ტექნიკური ეს აბსოლუტურად ფანტასტიკური მოწყობილობა ზღვის ტალღებს ელექტროენერგიად გარდაქმნის 2022, 23 ოქტომბერი, 21:40 Sea Wave Energy Ltd. (შემოკლებით SWEL) კომპანიაა, რომელმაც ბოლო ათწლეული მთლიანად მცურავი გენერატორის შექმნას შეალია. შრომა საბოლოოდ დაფასდა და მართლაც აბსოლუტურად ფანტასტიკური გენერატორი, რომელიც ზღვის ტალღებს ელექტროენერგიად გარდაქმნის, უკვე მზად გახლავთ.
მოწყობილობას Waveline Magnet-ს უწოდებენ და მან სრულყოფილი სახე სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. ის შედგება ერთმანეთზე მიწყობილი ხელოვნური მასალის ნაკვეთებისგან, რომელთა მეშვეობით მოწყობილობას წყლის ზედაპირზე ტივტივი შეუძლია. როცა ტალღები Waveline Magnet-ის ქვეშ მოძრაობენ, თითოეული ტივტივა და მასთან ერთად არსებული გენერატორი ტალღათა კონტურებს მიჰყვება და მათი მეშვეობით ელექტროენერგიას აწარმოებს. ეს გასაოცრად იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაა, რომელიც გამომუშავდება როგორც დღისით, ასევე ღამითაც და თანაც გამომუშავდება ნებისმიერ მასშტაბებში! მოწყობილობის სიდიდე მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობას განსაზღვრავს. გსურს ბევრი ელექტროენერგია? მაშინ შეიძინე დიდი მოწყობილობა. ძალიან მარტივია. როგორც გამომგონებლები აცხადებენ, მათ მიერ გამომუშავებული 1 კილოვატსაათი ელექტროენერგიის თვითღირებულება 1 ცენტზე უფრო დაბალი იქნება და ამ ფასში შედის მხოლოდ მოწყობილობის შეძენის და ექსპლუატაციის ხარჯები. სწორედ ამას ამტკიცებს ადამ ზახეოსი - SWEL-ის CEO და მოწყობილობის გამომგონებელი. იმის გათვალისწინებით, რომ დედამიწის ზედაპირის 70 %-ზე მეტი წყლისგან შედგება, წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის ელექტროენერგიის წარმოებაა შესაძლებელი Waveline Magnet-ების მეშვეობით. ეს გამოგონება სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს, ეპოქისა, როცა გაზი და ნავთობი სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს. ჩვენს ქვეყანას Waveline Magnet-ების გამოყენების უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ჩვენ საზღვაო ქვეყანა ვართ. საქართველოს საზღვაო აკვატორიის ფართობი ათეულ ათასობით კვადრატული კილომეტრია, ხოლო შავი ზღვა არ მიეკუთვნება იმ ზღვათა რიცხვს, სადაც დამანგრეველი ქარიშხლები და ცუნამები იცის, რაც პრაქტიკულად შეუზღუდავი მოცულობით ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობას გვაძლევს, ელექტროენერგიის, რომლითაც მთლიანად შეგვიძლია დავიკმაყოფილოთ ენერგიაზე მზარდი მოთხოვნილება და შემდგომში ეს ენერგია დიდი რაოდენობით ექსპორტზეც გავიტანოთ. 684 1-ს მოსწონს |
ეს მოწყობილობა ზღვის ტალღებს კი არ გარდაქმნის ელექტროენერგიად, არამედ ზღვის ტალღების ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად.