x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მეცნიერებმა 2,7 მეტრის სიგრძის ათასფეხა მწერი აღმოაჩინეს, რომელიც 300 მილიონი წლის წინ ბინადრობდა
დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა მთელ მსოფლიოში უდიდესი ართროპოდის, ართროპლეურას ეგზოსკელეტი (გარეთა ჩონჩხი) აღმოაჩინეს.


ეს მწერები, რომლებიც თანამედროვე ათასფეხების უშუალო ნათესავები არიან, ისეთივე უზარმაზარები იყვნენ, როგორც ვეებერთელა ავტომანქანა და დედამიწაზე 359-299 მილიონი წლის წინათ სახლობდნენ.


მეცნიერებმა აქამდეც იცოდნენ, რომ ათასფეხები დიდ ზომებს აღწევდნენ, მაგრამ 2, 7 მეტრის სიგრძის ათასფეხას აღმოჩენა მათთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო.


ათასფეხა



აღმოჩენა 2018 წელს ანუ სულ რაღაც ოთხიოდე წლის წინ მოხდა ამ სტატიის დაწერამდე, რაც პალეონტოლოგიისთვის დიდი დრო არ არის. პალეონტოლოგიაში მსგავსი მნიშვნელობის აღმოჩენები არც ისე ხშირად ხდება. ეგზოსკელეტს მკვლევარებმა ქვიშაქვის დამსხვრეულ ბლოკში მიაგნეს, ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნორთუმბერლენდის მხარეში.


აღმოჩენილი გარეგანი ჩონჩხის ნაწილი სიგრძეში 75 სანტიმეტრია, ხოლო სიგანეში - 55 სამტიმეტრი. მეცნიერების აზრით მწერი, რომელსაც ის ემოსა, 2, 7 მეტრი იყო სიგრძით და 50 კილოგრამს იწონიდა. ქვანახშირის პერიოდში ეს მწერი უდიდესი ცხოველი იყო მთელ ხმელეთზე.


აღნიშნული ჩონჩხის აღმოჩენა ბედნიერ შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ, რადგან ადგილი, სადაც ის იპოვეს, ნამარხი ნაშთებით არ არის განთქმული. გარდა ამისა, ჩონჩხი მალე განიცდის დაშლას ან ქვა, სადაც ის ინახება - იმსხვრევა. აქ ჩონჩხიც კარგადაა შემონახული და ქვაც ზუსტად იქ გადატყდა, სადაც უნდა გადატეხილიყო. როგორც ჩანს, როცა მწერმა კანი გაიხადა, ის მაშინვე ქვიშით გაივსო.


ათასფეხა


ეგზოსკელეტი უძველესი მდინარის გაქვავებული არხის ზედაპირზეა მოქცეული, სადაც ის ჩავარდა, სილით აივსო და დროთა განმავლობაში ქვად გადაიქცა.


მეცნიერებმა არ იციან, თუ რას მიირთმევდა გიგანტური ათასფეხა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის ვეგეტარიანელი იყო და მცენარეების ფოთლებით, ყლორტებით და კაკლით იკვებებოდა. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ხანდახან პატარ-პატარა უხერხემლო ცხოველებსაც გეახლებოდათ.


ქვანახშირის პერიოდში თანამედროვე დიდ ბრიტანეთში ჰაერი სავსე იყო ჟანგბადით. ჟანგბადის დონე სულ მცირე 30%-ს შეადგენდა. გარდა ამისა, მილიონობით წლის მანძილზე არ არსებობდნენ მტაცებელი ცხოველები. ყველგან უხვად იყო ნოყიერი საკვები და წყალი. სწორედ ამიტომ შეძლეს ამ მწერებმა ასეთ გასაოცარ ზომებამდე მიღწევა.


თუმცა, მარადიული არაფერია და ოდესმე სამოთხისებური ცხოვრებაც მთავრდება. ამიტომ ართროპლეურა წარმოშობიდან 45 მილიონი წლის შემდეგ ერთიანად გადაშენდა.


გამოხდა ხანი, დედამიწის ეკვატორმა ადგილი იცვალა და ადრეულ პერმულ პერიოდში (299-დან 252 მილიონ წლებამდე) დღევანდელი მდებარეობა მიიღო. ეკვატორის ადგილის ცვლილებამ შესაძლებლობა მისცა ადრეულ რეპტილიებს, წყლიდან ხმელეთზე ამოსულიყვნენ და ბედი იქ ეძებათ. ართროპლეურას კი არაფერი გააჩნდა, რითაც ის ადრეულ რეპტილიებთან მკაცრ კონკურენციაში გადარჩენას შეძლებდა. მას არ ჰქონდა არც მძლავრი ყბები, არც კლანჭები და არც შხამი. ამიტომ რეპტილიებმა ეს მწერი თანდათან პირწმინდად მოსპეს.


ათასფეხა

0
568
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0