შეიცავს. ეს ნაწილაკები სილიციუმნიტრიდისაა და თითოეული მათგანის ზომა 100-დან 290 ნანომეტრამდეა. თითოეულ ნაწილაკს უნიკალური გეომეტრია აქვს და მისი გამოყენება ოპტიკური ანტენის სახითაც არის შესაძლებელი.


საბოლოო ჯამში ნანოსტრუქტურის შემავსებლად სპეციალური ალგორითმი გვევლინება. მეტასტრუქტურის მიერ მანიპულირებული სინათლის ნაკადი სენსორის მეშვეობით კავდება და მისი სურათად რეკონსტრუირება შესაძლებელი ხდება. საამისოდ მომზადებული ალგორითმი მეცნიერებმა მანქანური სწავლების მეშვეობით განავითარეს.


მეტა


ერთი და იმავე ყვავილის ორი ფოტოსურათი: მარცხნივ მოცემული ფოტო გადაღებულია აქამდე არსებული ტექნიკის გამოყენებით, ხოლო მარჯვნივ მოცემული - მეტა-ლინზის მეშვეობით


იმისათვის, რათა სურათების ხარისხი შეეფასებინათ, მეცნიერებმა უამრავი ფოტო გადაიღეს და მეტა-ლინზით და ჩვეულებრივი კამერით გადაღებული ნამუშევრები ერთმანეთს შეადარეს. შედეგი ძალიან შთამბეჭდავი იყო რაღა თქმა უნდა მეტა-ლინზის სასარგებლოდ.


აღსანიშნავია, რომ ახლად შექმნილ ლინზაში გამოყენებული სილიციუმნიტრიდის გადამუშავება იმ მანქანა-დანადგარების გამოყენებით შეიძლება, რომელთა მეშვეობით კომპიუტერული ჩიპები და ნახევარგამტარები მზადდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლებური კამერების მასობრივი და იაფი წარმოება სრულიად ახლო მომავლის პერსპექტივაა.

0
159
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0