მსოფლიო
სილვიო ბერლუსკონი ამბობს, ვლადიმერ პუტინს ,,შეურიგდა "- და განაცხადა, რომ მას მშვიდობისმოყვარე ადამიანად თვლის
2022, 20 ოქტომბერი, 15:30
იტალიის ყოფილმა პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მან აღადგინა ურთიერთობები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ამის შესახებ ბერლუსკონიმ მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება La Presse.
იტალიის ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ პუტინმა მას დაბადების დღე მიულოცა.
“პუტინმა გამომიგზავნა 20 ბოთლი არაყი და ძალიან ლამაზი დაბადების დღის წერილი. მე ვუპასუხე ლამბრუსკოს ბოთლებით და ისეთივე ტკბილი წერილით. მე მას მშვიდობისმოყვარე და საღად მოაზროვნე ადამიანად ვთვლი."
ამასთან, მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო პარტიის „წინ იტალიის“ პრესსამსახურმა, რომელსაც ბერლუსკონი ხელმძღვანელობდა.
პუტინსა და ბერლუსკონის ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე გაუარესდა. მიმდინარე წლის აპრილში ბერლუსკონიმ თქვა, რომ "ღრმად იმედგაცრუებული და განაწყენებული იყო პუტინის საქციელით", "რომელმაც აიღო ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა მსოფლიოს წინაშე". მან დასძინა, რომ პუტინს 20 წელია იცნობს და მანამდე მას ყოველთვის „დემოკრატიისა და მშვიდობის ადამიანად“ თვლიდა.
თავის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას ბერლუსკონიმ ასევე თქვა, რომ თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, ეს გამოიწვევს ბირთვულ ომს.
“ძალიან ხშირად გვესმის საუბარი ბირთვული ბომბების გამოყენებაზე. ღმერთმა დაგვიფაროს ამ საფრთხისგან. უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაც კი მოითხოვა. ნატოში რომ გაწევრიანდეს, ომი მსოფლიო გახდება."
სილვიო ბერლუსკონი ოთხჯერ იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი: მისი პირველი ვადა 1994 წელს დაიწყო და ბოლო 2011 წელს დასრულდა. ბერლუსკონი ევროპარლამენტის წევრია 2018 წლიდან. ის ასევე ფლობს მსხვილ იტალიურ მედიაკორპორაციას Mediaset S.p.A. 2012 წელს ბერლუსკონი ფინანსურ თაღლითობაში დაადანაშაულეს, რაზეც პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 2013 წელს იგი გაამართლეს.